ახალი ამბები

ირაკლი ალასანია: ივანიშვილთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩება

7 ნოემბერი, 2014 • • 1062
ირაკლი ალასანია: ივანიშვილთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩება

“ჩვენ გავცვალეთ, სიმართლე გითხრათ, ხედვები იმ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო. ერთი, რაც, თუ შეიძლება ითქვას, თანხმობა შედგა, იყოს ის, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისეთ ფარგლებში, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო. აი, ეს იყო ძირითადად ჩვენი საუბრის, ასე ვთქვათ, შინაარსი.

 

ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩება, ბუნებრივია. მე ჩემს გუნდსაც გავაცანი ზოგადად საუბრის შინაარსი, ახლა მაქვს კონულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

ყველანაირი გარიგება გამორიცხეთ. არანაირი გარიგება არ მომხდარა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მარტო ხედვები გავცვალეთ, მაგრამ იქაც ვთქვით, რომ მთავარია პროცესმა არ დააზიანოს სახელმწიფო”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან 4 ნოემბერს დაითხოვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მას შემდეგ, რაც პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები თავდაცვის სამინისტროში ალასანიამ შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრის პოსტები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კი დატოვეს კოალიცია “ქართული ოცნება”.

 

5 ნოემბერს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა ირაკლი ალასანიამ დატოვა იმის გამო, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი. ალასანიამ მაშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულა. გუშინ, 6 ნოემბერს ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების ოფისთან ინტერვიუს დროს. 06.11.2014. ფოტო: მიშა მეფარიშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების ოფისთან ინტერვიუს დროს. 06.11.2014. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი