ახალი ამბები

UNFPA:საქართველოში ახალგაზრდების 31% არც მუშაობს და არც სწავლობს

18 ნოემბერი, 2014 • 1266
UNFPA:საქართველოში ახალგაზრდების 31% არც მუშაობს და არც სწავლობს

UNFPA-ს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 1.8 მილიარდი ახალგაზრდა (10–24 წლის) ცხოვრობს. წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოებით 60% არ დადის სკოლაში, არ მუშაობს, ან არასტაბილური სამსახური აქვს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ 18 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე UNFPA-ს ანგარიშის მიმოხილვისას განაცხადა, რომ საქართველოში განათლებაზე დახარჯული თანხები ნაკლებია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით:

“დასავლეთ ევროპასთან შედარებით რეგიონის უმეტეს ქვეყანაში ბევრად ნაკლებია განათლებაზე დახარჯული ხარჯები. მაგალითად, 2012 წელს საქართელოში მთლიანი ეროვნული პროდუქტის 2%–მდე დაიხარჯა, მაგალითად, მაშინ, როცა მოლდოვაში – 7%–მდე,“– განაცხადა ლელა ბაქრაძემ. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩარიცხვის მაღალი მაჩვენებელია, იზრდება განათლების დასრულებამდე სკოლის დატოვების შემთხვევები, განსაკუთრებით სოფლად.

“ახალგაზრდების უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია ჩვენს რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია განათლებული, განათლების სისტემა ვერ პასუხობს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს, რაც ასევე უფრო აღრმავებს უმუშევრობის პრობლემას. ჩვენს რეგიონში ქალების, განსაკუთრებით 15–დან 24 წლამდე ქალების მონაწილეობა შრომით ბაზარზე დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალია,“– განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

ლელა ბაქრაძის თქმით, უმუშევრობა ახალგაზრდებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფში. ყველაზე მაღალი კი 20–დან 24 წლის ასაკობრივ ჯგუფშია. მისი თქმით, საქართველოში ახალგაზრდების 31% არც მუშაობს და არც სწავლობს, არ დადის სასწავლო დაწესებულებებში.

UNFPA-ს ანგარიშის მიხედვით, გენდერული უთანასწორობა ახალგაზრდა ქალებს დაუცველებს ხდის და ართმევს მათ განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის თანასწორ შესაძლებლობებს.

“გენდერულმა ნორმებმა, რომლებიც ბიჭებისგან მოითხოვენ, რომ მოიქცნენ, როგორც “ნამდვილი მამაკაცები”, შეიძლება მათი არაადეკვატური ქცევა გამოიწვიოს,“– ნათქვამია ანგარიშში.

გენდერული თანასწორობაზე მუშაობა იქნება UNFPA-ს ახალი კამპანიის, “ახალგაზრდული ხმის” ერთ–ერთი მთავარი მიზანი, რომლის ფარგლებშიც პირველი ღონისძიება დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა. პროგრამაში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანა იქნება ჩართული და 1 წლის განმავლობაში გაგძელდება. დღესვე მოეწყო ვიდეოკონფერენცია, სადაც ამ ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს მიესალმნენ.

“ამ შემთხვევაში 30 წამი გვქონდა თითოეული ქვეყანას მოცემული, რომ ჩვენი მესიჯი მიგვეწოდებინა და ჩვენი მესიჯი იყო ის, რომ ახალგაზრდებში ინვესტირება არის აუცილებელი, რადგან ჩვენ ვართ მომავლის ლიდერები,“– ამბობს ახალგაზრდა აქტივისტი, UNFPA-ს თანამშრომელი მარიამ სიხარულიძე.

მარიამ სიხარულიძე მიმართავს ვიდეოკონფერენციის მონაწილეებს 18.11.2014
მარიამ სიხარულიძე მიმართავს ვიდეოკონფერენციის მონაწილეებს 18.11.2014

მარიამ სიხარულიძე ამბობს, რომ ამ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობასთან თანამშრომლობასა და ახალგაზრდული პრობლემების წამოწევას აპირებენ. მარიამის თქმით, ახლა სახელმწიფო ახალგაზრდებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე 10–20 წლის წინ.

UNFPA–ს 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდები მოსახლეობის 18%–ს შეადგენენ (0.8 მილიონი), სომხეთში მოსახლეობის 22%–ს (0.6 მილიონი), ხოლო აზერბაიჯანში, 25%–ს (2.3 მილიონი).

მასალების გადაბეჭდვის წესი