ახალი ამბები

საგანელიძე: თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის საიდუმლო მასალებს არ გავცნობივარ

7 ნოემბერი, 2014 • • 1331
საგანელიძე: თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის საიდუმლო მასალებს არ გავცნობივარ
დავით საგანელიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, აქვს უფლება მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს პროკურატურისგან და გაეცნოს საქმის მასალებს, მას ამ უფლებით არ უსარგებლია.
 
 
“მიუხედავად იმისა, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრს, ასევე მაქვს უფლება ოფიციალურად გამოვითხოვო მთავარი პროკურატურისგან მასალა, რომელსაც ადევს გრიფი „საიდუმლო“ და პროკურატურა ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მომაწოდოს. მე ამ ჩემი უფლებით არ მისარგებლია, დავეყრდენი მხოლოდ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროებულ ინფორმაციას, რათა ამ საქმეს არ მისცემოდა პოლიტიკური ელფერი”, – ამბობს დავით საგანელიძე.
 
 
პარლამენტარი აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ოფიციალურ განცხადებაში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სავარაუდო გაფლანგვაზე. 


საგანელიძის ინტერესი გამოიწვია ინფორმაციის იმ ნაწილმა, სადაც აღნიშნულია, რომ  თავდაცვის სამინისტროს მიერ „სილქნეტთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტროს უნდა გადაეხადა, ჯამში, 6 720 877 ლარი, საიდანაც წინასწარ გადარიცხულ იქნა 6 480 877 ლარი. ხოლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ამ ქონების და მომსახურების რეალური ღირებულებაა 2 618 004 ლარი.
 
 
დავით საგანელძემ გუშინ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საიდუმლო სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომელიც სილქტენტსა და თავდაცვის სამინისტროს უკავშირდება, მას პრემიერმა გააცნო.
 
 
საქმის ზემოხსენებული მასალები სადუმლოა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატები პროკურატურისგან მის გადაცემას ამ დრომდე ითხოვენ. სილქნეტთან დადებულ ხელშეკრულებას თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო გრიფი მოხსნა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ძალაში ჯერ ვერ შევა, რადგან საქმის მასალები საჯარო ვერ გახდება მანამდე, სანამ შსს–ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი შესაბამის დასკვნას არ გასცემს.
 
 
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

დავით საგანელიძე
დავით საგანელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი