ახალი ამბები

საგანელიძე: 1 დეკემბრამდე მივიღებთ კანონს, მაგრამ ამოქმედებამდე ჩავასწორებთ

31 ოქტომბერი, 2014 • • 1045
საგანელიძე: 1 დეკემბრამდე მივიღებთ კანონს, მაგრამ ამოქმედებამდე ჩავასწორებთ

“ვეტომ, ერთი მხრივ, გამაკვირვა. მეორე მხრივ, ის, რომ მხოლოდ ვადასთან დაკავშირებით აქვთ ბატონ პრეზიდენტს შენიშვნა, ჩვენ გუშინ თებერვლის ბოლომდე მოვითხოვეთ ვადის გადაწევა და პრეზიდენტი ამბობს, რომ 1 დეკემბრამდე მივიღოთ ეს კანონი. გამიკვირდა იმ მხრივაც, რომ სამი დღის წინ შეხვდა პრეზიდენტი ხმალაძეს და შავგულიძეს და შესაძლებელი იყო ეს თარიღი კანონის მიღებამდე გაჟღერებულიყო და, სამწუხოროდ, ეს მხოლოდ დღეს გავიგეთ.

 

მეორე – ის, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ ამ კანონის იდეალურამდე მისაახლოებლად ბევრი სამუშაოა კიდევ ჩასატარებელი და დეკემბერში იმართება კონეფერნცია, რომელიც ევროგაერთიანების ქვეყნებს მისცემს საშუალებას, რომ სინქრონიზაციაში მოიყვანონ მთლიანად ეს კანონმდებლობა და ევროპამ გარკვეული რეგულაციები დააწესოს, და ჩვენ გვინდოდა, რომ მათი რეგულაციები, რჩევები და რეკომენდაციები მოგვესმინა და შეიძლება ჩვენც ჩავრთულიყავით ამაში”, – განაცხადა დავით საგანელიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

საგანელიძე
საგანელიძე

 

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას მობილიზაციის შემთხვევაში არ გაუჭრდება ვეტოს დაძლევისთვის საჭირო 76 ხმის მოგროვება:


“მობილიზაციის შემთხვევაში ეს შესაძლებელია და პრობლემა არ არის, 76 ხმა კი არა, ბევრად მეტი აქვს უმრავლესობას, მოგეხსენებათ. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პერიოდი სრული ვაკუუმი შეიქმნას სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაში, კერძოდ ის, რომ დაახლოებით 10 დღე აქვს პრეზიდენტს იმისთვის, რომ ხელი მოაწეროს ვეტოს დაძლევის შემდეგ ან არ მოაწეროს. თუ არ მოაწერს ხელს, მერე 5 დღის ვადაში აწერს პარლამენტის თავმჯდომარე ხელს და ამით შეიძლება მთელი ორი კვირის განმავლობაში სრული პარეზი იყო სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაში, ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვერ დავაყენებთ ეჭვქვეშ ამ საკითხს.


პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში იძულებული ვართ გავყვეთ ამ თემას, რომ ორი კვირა ქვეყანაში კრიმინალთან მუშაობას არ შევუშალოთ ხელი და კი, ბატონო, 1 დეკემბრამდე ჩვენ მივიღებთ კანონს, რომელშიც შესაძლებელია გაიპაროს გარკვეული ხარვეზები. მეორე მხრივ, გაუთვალისწინებელი დაგვრჩეს იმ კონფერენციის შედეგები, რომელიც დეკემბერში იგეგმება, ამიტომ ამ კანონს ავამოქმედებთ არა 1 დეკემბრიდან, არამედ მომავალი წლის რაღაც გონივრულ ვადაში, ეს იქნება 1 მარტი, აპრილი თუ ა.შ. და ვიტოვებთ უფლებას, რომ ამ არაამოქმედებულ კანონში მერე შევიდეს კიდევ გარკვეული ცვლილებები და ამ კანონში გარკვეული დახვეწა მოვახდინოთ. ეს იქნება ალბათ ერთადერთი სწორი გზა”, – განაცხადა დავით საგანელიძემ. 


30 ოქტომბერს პარლამენტმა 65 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ე.წ. გასაღები შსს-ში 28 თებერვლამდე დარჩება, ხოლო დღეს პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადო და პარლამენტს შეთავაზა ამ ვადის მხოლოდ 1 დეკემბრამდე გადაწევა, ნაცვლად 1 ნოემბრისა, რასაც აქამდე არსებული კანონი ითვალისწინებდა. ვეტოს დაძლევის საკითხზე პარლამენტი სავარუდოდ დღეს იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი