ახალი ამბები

წულუკიანი: საქართველოს მთავრობა არ შეეგუება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას

24 ნოემბერი, 2014 • 1659
წულუკიანი: საქართველოს მთავრობა არ შეეგუება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას

“პუტინის მთავრობა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ და ის ხელშეკრულება, რისი ხელმოწერაც არის, როგორც ჩანს, უკვე დაგეგმილი აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობიდან, არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი. ქართველი ხალხი არასოდეს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, არ შეეგუება ამას,”– განაცხადა 24 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

გამოცემა აპსნიპრესის ცნობით, 24 ნოემბერს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას ხელს პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა მოაწერენ. აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმების დოკუმენტი თითქმის ყველა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.

 

თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგა:

 

“როგორც ნახეთ, მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადავდგით, იქნებოდა ეს საჯარო თუ კულუარული, იმისათვის, რომ ცივილიზებულმა სამყარომ, დასავლეთმა, ჩვენმა პარტნიორებმა ქმედითი ღონისძიებებს მიმართონ იმისთვის, რომ როგორმე რუსეთის ეს აგრესიული პოლიტიკა შეჩერდეს, რადგან სახეზეა უკრაინის მაგალითი. და არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც რუსეთმა ეს აგრესიული პოლიტიკა სხვა ქვეყნებშიც გააგრძელოს,”– განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

 

მისივე თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოს ძლიერი და გონიერი მთავრობა ჰყავს, რომელიც არ შეეგუება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას:

 

“წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოს დღეს ჰყავს ძლიერი სახელმწიფო, საქართველოს დღეს ჰყავს ძლიერი და ამავე დროს გონიერი მთავრობა, რომელიც არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მაგარამ არაფერს არ გააკეთებს გაუფრთხილებლობით, ისე, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი და ქართველი ხალხი ან თითოეული ინდივიდი საქართველოში დაზიანდეს. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ ამას ნაბიჯ–ნაბიჯ მივყვებით. თქვენ ნახეთ, რომ 2 წლის განმავლობაში იმ უკომპრომისო, მაგრამ გონივრული პოლიტიკის წყალობით ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობაა, ჩვენი ქვეყანა ვითარდება და ამავე დროს, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს და ჩვენ ერთ დღეს გავაერთიანოთ ქვეყანა და დავიბრუნოთ ის ხალხი და ტერიტორიები, რომელიც დღეს ძალით შექმნილი საზღვრებს იქით არიან და მათი უფლებები ირღვევა,”– განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი/ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური
თეა წულუკიანი/ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი