ახალი ამბები

„ბრინჯაოდან თიბისიმდე“ – ისტორიული ბალთების გამოფენა თიბისი არტ გალერეაში

7 ნოემბერი, 2014 • • 1858
„ბრინჯაოდან თიბისიმდე“ – ისტორიული ბალთების გამოფენა თიბისი არტ გალერეაში

გამოფენაზე სახელწოდებით „ბრინჯაოდან თიბისიმდე“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში, ზემო რაჭის რეგიონში აღმოჩენილი 18 ისტორიული არტეფაქტი , რომლებიც ძვ.წ.-ის VIII-VI და ახ.წ.აღ-ის I-III საუკუნეებით  თარიღდება.  

 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ონის სამუზეუმო ექსპონატები კერძო საგამოფენო სივრცეში იფინება და ფართო საზოგადოებას საშუალება ეძლევა ისინი თბილისში იხილოს.  

 

საქართველოში აღმოჩენილი ბრინჯაოს ბალთებით დაინტერესება  სამეცნიერო წრეებში ჯერ კიდევ  XIX ს-ის 30-იან წლებში დაიწყო. 

 

ამ პერიოდში, შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის გამო, ბევრი ექსპონატი უკონტროლოდ გაიტანეს საზღვარგარეთ. სწორედ ასე აღმოჩნდა ბრინჯაოს ჭვირული ბალთები ევროპისა და ამერიკის კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში. დღეს ისინი დაცულია ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში, ბრიტანეთის მუზეუმში, ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმში, ჟენევის მუზეუმში, კიევის ისტორიულ მუზეუმში,  ერმიტაჟში, მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში, საფრანგეთის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში, პარიზის აზიური ხელოვნების მუზეუმში. სამწუხაროდ, დღემდე ბევრი მათგანი შეუსწავლელია და შესაბამისად, კავკასიური კულტურის კონტექსტშიც არ მოიზრება.

 

ბრინჯაოს ბალთების სუფთა ქართული წარმოშობა დადგინდა ზემო რაჭაში 1939 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად. ამ ექსპედიციის დროს სოფელ ღების მახლობლად მიაკვლიეს სამარხებს, სადაც დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ბრინჯაოს ბალთების ნიმუშები, რის შემდეგაც საბოლოოდ ცნობილი გახდა ამ ბალთების ქართული წარმოშობის შესახებ. 

 

ბალთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის ისტორიაში. მათში საქართველოს უძველესი, თვითმყოფადი კულტურის ადგილობრივი ტრადიციები ყველაზე სრულად არის გამოვლენილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ძეგლები წარმოგვიდგენენ წინაქრისტიანული ხანის საქართველოს მხატვრული მელითონეობის უკანასკნელ ეტაპს და თითქოს აგვირგვინებენ ამ დარგის ბრწყინვალე ტრადიციებს.  

 

ბალთების ყველაზე მრავალფეროვანი კოლექცია სწორედ ონის მხარედმცონეობის მუზეუმშია დაცული. დღესდღეობით მუზეუმი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. რამდენიმე  მიწისძვრამ შენობა სერიოზულად დააზიანა. განადგურება ემუქრება იქ დაცულ უმნიშვნელოვანეს (14 000 არტეფაქტი) არქეოლოგიურ, ნუმიზმატიკურ, პალეონტოლოგიურ, ზოოლოგიურ, ეთნოგრაფიულ ექსპონატებსაც.  

 

გამოფენის ”ბრინჯაოდან-თიბისიმდე” მიზანია რაჭაში აღმოჩენილი ბრინჯაოს უნიკალური კოლექციის პოპულარიზაცია, უცხოეთში მოხვედრილი არტეფაქტების შესწავლა, იდენტიფიკაცია და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დახმარება.  


გამოფენის გახსნას დაესწრებიან კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, თიბისის ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

 

გამოფენა  2014 წლის 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი