ახალი ამბები

პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვიზებზე დროებითი შეღავათიანი რეჟიმი დაუდგინა

14 ნოემბერი, 2014 • • 1007
პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვიზებზე დროებითი შეღავათიანი რეჟიმი დაუდგინა

მიმდინარე წლის მარტში მიღებული კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა უცხოელთა განსაზღვრული კატეგორია (2000-მდე პირი), რომლებიც, ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის დადგენილი პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, დაჯარიმებას და საქართველოდან გაძევებას ექვემდებარებოდნენ.


“აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდამავალ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების შეღავათიანი პირობების დადგენა. გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ მიზანშეწონილია, საქართველოში მყოფმა უცხოელებმა საიმიგრაციო ვიზა უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიიღონ” –აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. 


მოქმედი კანონმდებლობით,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის მისაღებად საქართველოს ტერიტორიის დატოვება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა თუ საკონსულოებისთვის მიმართვა უხდებოდათ, რაც დროსა და ფინანსურ რესურსებს მოითხოვდა და არახელსაყრელ პირობებში აყენებდა საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელებს.

 

2014 წლის 14 ნოემბერს, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად კანონი შემდეგი სახის შეღავათებს აწესებს:

 

საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ამ მიზნით უცხოელმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში მისი კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა. ამდენად, უცხოელს აღარ დასჭირდება თავის ქვეყანაში დაბრუნება შესაბამისი ვიზის მისაღებად. ამ ტიპის ვიზის გაცემისთვის განისაზღვრა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;


საქართველოში მყოფ ცალკეული კატეგორიის უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად. კერძოდ, უცხოელი, რომელზეც ცვლილებების ამოქმედებამდე გაცემული იყო ბინადრობის ნებართვა, ან უცხოელი, რომელიც აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ შემოვიდა საქართველოში, 2015 წლის 1 მარტამდე თავისუფლდება საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან;

 

კანონპროექტით დგინდება დროებითი შეღავათიანი რეჟიმი:  უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2014 წლის 17 მარტამდე და ცვლილების ამოქმედების მომენტისთვის იმყოფება საქართველოში, ენიჭება უფლება, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში მიიღოს საიმიგრაციო ვიზა 2015 წლის 1 მარტამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცხოელს უარი ეთქვა ბინადრობის ნებართვაზე;


ცვლილების თანახმად, სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლებს ემატება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის ფლობა.


“აღნიშნული ცვლილება შექმნის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირთა საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივ საფუძველს და ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებაში” –აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. 

 

ცვლილებაა ტრანზიტული ვიზის გაცემის საკითხში. კანონპროექტით დგინდება გამონაკლისი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სატვირთო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე ტრანზიტული ვიზების გაცემის შემთხვევაზე.


ტრანზიტული ვიზა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჩერდება 10 დღის განმავლობაში, ნაცვლად აქამდე არსებული 5-დღიანი ვადისა.


ვიზა
ვიზა

მასალების გადაბეჭდვის წესი