ხელოვნება

დარდენების, ჯეილანის, რეიგადასის და სხვათა ფილმები თბილისის კინოფესტივალის პროგრამაში

19 ნოემბერი, 2014 • • 1646
დარდენების, ჯეილანის, რეიგადასის და სხვათა ფილმები თბილისის კინოფესტივალის პროგრამაში

ფესტივალი შვიდი დღის განმავლობაში გაიმართება. ჟიურის თავმჯდომარე  მარკო მიულერი იქნება, რომელიც რომისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, კინოკრიტიკოსი და პროდიუსერია. იგი საერთაშორისო ჟიურის მუშაობას წარუძღვება. ჟიურის წევრები კი წელს იქნებიან: რეზა მირკარიმი (ფესტივალი აჩვენებს მის ფილმს „დღეს“) – რეჟისორი, ირანული ახალი ტალღის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პიტერ ვებერი – ბრიტანელი რეჟისორი (ნაჩვენები იქნება მისი „გოგონა მარგალიტის საყურით“), სევერია იანუშაუსკაიტე – ლიტველი მსახიობი (მისი მონაწილეობით პროგრამაშია რუსული ფილმი „ვარსკვლავი), ნანა ექვთიმიშვილი –  ქართული ფილმის „გრძელი ნათელი დღეები” რეჟისორი.

 

წელს პირველად საერთაშორისო კონკურსში ორი ქართული ფილმი მონაწილეობს, ესენია სალომე ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“ და საკონკურსო პროგრამაში ყველაზე ახალგაზდა რეჟისორის, ლაშა ცქვიტინიძის დებიუტი „მე ვარ ბესო“

 

“აღსანიშნავია ასევე ქართული წარმოშობის ფრანგი რეჟისორის, მარი ამაშუკელის ფილმი „Party Girl,“  რომელიც წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს კამერით დაჯილდოვდა. კონკურსის მონაწილეა 2014 წლის კანის კრიტიკის კვირეულის გრანპრის მფლობელიც, უკრაინული დებიუტი „ტომი“. საერთაშორისო კონკურსი მონაწილეობს ევროპელი რეჟისორების ფილმები ბელგიიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ლატვიიდან და ბულგარეთიდან”,-ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სექციაში ევროპული კინოს ფორუმი ნაჩვენები იქნება ნური ბილგე ჯეილანის „ზამთრის ძილს“, რომელსაც ფილმის პროდუსერი წარადგენს.

ასევევ ჩამონათვალშია კანის გრანპრის მფლობელი ალიჩე რორვახერის ფილმი „სასწაულები“ და ფრანგი რეჟისორის ჟან-ლიუკ გოდარის 3D სურათი „მშვიდობით, ენავ!“, ფრანსუა ოზონის ბოლო ნამუშევარი „ახალი მეგობარი ქალი“.

სექცია ევროპული კინოს ფორუმის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება იტალიელი რეჟისორის, ბერტრან ბონელოს „სენ ლორანი“, კორნელ მუნდრუჩოს „თეთრი ღმერთი“  და ახლახან გარდაცვლილი მსახიობის, ფილიპ სეიმურ ჰოფმანის ბოლო ნამუშავარი ანტონ კორბაინის “ძებნილი”. ნაჩვენები იქნება ანჯეი ვაიდას ახალი სურათი „ვალენსა. იმედის კაცი“, ოლივიე ასაიასის „სილს მარიას ღრუბლები“- ჟულიეტ ბინოშისა და ამერიკელი კრისტენ სტიუარტის ერთობლივი ნამუშევარი.

ფესტივალის სტუმარი იქნება ესპანელი  რეჟისორი ლუის მინიარო, რომელიც წარადგენს ფილმს „მოწყვეტილი ვარსკვლავი“. ევროპულ ფორუმშია ასევე პაოლო ვირცის „ადამიანის ფასი“ და ახალგაზრდა შვედი რეჟისორის, ლუკას მუდისონის „ჩვენ საუკეთესონი ვართ“, თბილისს ცნობილი პორტუგალიერი რეჟისორი ვიტორ გონსალვესი ესტუმრება და სხვა მოწვეული სტუმრების მსგავსად მისი „უხილავი ცხოვრების“  ჩვენების შემდეგ კითხვა-პასუხის სესიას გაუძღვება.

 

სექცია „ჰორიზონტების” ფარგლებში ნაჩვენები იქნება კანის ფესტივალის ორგზის პრიზიორი, ფრანგულ-მავრიტანულ ფილმი „ტიმბუქტუ“  ბერლინალეს ოქროს დათვით დაჯილდოვებული, ჩინელი იინან დიაოს დეტექტივი „ქვანახშირი, თხელი ყინული.“  ფესტივალის ფარგლებში თბილისს ირანელი რეზა დორმიშიანი ეწვევა და დამოუკიდებელ სურათს წარადგენს, სახელწოდებით „არ ვბრაზობ!“.  ნაჩვენები იქნება ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორის, ბრედლი კინგის „დროის მონაკვეთი“, ცამეტი საფესტივალო პრიზის მფლობელი ცნობილი ტაივანელი რეჟისორის, ცაი მინ-ლიანის „მოხეტიალე ძაღლები“. ფესტივალს ასევე ესტუმრება ბრაზილიელი პროდიუსერი ფერნანდა დე კაპუა, რომელიც ფელიპე ბარბოსას ნამუშევრით „დიდი სახლი“ თანამედროვე ბრაზილიაში კლასობრივ ანტაგონიზმზე მოგვიყვება.

 

სექციაში „დოკუმენტური მსოფლიო“ ნაჩვენები იქნება ჟული ბერტუჩელი („ბაბილონის სკოლა“) და ოსკაროსზე ნომინირებული ჯოშუა ოპენჰაიმერი („სიჩუმის სახე“). ორგანიზატორების განცხადებით, სექცია მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხება. ნაჩვენები იქნება ფილმი „ვადა“, რომელიც რუსულ პოლიტიკურ ოპოზიციას ეძღვნება. უკრაინელი ალექს შირიაევი წარადგენს ფილმს „გაზი როგორც იარაღი“, ხოლო ირანელი ძმების არმან და არაში რიაჰების ფილმი „ყოველდღიური ამბოხი“ მსოფლიოში არსებულ მშვიდობიან წინააღმდეგობებსა და პროტესტს ასახავს.

 

 2014 წლის ფესტივალის თემა ქალაქდაგეგმარება, ურბანიზაცია და მის პირობებში გაჩენილი ეკოლოგიური პრობლემები იქნება, რასაც სპეციალური სექცია  „მწვანე ფერი“ მიეძღვნება.

 

“სექცია შეეცდება გვაჩვენოს ადამიანისა და ბუნების კავშირის აუცილებლობა, აამაღლოს ეკოცნობიერება და  აღწეროს ადამიანების ცხოვრება ურბანულ სივრცესა თუ ბუნებასთან ურთიერთობაში”. მის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 6 ფილმი- კუბელი რეჟისორის, მარჩელა საიდის „მფრინავი თევზის ზაფხული“, რომლის პრემიერაც წელს კანის საერთაშორისო კონკურსზე შედგა;  მექსიკელი კარლოს რეიგადასის  „წყვდიადის შემდეგ სინათლეა“ („Post Tenebras Lux“) , ჯანფრანკო როსსის „წმინდა GRA”- პირველი დოკუმენტური ფილმი, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი აიღო.  კინოთეატრ ამირანის ფოიეში მოეწყობა გამოფენა, რომელიც საბჭოთა პერიოდის თბილისსა და თანამედროვე ქალაქის ეკოლოგიურად პრობლემატურ ზონებს ასახავს.

სექცია „ქვეყანა ფოკუსში“ წელს ბენელუქსს წარმოადგენს. სექცია ბელგიიდან, ლუქსემბურგიიდან და ჰოლანდიიდან ექვს გამორჩეულ და უახლეს ფილმს გააერთიანებს. ნაჩვენები იქნება მულტიმედიური ფილმი „უკანასკნელი გატაცება“,  რომელშიც რეჟისორები ტომი პალოტა და ფემკე ვოლტინგი საინტერესო ფორმას გვთავაზობენ დოკუმენტური ჟანრისა და ანიმაციის შერწყმით. ფესტივალის სტუმარი იქნება ოსკაროსანი ანიმატორი, ალექსანდრე ესპიგარესი, რომელიც ამ სექციაში თავის ახალ ნამუშევარს „ბატონ ჰუბლოტს“ აჩვენებს. სექციის მთავარ ფილმად კი  ძმები დარდენების ახალი ფილმი  „ორი დღე, ერთი ღამე“ იქნება ნაჩვენები.

სექციაში „ქართული პანორამა“  ნაჩვენები იქნება ქართველი რეჟისორების შვიდი სრულმეტრაჟიანი, ხუთი მოკლემეტრაჟიანი და ოთხი დოკუმენტური სურათი, მათ შორისაა ფილმები “სიმინდის კუნძული”, “ჩემი საბნის ნაკეცი” და “პატარძლები”. 

 

ფესტივალი უბერტო პაზოლინის ფილმით „წყნარი ცხოვრება” დაიხურება. რეჟისორი თბილისს ეწვევა და ნამუშევარს თავად წარუდგენს ქართველ მაყურებელს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი