ეკონომიკა

ჯაფარიძე: ლარის გაუფასურება ყველაზე მეტად პენსიონერებს დააზარალებს

25 ნოემბერი, 2014 • • 1330
ჯაფარიძე: ლარის გაუფასურება ყველაზე მეტად პენსიონერებს დააზარალებს

ამ საკითხზე ზურაბ ჯაფარიძემ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამარათა: 

“ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში შეადგინა 1.82; ამის მიზეზია მთავრობის არასწორი პოლიტიკა. პრობლემებია უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოსვლის პრაქტიკულად ყველა წყაროსთან მიმართებაში. ბოლო სამი თვეა (აგვისტო-ოქტომბერი) სახეზეა ექსპორტის კლება, ასევე სახეზეა კლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ, პრობლემებია ფულადი გზავნილების მიღების თვასაზრისითაც – წმინდა ფულადი გზავნილების მოცულობა პრაქტიკულად არ იზრდება” –განაცხადა ჯაფარიძემ. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის შეფასებით, მთავრობა ვერ ითვისებს გრძელვადიან საინვესტიციო შეღავათიან კრედიტებს და ასევე ვერ ითვისებს ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს:


პრობლემებია სახელმწიფო ხაზინიდან ხარჯების გაწევასთან მიმართებაშიც – წლის ბოლოს მთავრობას ისევ უწევს ხაზინიდან დიდი მოცულობით თანხების გამოშვება, როგორც შარშან, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე. ლარის გაუფასურება პირველ რიგში ზიანს აყენებს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს ფიქსირებული შემოსავალი ლარში, რადგან შემცირდა ამ მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა. ეს, ცხადია, განსაკუთრებით მძიმედ აისახება პენსიონრებზე. ასევე დაზარალდნენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც აქვთ საბანკო სესხი გამოტანილი უცხოურ ვალუტაში, რადგან მათ მოუწევთ გათვალისწინებულზე მეტი თანხის გადახდა ლარში ყოველთვიურად. სავარაუდოდ გაძვირდება იმპორტი, რაც აისახება სურსათის და მედიკამენტების ფასზე”.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ნოემბერს ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარი 1 ლარი და 82 თეთრი ღირს, ხოლო ერთი ევრო- 2 ლარი და 25 თეთრი.


25 ნოემბრის მონაცემებით, სავალტო ჯიხურებში 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 1,84–1,85 ნიშნულზე დაფიქსირდა. ეროვნულმა ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო.  


მასალების გადაბეჭდვის წესი