ახალი ამბები

დავით ნარმანია: დღეიდან ვიწყებთ თბილისში ერთი მილიონი ხის დარგვას

8 ნოემბერი, 2014 • • 1914
დავით ნარმანია: დღეიდან ვიწყებთ თბილისში ერთი მილიონი ხის დარგვას

თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს დიღმის ტყე-პარკში 600-მდე  ფიჭვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის, მათ შორის, კვიპაროსის, კედარის, ფიჭვის და ცაცხვის ხე-მცენარე დაირგო. ტყე-პარკში შემოდგომაზე გასამწვანებელი ტერიტორიის ფართობი 4 ჰექტარს მოიცავს. 

 

„დღეს ისტორიული დღეა. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ თბილისში ერთი მილიონი ხის დარგვას. ეს წინასაარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლითაც ამომრჩეველს რეკრეაციულად უფრო განვითარებულ ქალაქს დავპირდით. შემოდგომაზე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში, ქალაქსა და მის შემოგარენში არსებულ ტყე-პარკებში, სკვერებსა და ბაღებში  20 000-მდე ხე დაირგვება, 7000-ზე მეტი ნარგავით განაშენიანდება თბილისში არსებული ყველა საბავშვო ბაღის ეზო,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, მომდევნო წლის გაზაფხულიდან გამწვანების პროცესი აქტიურ ფაზაში შევა.  

 

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება და დიღმის ტყე-პარკს, რომელსაც სარეკრეაციო ზონის სტატუსი დედაქალაქის წინა მთავრობის დროს მოეხსნა, ეს სტატუსი აღუდგება. „სწორედ ამიტომ,  გამწვანება თბილისის მერიამ  დიღმის ტყე-პარკიდან დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ვერავინ ხეს ვერ მოჭრის და უკანონო მშენებლობას ვერ დაიწყებს,“ – განაცხადა თბილისის მერმა. 

 

ტყე-პარკების მასშტაბური განაშენიანების ფარგლებში, მცენარეები თანმდევი მომსახურებით დაირგვება, რაც მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას და გახარების მაღალ კოეფიციენტს გულისხმობს. ამასთან, კონტრაქტორ კომპანიებს ხელშეკრულებით აღებული აქვთ ვალდებულება, ხმობის შემთხვევაში, ნარგავები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ.

დავით ნარმანია ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობს
დავით ნარმანია ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი