ახალი ამბები

მსოფლიოში აივ ინფიცირებულთა რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა

1 დეკემბერი, 2014 • • 1117
მსოფლიოში აივ ინფიცირებულთა რიცხვმა  35 მილიონს გადააჭარბა

HIV/AIDS  © EPA
HIV/AIDS © EPA



1 დეკემბერი, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ოფიციალურად 1988 წელს გამოცხადდა, დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოების აუცილებლობის შესახებ. 

 

მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით 2014 წელს დაიწყო გაეროს შიდსის პროგრამისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი კამპანია: „90 – 90 -90„ . კამპანია მიზნად ისახავს  შიდსის ეპიდემიის შეჩერებას მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობის ამბიციური ფართომასშტაბიანი პროგრამის საშუალებით. 2014 წლის ბოლოსთვის აღნიშნულ მკურნალობას მსოფლიოში მხოლოდ 13.6 მილიონი ადამიანი ღებულობს. 

 

გაეროს შიდსის პროგრამამ დაიწყო ახალი კამპანია (Closing the Gap), რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის შემცირებას. დაგეგმილია სხვადასხვა მომსახურებით მოცვის გაზრდა, კერძოდ: აივ ნებაყოფლობითი ტესტირების გაზრდა იმ 19 მილიონი აივ ინფიცირებულის გამოსავლენად, რომლებმაც არ იციან საკუთარი აივ დადებითი სტატუსის შესახებ და ვერ იღებენ შესაბამის დახმარებას;  მკურნალობის პროგრამით მოცვის გაფართოება, რათა მსოფლიო მასშტაბით 35 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მკურნალობა; მსოფლიოში მკურნალობის პროგრამით აივ ინფიცირებული ბავშვების მოცვის გაზრდა არსებული 24%-დან 100%-მდე; ყველა ადამიანის ჩართულობის უზრუნველყოფა შიდსის საწინააღდეგო კამპანიაში. 

 

სპეციალისტები მიიჩევენ, რომ თუ მსოფლიო საზოგადოება შეძლებს აღნიშნული ღონისძიებების წარმატებით გატარებას, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის ჩვენ შევძლებთ შიდსის ეპიდემიის სრულად დამარცხებას.

 

საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ, თუმცა დონორი ორგანიზაციის მოთხოვნით, 2015 წლიდან ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს ამ მიმართულებით სახელმწიფოს შიდა რესურსების ხარჯვა.

 

ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლიდან სახელმწიფომ უკვე თავის თავზე აიღო აივ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვის ვალდებულება, რაც დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენას გულისხმობს.

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2016-2017 წლებში სახელმწიფოს უფრო მნიშვნელოვანი თანხების მობილიზება დასჭირდება, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება კიდევ უფრო შემცირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი