სამართალი

“ხელმოცარული იურისტიც კი იღებს ადვოკატის ლიცენზიას”

6 ნოემბერი, 2014 • 3182
“ხელმოცარული იურისტიც კი იღებს ადვოკატის ლიცენზიას”

პრაქტიკაში ისეთი ფაქტიც ყოფილა, როცა ადვოკატმა შესაგებელის ნაცვლად სასამართლოში შუამდგომლობა გააგზავნა. ასეთ დროს ყველაზე მეტად ის ზარალდება, ვისაც საკუთარი უფლების დაცვისთვის ადვოკატი ჰყავს დაქირავებული. ადვოკატების კვალიფიკაციას არავინ ამოწმებს. იურისტები კოლეგების არაკვალიფიციურობის მიზეზად ადვოკატის სტატუსის მინიჭების სიმარტივეს ასახელებენ. 

 

იურისტები ამბობენ, რომ „ადვოკატის პროფესიაში შესვლა უნდა იყოს უფრო რთული“. მათი შეფასებით, ადვოკატის სტატუსის მინიჭება დღეს მხოლოდ ადამიანის ზეპირობის უნარებზეა დამოკიდებული. პრობლემების ჩამონათვალში ხვდება ის ტენდენცია, როცა ადვოკატები ქუჩაში ნაგვის დაყრის გამო დაჯარიმებულ ადამიანსაც იცავენ, მკვლელობაში ბრალდებულსაც და აქვთ განქორწინების საქმეებიც. 

 

იურისტი ემზარ პაქსაძე ამბობს, რომ დღეს პრობლემა ფორმალური დაცვაა, რაც გამოწვეულია ადვოკატის კომპეტენციის პრობლემითა და მოუმზადებლობით. ამის მიზეზად ემზარ პაქსაძე ბაზარს ასახელებს, რის გამოც ადვოკატები იძულებულნი არიან ბევრი საქმე აიღონ. მისი გამოთვლით, თუ, მაგალითად, ერთ ადვოკატს თვეში სამი ათასი ლარი შემოსავალი ესაჭიროება, იძულებულია აიღოს ექვსი ან რვა საქმე. მისივე ინფორმაციით, ზოგიერთ ადვოკატს 15-20 საქმეც კი აქვს აღებული, მათ შორის ზოგი სამოქალაქო, ზოგი საპატიმრო, ანუ სისხლის სამართლის.

 

ემზარი ამბობს, რომ ასეთ ადვოკატებს საქმის მიმართ ზერელე დამოკიდებულება აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას არც იმის დრო რჩება, საქმეს გაეცნოს ან მტკიცებულებები მოიპოვოს და არც იმის, მის განვითარებაზე იზრუნოს.

 

ემზარ პაქსაძეს ამბობს, რომ ძალიან ხშირად ისეთი შთაბეჭდილება  რჩება,  რომ ადვოკატთა კორპუსი გახდა ხელმოცარული მოსამართლეებისა და პროკურორების თავშესაფარი. „როგორ ხარ?“, „რა ვქნა, ვადვოკატობ“, – ანუ გამოდის, რომ ადვოკატობა გაჭირვების ამბავია“, – ამბობს იურისტი. მისი მოსაზრებით, აუცილებელია ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ აწიოს ეთიკის სტანდარტები. ამ კომისიის წევრი პაქსაძე 2013 წლამდე იყო. 2014 წელს მან დათა ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.


ეთიკის კომისიაში გაგზავნილ საჩივარში იურისტი წერს, რომ ზაქარეიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული ციტატები: ,,ნუ მაიძულებს გურამ გირგვლიანი დავაწყობინო ის ფულები, რაც მისი შვილის მკვლელობის საქმეში აქვს აღებული”, “მოვუწოდებ ბატონ გურამ გირგვლიანს, შეწყვიტოს “ზრუნვა” ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მიხედოს საკუთარ ალკოჰოლდამოკიდებულებას!”, არის შეურაცხმყოფელი და ამავე დროს მიზნად ისახავს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

 

ექვსგვერდიან საჩივარში მოყვანილია ევროპული სასამართლოს მაგალითები, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები, საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლები, სადაც აზრის გამოხატვის თავისუფლებაზეა საუბარი, თუმცა იქვეა განმარტება ადვოკატის ეთიკური სტანდარტების შესახებ. ეთიკის კომისიამ პაქსაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ჩათვალეს, რომ ადვოკატ ზაქარეიშვილის ციტატები აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრა ბათუმელ ადვოკატებთან. ფოტო მოგვაწოდა ლელა ბჟალავამ
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრა ბათუმელ ადვოკატებთან. ფოტო მოგვაწოდა ლელა ბჟალავამ

 

2014 წლის 16 სექტემბრის მონაცემებით, წელს ასოციაციის  ეთიკის კომისიაში სულ 67 ადვოკატს უჩივლეს. აქედან მხოლოდ ერთი საჩივარი იყო ბათუმიდან. ადვოკატის უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ არც ერთი პირისთვის. ადვოკატებს 45 შემთხვევაში კლიენტებმა უჩივლეს, ერთხელ სასამართლომ, ერთხელ პროკურატურამ, ოთხჯერ ადვოკატმა, მოწინააღმდეგე მხარემ კი, 12-ჯერ. დისციპლინური დევნა სულ 17 პირის მიმართ აღიძრა, 33 პირს არ დაუდგინა დარღვევა, ხოლო 29 საქმე შეწყდა.

 

იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ ადვოკატმა თქვენი უფლება დაარღვია, უფლება გაქვთ მოქმედ ადვოკატებს საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მოქმედება/უმოქმედობასთან დაკავშირებით უჩივლოთ. საჩივარი უნდა იყოს წერილობით, ეთიკის კომისიის მიერ შემუშავებული საჩივრის ფორმით. ეთიკის კომისიაში საქმის წარმოება კონფიდენციალურია, მაგრამ კომისიის მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა. ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ადვოკატს უფლებამოსილება შესაძლოა 6 თვიდან ერთ წლამდე შეუჩერდეს, მიიღოს გაფრთხილება ან საყვედური.

 

დოქტორი გიორგი ცერცვაძე სასამართლოში ძირითადად ბიზნეს დავების კუთხით მონაწილეობს. ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სამართლის ეს სფეროა განვითარებული, რადგან ბაზარმა გამოიმუშავა. მისი დაკვირვებით, კომპანიები, რომლებიც ფულს ხარჯავენ იურიდიულ მომსახურებაში, სწავლობენ  როგორი კვალიფიკაციის ადვოკატი აჰყავთ, ბიზნესმენი ფულს არ დახარჯავს იმაში, რაც კარგი არ არის.

 

„კოლეგებთან ურთიერთობის კარგი შანსი“, – ასე აფასებს გიორგი მის კიდევ ერთ პროფესიას. გიორგი ცერცვაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში ადვოკატებს ტრენინგებს უტარებს. პროგრამის ფარგლებში ადვოკატები ვალდებულნი არიან განსაზღვრული ოდენობის ტრენინგი გაიარონ წლის განმავლობაში და კრედიტები მოაგროვონ. ეს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ყველა იურისტისთვის სავალდებულოა. გიორგი ტრენინგებზე კოლეგებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ყველა, ვისაც ადვოკატის მოწმობა აქვს, ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც სხვისი უფლების დაცვას სჭირდება.   

 

ტრენერი ერთ-ერთ პრობლემად ასაკოვანი კოლეგების სიჯიუტეს ასახელებს: “არგუმენტი აქვთ ასეთი: 30 წლის წინ ასე იყო, შენ ჯერ რძე არ შეგშრობია პირზე, ამას როგორ მასწავლი“. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გიორგის განათლება და ის მიაჩნია, რომ ადვოკატები სიახლეების გაცნობას ვერ ახერხებენ: „ხელმოცარული იურისტიც კი იღებს ადვოკატის ლიცენზიას, მაგალითად, ყოფილი პროკურორი, ყოფილი მოსამართლე, ან ყოფილი საჯარო მოხელე… ძალიან მარტივია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა. ყოფილი პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ტრენინგზე მყოლია, ვერ გამოდიან იქედან, საიდანაც დაიწყეს, ვერ ხვდებიან, რომ მოსამართლის ფუნქცია სხვაა… ადვოკატი რომ ელაპარაკები კლიენტს, როგორც ყოფილი პროკურორი და ან მოსამართლე, უკვე პრობლემაა. გვიჭირს გააზრება, სად ვართ, რა გვინდა, ადვოკატობა ყველაზე თავისუფალი პროფესიაა ევროპასა და ამერიკაში. მის განვითარებაზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ“.

 

გიორგი ცერცვაძეს მიაჩნია, რომ მოქალაქეებში უნდა გაიზარდოს ინფორმირებულობისა და ცნობადობის ხარისხი ეთიკის საბჭოს არსებობის შესახებ. მისი შეფასებით, პრობლემების ჩამონათვალშია ისიც, რომ ქართველი  ადვოკატები არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება მეზობელ სახელმწიფოებში, როგორია სასამართლო პრაქტიკა, არ არსებობს კონტაქტები და ინფორმაციის გაცვლა. მისი აზრით, ადვოკატობა, ისევე როგორ მოსამართლეობა, უნდა იყოს სპეციალიზებული, რადგან არ შეიძლება ერთი ადვოკატი მუშაობდეს როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ თუ ბიზნესდავებზე.

 

გიორგი ცერცვაძე ამბობს, რომ ზუსტი რეცეპტი, როგორ შეიძლება შეარჩიოს ადამიანმა კარგი ადვოკატი, არ არსებობს. უბრალოდ, კლიენტმა ადვოკატს პირველ რიგში უნდა ჰკითხოს, რა პერსპექტივა აქვს მის საქმეს, ადვოკატმა კი უნდა აუხსნას სად დაუშვა კლიენტმა შეცდომა, რის გამო აგებინებს მას პასუხს კანონი და რა შანსები არსებობს.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში 3991 იურისტია, რომლებსაც ადვოკატის ლიცენზია გააჩნიათ.   

მასალების გადაბეჭდვის წესი