ახალი ამბები

რუსთავი 2: ბოდიშს ვიხდით, თუ უნებურად მოხდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური გრძნობების შებღალვა

27 ნოემბერი, 2014 • • 1003
რუსთავი 2: ბოდიშს ვიხდით, თუ უნებურად მოხდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური გრძნობების შებღალვა

“სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ბოდიშს იხდის, თუ მის ეთერში გუშინ გასულ ტელეგადაცემა „ნანუკას შოუში“ უნებურად მოხდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური თემის წევრთა გრძნობების შებღალვა, ან მათი უფლებებისა და თავისუფლებების რაიმე სახით შეზღუდვა. „რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა სრულად ეფუძნება რელიგიურ მრავალფეროვნებას და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პატივისცემას.

 

ტელეგადაცემა „ნანუკას შოუ“ გარე სტუდიის მიერ წარმოებული ტელეპროდუქტია, ჩვენი ტელეკომპანია არ იღებს მონაწილეობას მის შექმნაში და, შესაბამისად, მოკლებულია კონტენტის რეგულირების მექანიზმებს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ეთერში გასული ნებისმიერი გადაცემის შესაბამისობა ჟურნალისტურ სტანდარტებთან „რუსთავი-2″-ის ეთიკის საბჭოს განსჯადია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვმართოს და მისი განცხადება დროულად და ეფექტიანად იქნება განხილული. 

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ასევე მიესალმება გადაცემის წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიციას, რომელმაც თავის განცხადებაში დაადასტურა რელიგიური მრავალფეროვნების და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებისადმი პატივისცემა და საჯაროდ მოიხადა ბოდიში მის გადაცემაში გარკვეული გადაცდომისთვის,”- წერია ტელეკომპანიის განცხადებაში. 


გუშინ, 26 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერით ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა “ნანუკას შოუს” ერთ–ერთმა სტუმარმა იეჰოვას მოწმეების მიმართ დისკრიმინაციულად ისაუბრა. გადაცემის ავტორმა და წამყვანმა იგი არ შეაჩერა და თავადაც გამოყენა დისკრიმინაციული ენა იეჰოვეების მოწმეების მიმართ. აღნიშნულ ფაქტს გუშინვე განცხადებით გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი