ახალი ამბები

ლატვიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო

26 ნოემბერი, 2014 • • 974
ლატვიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო

ბერზინში საქართველოს გუშინ, 25 ნოემბერს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ლატვიის ელჩი საქართველოში და საქართველოს ელჩი ლატვიაში, პრეზიდენტის მრჩევლები და მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

ლატვიის პრეზიდენტი თბილისს ეწვია, 25.11.2014
ლატვიის პრეზიდენტი თბილისს ეწვია, 25.11.2014

ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს დაიწყო. პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია და ამ დროისთვის ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე დაგეგმილია ლატვიის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

ლატვიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის ერთობლივ ბიზნესფორუმში, რომელიც დღეს დილიდან მიმდინარეობს თბილისში. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა სამინისტროებთან.

 

27 ნოემბერს, ლატვიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში აჭარის რეგიონსაც ეწვევიან. ანდრის ბერზინში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. ასევე დაესწრება ლატვიის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიას და ბიზნესფორუმის ფარგლებში – საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება ბათუმისა და იურმალის დამეგობრების შესახებ ხელშეკრულებას.

 

ლატვიის პირველი პირი საზღვაო აკადემიასაც ესტუმრება, სადაც მხარეები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

 

ლატვიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები არიან, საქართველოს 27 ნოემბერს დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი