ახალი ამბები

მაგდა ანიკაშვილი პირველ არხზე ახალ გადაცემაში, სტუმარი – ბიძინა ივანიშვილი

25 ნოემბერი, 2014 • • 2897
მაგდა ანიკაშვილი პირველ არხზე ახალ გადაცემაში, სტუმარი – ბიძინა ივანიშვილი

“მე ვარ გადაცემის კონსულტანტი. ეთერშიც გამოვჩნდები. ბევრი საინტერესო სტუმარი იქნება, მეც მათთან ერთად ვსაუბრობ, მაგრამ არა როგორც ავტორი და მთავარი წამყვანი”, – ამბობს ანიკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში და დასძენს, რომ მთავარი წამყვანი და გადაცემის ავტორი ოლიკო ბაბლუანია.

“მე ჩამოვედი პარიზიდან, რომ გავაკეთო ეს გადაცემა და ეს არის ჩემი კომპანიის ერთ-ერთი პროექტი, ამიტომ მე ჯერ ამაზე ვერ ვისაუბრებ, როდესაც გადაცემა ეთერში გავა და ჩვენ თვითონ დავიწყებთ მის გაშუქებას, თქვენთან საუბარიც შემეძლება. დამიჯერეთ, მერეც ძალიან ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ოლიკო ბაბლუანმა.

 

მაგდა ანიკაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, დღეს ამბობს, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ არის. მისი თქმით, “ქრისტიან-დემორკატიული მოძრაობა”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თვითონ იყო, დღეს აღარც იურიდიულად და აღარც ფაქტობრივად არსებობს. კითხვას, რამდენად გამართლებულია პოლიტიკიდან მედიაში დაბრუნება, ასე პასუხობს:

“ვისთვის არის გამართლებული… ჩემთვის საინტერესოა”.

 

რაც შეეხება მეორე კითხვას, ყოფილი პოლიტიკოსების მედიაში გადანაცვლება თვითონ ჟურნალისტიკის იმიჯზე და სანდოობაზე ხომ არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას, ანიკაშვილი პასუხობს:

“მე პროფესიით პოლიტიკოსი არ ვარ, პროფესიით ჟურნალისტი ვარ… რამ უნდა მოახდინოს ნეგატიური გავლენა, ჟურნალისტის მედიაში მუშაობამ?” – ამბობს იგი და დასძენს, რომ თავისი პოლიტიკური წარსული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს არ შეუშლის:

“ხელს ნამდვილად არ შემიშლის. პირიქით, მე ვფიქორბ, რომ იმ წლებში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ასე რომ, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ძალიან სასარგებლო პერიოდი იყო. მე ვფიქრობ, რომ პირიქით მომეხმარება”.

 

 

მშვიდობით იარაღოს ჩაწერა/ფოტო მაგდა ანიკაშვილის ფეისბუკ-გვერდიდან - 23 ნოემბერი, 2014
მშვიდობით იარაღოს ჩაწერა/ფოტო მაგდა ანიკაშვილის ფეისბუკ-გვერდიდან – 23 ნოემბერი, 2014

23 ნოემბერს მაგდა ანიკაშვილმა ფეისბუკზე გადაცემის ჩაწერის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა (საჯარო სტატუსით – Public), რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ “მშვიდობით იარაღოს” ერთ-ერთი პირველი სტუმარი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილია. კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქრისტიან-დემოკრატებს ცრუ ოპოზიციას ეძახდა, ხოლო პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე მოღალატის ეტალონსაც შეადარა, რის გამოც ეს უკანასკნელი მისთვის სასამართლოში ჩივილსაც აპირებდა. არც ბიძინა ივანიშვილთან მიუკერძოებელი ინტერვიუს აღებაში შეუშლის ხელს მისი პოლიტიკური ბექგრაუნდი? – მაგდა ანიკაშვილის პასუხობს:

“მე მგონი, ჯობია მაყურებელმა ნახოს ჯერ, წინასწარ ვერ გავაკეთებ კომენტარს. პირიქით, ნებისმიერი გამოცდილება ჟურნალისტისთვის არის სასარგებლო ყველა სფეროში, პოლიტიკაში თუ არა პოლიტიკაში და ამდიდრებს ადამიანს. მე ვფიქრობ, ბევრი ჟურნალისტი ისურვებდა ასეთ გამოცდილებას. მე არავისთან მსგავსი  პიროვნული კონფლიქტი არ მქონია”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ თარგამაძისა და ივანიშვილის საქმე მისი გასარჩევი არ არის:

 

“ჩემი გასარჩევი არ არის. ვისაც ეხება, იმას მიმართეთ”.

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” პრესასთან ურთიერთობის სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ პირველი გადაცემა 14 დეკემბერს გავა. როგორც მაუწყებელში აღნიშნავენ, ეს ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაა, რომელიც მან განსახილველად ტელევიზიაში მიიტანა და რომელმაც არხის მოწონება დაიმსახურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი