ახალი ამბები

NGO-ები ფარული მოსმენების კანონის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ

1 დეკემბერი, 2014 • • 1026
NGO-ები ფარული მოსმენების კანონის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ

ამის შესახებ განცხადება რუსთავი 2-თან საუბარში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა გააკეთა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, მიღებული კანონების რომელი მუხლები გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში.


საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ გვითხრა, რომ გასაჩივრების იდეა კამპანიის მონაწილეებს შორის ნამდვილად არსებობს, თუმცა, მისი თქმით, იმისათვის, რომ სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგია ჩამოყალიბდეს, იურისტები უნდა შეიკრიბონ და ერთად იმუშაონ.


გოცირიძის თქმით, ლაპარაკია იმ მუხლების გასაჩივრებაზე, რომელიც პირადი ცხოვრების დაცვას ეხება კონსტიტუციაში და შსს-ს მიერ ე.წ. გასაღების ფლობა სწორედ ამ მიმართულებით შესაძლოა გასაჩივრდეს. საუბარია ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტების არაკონსტიტუციურობაზე დავაზე კონსტიტუციის მე-16, მე-20 და 41-ე მუხლებთან მიმართებაში.


“ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას”, – ნათქვამია კონსტიტუციის მე-20 მუხლში.


“საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.


ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად”, – აღნიშნულია კონსტიტუციის 41- მუხლში.


“ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება”, – ნათქვამია – მე-16 მუხლში.


ეს შენ გეხება
ეს შენ გეხება

მასალების გადაბეჭდვის წესი