სამართალი

ყოფილი პოლიციელი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში პოლიციას ადანაშაულებს

13 ნოემბერი, 2014 • • 1616
ყოფილი პოლიციელი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში პოლიციას ადანაშაულებს

დაკავებამდე ის შს სამინისტროში მუშაობდა. ამბობს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა “ჰეროინი” ძალით ჩააყლაპეს.

 

პროკურატურაში განმარტავენ, რომ პატიმრის საჩივარი შეისწავლეს, თუმცა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი არ დადასტურდა, ამიტომაც გამოძიება არ დაწყებულა. პატიმარი, რომელიც ახლა სასჯელს ბათუმის #3 საპყრობილეში იხდის, შიმშილობს. მის საქმეს საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს.

 

ბრალდებისა და სასამართლოს მტკიცებულებები

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამოტანილ განაჩენში წერია, რომ 2013 წლის 20 სექტემბერს, 21:55 საათზე ედნარ ძნელაძე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გამო დააკავეს. მას ასევე ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. ბრალდების მიხედვით, ის ინახავდა 0.215 გრამ “ჰეროინს”, რაც 2013 წლის 20 სექტემბერს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. განაჩენის თანახმად, მხარეებმა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უდაოდ მიიჩნიეს. მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, დაკავებულს სხეულის დათვალიერებისას (ენდოსკოპიური გამოკვლევა) კუჭში აღმოაჩნდა უცხო სხეული, რის გამოც მას კუჭი ამოურეცხეს. კუჭიდან ამოიღეს ლენტით შეკრული პოლიეთილენის ერთი შეფუთვა. ექსპერტიზის დასკვნის (#ქ/324) თანახმად, ედნარ ძნელაძის კუჭიდან ამოღებული დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილი “ჰეროინი” აღმოჩნდა. დაკავების ოქმის მიხედვით, მას სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩენია.

 

 

ბრალდებულისა და ადვოკატის ვერსია

 

„მხარეები მტკიცებულებებს სადაოს არ ხდიან“, – წერია სასამართლო განაჩენში. როგორ ხსნის მოსამართლის ამ წინადადებას დაცვის მხარე? – ადვოკატი ნონა დუმბაძე განმარტავს, რომ საუბარი იყო საპროცესო შეთანხმებაზე, ამიტომაც ედნარ ძნელაძემ ბრალდება აღიარა, თუმცა გარიგება არ შედგა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბრალდებულმა პოლიციელების მხრიდან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი. ბრალდებული ირწმუნება, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა მას პოლიციის შენობაში ყელზე ხელის მოჭერით “ჰეროინი” იძულებით გადააყლაპა, იგი ასახელებს კონკრეტულ სახელსა და გვარს – ვლადიმერ ხ.-ს. მოგვიანებით კი, ასევე იძულებით ბევრი წყლის სმითა და სპეციალური აბების დახმარებით დაკავებულის პირღებინების შედეგად “ჰეროინი” კუჭიდან ამოუღეს.

 

პროკურატურის მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება (საზღვრის კვეთის დრო), რომ ედნარ ძნელაძემ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი გადაკვეთა 2013 წლის 20 სექტემბერს, 03.13 საათზე, ხოლო საქართველოში დაბრუნდა 2013 წლის 20 სექტემბერს 09:24 საათზე, ანუ დილით. დაკავების ოქმში ედნარ ძნელაძის დაკავების დროდ 21:55 საათია მითითებული.

 

ადვოკატ ნონა დუმბაძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2013 წლის 20 სექტემბერს საღამოს 21 საათზე პირადი საქმეების გამო ისევ სარფის საბაჟოზე დაბრუნდა. იგი სამართალდამცავებმა შეაჩერეს 21:55 საათზე და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა; მას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდა. 22:45 საათზე ძნელაძე კრიმინალური პოლიციის შენობაში მოწმის სტატუსით დაკითხეს. ამ დაკითხვის შემდეგ მას გადაადგილების უფლება შეეზღუდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა კისერში ხელი წაუჭირა და უცნობი ნივთიერება იძულებით გადააყლაპა. 00:10 საათზე, ადვოკატის მტკიცებით, მას კუჭიდან ამოუღეს ნარკოტიკული ნივთიერება. ედნარ ძნელაძე 00:36 საათზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. მას პოლიციაში არ მისცეს უფლება დაკავშირებოდა ადვოკატს.

 

ადვოკატი ამბობს, რომ ედნარ ძნელაძის საზღვრის გადაკვეთიდან დაკავებამდე ზუსტად 11 საათი გავიდა. თუ მან “ჰეროინი” გადაყლაპა და საზღვარზე ისე შემოიტანა, მაშინ ეს ნივთიერება წესით ნაწლავებში უნდა ყოფილიყო და არა კუჭში.

 

ედნარ ძნელაძე ციხეში ერთხელ უკვე მოინახულა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ. დეპუტატის ინფორმაციით, დაკავებული პროკურატურას დაკითხვას სთხოვს. მედეა ვასაძე ამბობს, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ამ ფაქტის შესახებ აჭარის პროკურორს, შოთა ტყეშელაშვილს წერილობით აცნობა. დეპუტატს პროკურორისგან პასუხი ჯერ არ მიუღია. მედეა ვასაძე პროკურორისთვის წერილის გაგზავნას ისევ აპირებს. ვასაძე ტყეშელაშვილს მოსთხოვს წერილობით აცნობოს, რა რეაგირება (მოქმედება) ჩაატარეს მისი განცხადების საფუძველზე.

 

ერთი დეტალი

 

„ბათუმელების” ინფორმაციით, ადამიანი, რომელსაც დაკავებული ედნარ ძნელაძე წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს (“ჰეროინის” გადაყლაპვა), შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურიდან 2013 წლის დეკემბერში გაათავისუფლა. მიზეზი: ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც სარფის საზღვარზე ნარკოტიკი გადმოჰქონდა, მან აცნობა, რომ იმ მომენტისთვის საზღვარი არ გადმოეკვეთა, რადგან საბაჟოზე თბილისიდან ჩამოსული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.

 

ამ თემაზე შს სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. უწყებამ პროკურატურაში გადაგვამისამართა.

 

თავად ედნარ ძნელაძე კი აქამდეც იმყოფებოდა პატიმრობაში და 2013 წლის იანვარში ამინისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის ადრე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო იხდიდა სასჯელს. უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი