ახალი ამბები

Virgin Galactic-ის კოსმოსური ხომალდი ჩამოვარდა

1 ნოემბერი, 2014 • • 1051
Virgin Galactic-ის კოსმოსური ხომალდი ჩამოვარდა

კოსმოსური კომალდი ტესტირების რეჟიმში მუშაობდა, როცა უბედური შემთხვევა მოხდა. ეს კოსმოსური ხომალდის პირველი საცდელი ფრენა არ ყოფილა, იგი ლოს-ანჟელესის უდაბნოში  2014 წლის იანვარში გამოცადეს პირველად.  ვირჯინნ ჯგუფის დამფუძნებელი რიჩარდ ბრანსონი ამბობს, რომ ის, რაც მოხდა, შოკისმომგვრელია.

“ტრაგიკული დანაკარგის გამო ყველანი დამწუხრებული ვართ. ჩვენ იმ ადამიანების ოჯახებთან ერთად ვართ, ვინც ამ შემთხვევის გამო დაზიანდა”.

 

ბიბისის ინფორმაციით, ერთი პილოტი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებული პილოტი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

Virgin Galactic- მა განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის თვითმფრინავი, რომელმაც კოსმოსური ხომალდი გაუშვა, უსაფრთხოდ დაეშვა, ამიტომ მათთვის მომხდარი შემთხვევა აუხსნელია.

 

ფოტოგრაფი კენ ბრაუნი, რომელიც ავიაკატასტროფას შეესწრო, ამბობს, რომ ხომალდი თვითმფრინავიდან გათავისუფლების შემდეგ აფეთქდა.

ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ მიზეზების დასადგენად გამოძიება დღეს დაიწყო. როგორც საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, ამას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს.

რიჩარდ ბრანსონი აცხადებს, რომ კოსმოსური ტურიზმის პროექტი მომხდარის მიუხედავად გაგრძელდება. კომპანია პიონერია და მსგავსი პროექტი აქამდე არ განხორციელებულა.

უკვე 800-ზე მეტ ადამიანს აქვს გადახდილი თანხა კოსმოსში მოგზაურობისთვის, რაც თითო ადამიანზე 200 000 დოლარის გადახდას გულისხმობს , მათ შორისაა მსახიობი ლეონარდო დიკაპრიოც.

მასალების გადაბეჭდვის წესი