ახალი ამბები

რა ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს

6 ნოემბერი, 2014 • • 873
რა ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ელჩების განმარტებით, საუბარი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, საგარეო პროფილის მქონე მინისტრების თანამდბეობიდან წასვლას და ევროატლანტიკური კურსის უცვლელობის თემას ეხებოდა. საქართველოში საფრანგეთის ელჩის რენო სალენსის თქმით, საკითხი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე უნდა განიხილულიყო, “იმ ეჭვების შესახებ განცხადებებსაც ეხებოდა, რომლებიც გამოძიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ეხება”:

 

“მე არ ვიცი, შეიძლება ეს ეჭვები ტყუილია, მაგრამ განხილული უნდა იყოს. თუმცა, რაც ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს არის განვითარების ინსტიტუციონალური განგრძობადობის პროცესი. კოალიციები ყველა ქვეყანაში იშლება, მაგრამ რაც ახლა ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, ეს ინსტიტუციონალური განგრძობადობაა და საქართველოს მიერ ამ კუთხით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები”, – განაცხადა მან შეხვედრის დაწყების წინ.

 

პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა ელჩებს ამ სიტყვებით მიმართა:

 

“მსურს, პირადად გესაუბროთ მთავრობაში ახლახან მომხდარი ცვლილებების შესახებ.  მესმის, რომ ამ ცვლილებებმა ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში კითხვები შეიძლება წარმოშვას. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება. ამ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარდა მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა საკითხები, რომლებსაც არავითარი გავლენა არ ექნება ჩვენს საგარეო საქმეებზე. მინდია ჯანელიძე, რომელსაც ზოგიერთი თქვენგანი ალბათ უკვე იცნობს, იქნება შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი. მისი ხელმძღვანელობით თანამშრომლობა თქვენს ქვეყნებთან გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში დასახელდება ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროინტეგრაციის მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შესანიშნავად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს. ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებთანაც თქვენ შეძლებთ მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

ნება მომეცით, ცალსახად განვაცხადო, რომ მართალია მთავრობაში ცალკე პირები და პოლიტიკური კავშირები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი ერთგულება ევროატლანტიკური კურსისადმი უცვლელია. ის არა მხოლოდ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, არამედ ქართველი ხალხის ნებაც, რომლის სამსახურში ყოფნის პატივიც მე მხვდა წილად. საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია.  ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერია, ხოლო პოლიტიკური ატმოსფერო უფრო პლურალისტული, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ. ყველა პიროვნებასა თუ ჯგუფს აქვს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ასევე პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება, არჩევნებში მონაწილეობისა და წარმომადგენელთა არჩევის უფლება. ჩემი მთავრობა და კოალიცია ქართული ოცნება ამ ღირებულებების ერთგულია და უზრუნველყოფს დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მყარი საძირკვლის ფორმირებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო იმსახურებს ისეთ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მზად არის მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რათა ქვეყანამ მიაღწიოს წინსვლას და განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.

“მქონდა იმედი, რომ თავისუფალი დემოკრატები დარჩებოდნენ მმართველ კოალიციაში. მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ისინი ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ. ისინი კარგი და წესიერი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, მათი გადასვლა ოპოზიციაში ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს.  მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული გამოძიების დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, შემიძლია გითხრათ, რომ სახეზეა სერიოზული ბრალდებები, რომლებიც საჭიროებს გამოძიებას.  როგორც მრავალჯერ მითქვამს, კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ არ წავალთ არანაირ დათმობაზე პოტენციური კორუფციის გამოვლენაში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მინისტრი ან სტრუქტურაა ამაში გარეული. ქართველი ხალხი იმსახურებს ეფექტურ მთავრობას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტებისგან. სამწუხაროდ, ალასანიას საჯარო პასუხი გამოძიების პროცესთან დაკავშირებით იყო უპასუხისმგებლო და მან ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს. მთავრვობის წევრი არ უნდა აკეთებდეს ისეთ ბრალდებებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ურთიერთობები ჩვენს ევროპელ და ევრო-ატლანტიკურ პარტნიორებთან. მე პირადად ვხედავ ევრო-ატლანტიკურ კურსს, როგორც მშვიდობიანი და გაბრწყინებული საქართველოს ერთად-ერთ გზას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მისიის ბირთვი.  ახლა ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა და დაუღალავი შრომა, რათა ვემსახუროთ ქართველი ხალხის ოცნებებს. დაბოლოს, იმედი მაქვს გესმით, თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან, თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები. მე არ მინდა, რომ ერთი წამით მაინც შეიტანოთ ეჭვი ევრო-ატლანტიკური არჩევანისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ-ჰოლმა გააკეთა, რომელმაც პრემირის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას საჭირო უწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი - EPA/HANNIBAL HANSCHKE
ირაკლი ღარიბაშვილი – EPA/HANNIBAL HANSCHKE

მასალების გადაბეჭდვის წესი