ახალი ამბები

ვიქტორ დოლიძე: გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

6 ნოემბერი, 2014 • • 1018
ვიქტორ დოლიძე: გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

“გედევან ფოფხაძე არის “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი, რომელიც ასევე გუშინ დაესწრო შეხვდრას და ჩვენთან ერთად წამოვიდა ისიც კოალიციიდან”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

 

კოალიცია “ქართული ოცნება” ვერ შეინარჩუნებს საპარლამენტო უმრავლესობას, თუკი მას “თავისუფალი დემოკრატების”  7-ზე მეტი წევრი დატოვებს. 

 

“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია 5 ნოემბერს დატოვეს. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერია. მინისტრების პოსტი თავიანთი განცხადებით დატოვეს ალექსი პეტრიაშვილმა, მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.  ალასანიას მინისტრობიდან დათხოვნას წინ უძღვოდა თავდაცვის სამიმინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა  საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესთან ბრძოლად შეაფასა.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია “ქართული ოცნება”. მას შემდეგ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა სამი სამინისტრო ჩაიბარეს. კერძოდ, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრად- ირაკლი ალასანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე- ალექსი პეტრიაშვილი. თუმცა იმავდროულად წულუკიანმა პარტიის წევრობა შეიჩერა, ხოლო ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

 

საქართველოს პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ 10-წევრიანი ფრაქცია, რომლის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ნინო გოგუაძე, გედევან ფოფხაძე, თამაზ ჯაფარიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გელა სამხარაული, თამაზ შიოშვილი. სამი მათგანი არის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კერძოდ, დოლიძე ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ცაგარეიშვილი – გარემოს დაცვის კომიტეტს, ხოლო ონოფრიშვილი – საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს. 

 

8 ნოემბერს “თავისუფალი დემოკრატები” მართავენ ყრილობას, სადაც დაგეგმილია ირაკლი ალასანიას დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.

ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი