ახალი ამბები

კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას ირაკლი ალასანია ესწრება

1 ნოემბერი, 2014 • • 946
კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას ირაკლი ალასანია ესწრება

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა ამ წუთებში (17:20) მიმდინარეობს. მანამდე კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე პარტიის შიდა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთში სამუშაო და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ირაკლი ალასანია საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა. თავდაცვის მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ. ირაკლი ალასანიამ მედიასთან საუბრისას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების თემაზე კომენტარი გააკეთა:

 

„მთავარი, ახლა რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ყველა და საზოგადოება, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების და ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, რადგან, ბუნებრივია, მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესებსაც და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. თუმცა, რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი და მთელი თავდაცვის სამინისტრო მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება. ჩემთვის, რაზეც ახლა ვარ კონცენტრირებული, გავერკვე საქმის ვითარებაში, ყველა დეტალი შევისწავლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბიჭებმა თავი იგრძნონ დაცულად, სამართლებრივად და ამიტომ მე, რა თქმა უნდა, მთელ ყურადღებას გადავიტან იქითკენ, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად”.- განაცხადა ალასანიამ.

 

 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი