ახალი ამბები

საპატრიარქომ “შეუფერებელი საქციელისთვის” 4 სასულიერო პირს მღვდელმოქმედება შეუჩერა

7 ნოემბერი, 2014 • • 2542
საპატრიარქომ “შეუფერებელი საქციელისთვის” 4 სასულიერო პირს მღვდელმოქმედება შეუჩერა

მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, ოქტომბრის თვეში საპატრიარქოსთვის ცნობილი გახდა დარღვევის შესახებ და სასულიერო პირების საქმე საპატრიარქოში არსებულმა ზნეობრივმა კომისიამ განიხილა. კომისიამ სასულიერო პირებს აუკრძალა მღვდელმოქმედება და სინანულისთვის სხვადასხვა მონასტერში გაამწესეს.

 

პატრიარქის მდივნის განმარტებით, სასჯელის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მღვდლების საქციელზე, რომელსაც ზნეობრივი კომისია შეაფასებს. რაც შეეხება მიზეზს, ამას ბოტკოველი არ აკონკრეტებს. კითხვაზე, იყვნენ თუ არა სასულიერო პირებიდან ორი მათგანი, ნიკოლოზ კალანდაძე და ვარსანოფ მაზმიშვილი დაკავებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით, მიქაელ ბოტკოველმა გვიპასუხა:

 

“დაკავებული იყვნენ თუ არა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინეს. ეს არის შიდა საეკლესიო საკითხები, რომელიც განიხილება ზნეობრივ კომისიაზე და ვფიქრობ, რომ ამის დაკონკრეტების აუცილებლობა არ არსებობს”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

 

“ფრონტნიუსმა” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი სასულიერო პირები- ნიკოლოზ კალანდაძე და ვარსანოფ მაზმიშვილი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზების ფაქტზე დააკავა, შემდეგ კი გაათავისუფლა. საპატრიარქომ ისინი სხვადსხვა მონასტერში გაანაწილა, წერს გამოცემა.

 

“ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით მიმართა, იყვნენ თუ არა სასულიერო პირები დაკავებული ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით ოქტომბრის თვეში და რატომ გაათავისუფლეს ისინი, თუმცა სამინისტროს პრეს-სამსახურმა შეკითხვას არ უპასუხა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) ეხება ნარკოტიკულ დანაშაულს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება.

 

მიხეილ ღოღაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, განმარტავს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევისთვის სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა 6 თვიდან 13 წლამდე, მეორე ნაწილის დარღვევისთვის, 7-დან 14 წლამდე, მესამე ნაწილის დარღვევისთვის კი, რვიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობით.

საპატრიარქო
საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი