ახალი ამბები

არასამთავრობოები მთავრობის მოქმედ და ყოფილ წევრებთან შეხვედრას ითხოვენ

7 ნოემბერი, 2014 • • 829
არასამთავრობოები მთავრობის მოქმედ და ყოფილ წევრებთან შეხვედრას ითხოვენ

ხელმომწერი ორგანიზაციები დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზა არის ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი და ყოვლად დაუშვებელია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან თუ პირისგან, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა თუ პიროვნული დაპირისპირების გამო საფრთხე შეექმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დასავლეთთან ინტეგრაციას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას.

 

“სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვერ დავრჩებით გულგრილნი და პასიურნი იმის ფონზე, როდესაც მთავრობის ყოფილმა წევრებმა დასვეს საკითხი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით პრობლემების განზრახ შექმნის მცდელობაზე და ვთხოვთ, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრს, ისე მთავრობის ყოფილ წევრებს, შეხვედრას იმისთვის, რომ მოვისმინოთ მათი შეფასებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

 

არასამთავრობოები აცადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან იმ მოვლენებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარდა. მათი თქმით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკოსების მხრიდან ისმის ბრალდებები ხშირ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპების უგულებელყოფით.

 

არასამთავრობოები ხაზს უსვამენ, რომ ამ პროცესებში ყოფილი პრემიერ-მინისტრიც აქტიურად არის ჩართული. 

განცხადებას ხელს აწერენ: ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, იდენტობა, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), მრავალეროვანი საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

 

მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი