ეკონომიკა

რა პროდუქციის წარმოება დაიწყება საქართველოში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში

24 ნოემბერი, 2014 • • 2781
რა პროდუქციის წარმოება დაიწყება საქართველოში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში

პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” – ფარგლებში კომპანია “ჯეოკეპი” ორკომპონენტიანი საცობების წარმოებას აპირებს, რასაც კომპანიის მფლობელის ვარაუდით, საქართველოში “ნაბეღლავისა” და “ბორჯომის” საწარმოები იყიდიან, რადგან, როგორც მეწარმე ამბობს, ეს პროდუქცია საქართველოში ამ დრომდე არ იწარმოება.

 

“ორკომპონენტიანი საცობები 90%-ის იმპორტი თურქეთიდან ხდება, ხოლო 10% უკრაინასა და რუსეთზე მოდის”, – ამბობს ენრიკო მოსულიშვილი, კომპანია “ჯეოკეპის”  დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მეწარმის თქმით, მის მიერ წარმოებულ პროდუქციას იმპორტირებულზე იაფად გაყიდის საქართველოში და ამიტომ რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნება.

 

საწარმოს ასაშენებლად “ჯეოკეპს” მთავრობამ ორხევში მოძველებული ინფრასტრუქტურა გადასცა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, ხოლო 2 მილიონი აშშ დოლარი “პროკრედიტ ბანკმა” გამოუყო 10-წლიანი სესხის სახით, რომელიც მისი ქონებითაა უზრუნველყოფილი.

 

“ბანკში მთელი ქონება ჩავდე, თუმცა სესხს აქვს შეღავათიანი პერიოდი – 24 თვე, როცა სახელმწიფო 12%–იანი სესხის 11%–ს დაფარავს. იმედი მაქვს, ორი წლის შემდეგ საწარმო გამართულად იმუშავებს და სესხს უპრობლემოდ გადავიხდით,” – ამბობს ენრიკო მოსულიშვილი.

 

პროექტის მიხედვით, კომპანია “ჯეოკეპის” საწარმო ორხევში 2015 წლის მესამე კვარტალში უნდა გაიხსნას.

 

იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის იმედი აქვს კომპანია “ჰემოლაინსაც”, რომელიც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, თბილისში სისხლის ბანკის და პლაზმის ცენტრის შექმნას აპირებს.

 

“საქართველოში 8 მილიონი ლარის ღირებულების პლაზმის პროდუქტების იმპორტი ხდება. 5 მლნ ლარის პროდუქტს სახელმწიფო ყიდულობს ჰემოფილიით დაავადებული ადამინებისთვის. დანარჩენი კერძო კომპანიებს შერმოაქვთ და წარმატებით იყიდება. “ჰემოლაინში” დამზადებული პროდუქციით, პირველ რიგში, საქართველოს ბაზარს  მოვამარაგებთ ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული პლაზმის პროდუქტებით, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის და შედარებით უფრო იაფი იმასთან შედარებით, რაც დღეს შემოდის,” – ამბობს თემურ აზიკური, “ჰემოლაინის” დამფუძნებელი.

 

“ჰემოლაინი” შპს “ექსპრესდიაგნოსტიკის”  ბაზაზე უკვე მომავლი წლის თებერვლიდან აპირებს სისხლის ბანკის და პლაზმის ცენტრის გახსნას. ამისთვის კომპანიამ “საქართველოს ბანკისგან” მიიღო კრედიტი 850 ათასი აშშ დოლარის ოდენობით.

 

“850 ათასი აშშ დოლარი “საქართველოს ბანკიდან” 5 წლით, წლიური 12%–ით ვისესხეთ. 24 თვეში სახელმწიფო ფარავს სესხის განაკვეთის 10%-ს. ჩვენ ვიხდით  მხოლოდ 2%–ს.  უკვე ვყიდულობთ აპარატურას. 2015 წლის თებერვალში საბოლოოდ მოხდება მისი ინსტალაცია და გაშვება. შემდეგ  დაიწყება დონორების მიღება“, – ამბობს თემურ აზიკური.

 

კომპანია “გრინენერჯის”  ხელმძღვანელი გიორგი მჭედლიშვილი ამბობს, რომ პროდუქციას, რომელსაც მისი საწარმო გამოუშვებს, საქართველოში ალტერნატივა არ აქვს და ამის გამო იმედოვნებს, რომ რეალიზაციის პრობლემა არ ექნება:

 

“უნდა ვაწარმოოთ ხის გრანულები და ბრიკეტები. ეს არის ალტერნატიული საწვავი იმისთვის, რომ შეშა ჩავანაცვლოთ. პროდუქტის დასამზადებლად ნედლეული ჩვენ უნდა მოვიპოვოთ”.

 

ხე–ტყის ალტერნატიული საწვავი აგრონარჩენებისაგან მზადდება და ამისთვის გამოიყენება ნამჯა, ნახვავები და ტყის ნაყარი.

 

“ძირითადად, პროდუქციას მივაწვდით თონეებს, კომერციულ ობიექტებს. მარკეტინგული კვლევა გავაკეთეთ და არის მოთხოვნა ალტერნატიულ საწვავზე, რადგან ხე–ტყის ფასი მაღალია. საწყის ეტაპზე მომსახურებას გავუწევთ ფერმერებს, რომ ნამჯა არ დაწვან, რადგან ეს ნიადადგს აზიანებს და ნაკვეთებს სპეცტექნიკით გავუსუფთავებთ. კომპანიაში დაახლოებით 10 კაცი იქნება დასაქმებული. ხელშეკრულებით ავიყვანთ ადამიანებს, რომლებიც  

სპეცტექნიკას მოემსახურებიან,” – ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.

 

ხის გრანულების ტექნოლოგიური საწარმოს გახსნას “გრინენერჯი” 2015 წლის თებერვალში სოფელ მანავში აპირებს. პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, “გრინენერჯის” 160 ათასი აშშ დოლარის სესხი “თიბისი ბანკმა” გამოუყო. სესხი ქონებით უზრუნველყო კომპანიამ, ხოლო საპროცენტო განაკვეთი წელიწადში 13%-ია, თუმცა აქედან 10%-ს პირველი ორი წლის მანძილზე სახელმწიფო დაფარავს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი უკვე თავად მოუწევს კრედიტის სრულად გადახდა.

 

ჰიგიენური მასალის წარმოებას აპირებს კომპანია “ტისიუპეიპერი”, რომლის დამფუძნებელი შოთა ჯაფარიძე არ საუბრობს დეტალებზე, თუ კონკრეტულად რა სახის ჰიგიენურ მასალებს გამოუშვეს, რამდენ ადამიანს დაასაქმებს და სად მოახდენს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას აღნიშნული კომპანია. პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” – ფარგლებში “ტისიუპეიპერმა” “ქართუ ბანკისგან” 2 მილიონი აშშ დოლარი მიიღო 10-წლიანი კრედიტის სახით  და 12-თვიანი საშეღავათო პერიოდით სესხის ძირზე.

 

“ასევე, საქართველოს მთავრობა დააფინანსებს პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის 10%-ს და კომპანიას ამ პერიოდში მოუწევს მხოლოდ 1%-ის გადახდა, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია დამწყები კომპანიისათვის,” – ამბობს შოთა ჯაფარიძე.

 

სესხი კომპანიამ ქონებით უზრუნველყო. კომპანიის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, თუ როდის უნდა გაიხსნას საწარმო.

 

სამთავრობო პროგრამა – “აწარმოე საქართველოში” 2014 წლის 1 ივნისიდან დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარი იყო და დამწყები საწარმოების, ე.წ. სტარტ აფების ამუშავებისთვის იყო გამიზნული. 2014 წლის 1 ნოემბრიდან პროექტს “ლიზინგის კომპონენტი” დაემატა, რომლის  ბიუჯეტიც  20 მილნ ლარია.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში უკვე დამტკიცებული პროექტები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: თბილისი – 17; კახეთი – 2; იმერეთი – 2; ქვემო ქართლი – 6; შიდა ქართლი – 5; სამეგრელო – 2; აჭარა- 2; გურია – 1.

მასალების გადაბეჭდვის წესი