ახალი ამბები

ქუცნაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე – ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება

31 ოქტომბერი, 2014 • 1109
ქუცნაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე – ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება

“თავად სამუშაო ჯგუფი არ არის ჩამოყალიბებული და შეჯერებული, რა მიდგომა ჯობს; კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე პირადად ეწვივნენ და აუხსნეს, ვთქვათ, რას ფიქრობენ ისინი, რატომ უნდა გადავადდეს კანონი; და მესამე, პარლამენტის თავმჯდომარემ თავად გაუკეთა მოწოდება პრეზიდენტს, ეხელმძღვანელა ქვეყნის ეროვნული უშიშროების ინტერესებით და არა დღეს არსებული განწყობით,– მე ვფიქრობ, საკმარისზე მეტი არგუმენტია იმისთვის, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ვუწოდო მცდარი,”– განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას.

 

ქუცნაშვილის თქმით, მან გუშინ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც თებერვლამდე საგამოძიებო ორგანოებს საშუალებას აძლევს კვლავ ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენების მოწყობილობებზე.

 

“რა თქმა უნდა, და ყველა, ვინც კი ქვეყანაზე და მის მომავალზე ფიქრობს, ყველა დაუჭერდა მხარს, იმიტომ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე რა ცვლილებებიც ჩვენ შევიტანეთ მოქმედ სისხლის სამაღლის საპროცესო კოდექსში, ეს არის რევოლუციური. ბევრმა არც კი იცის, ჩვენ რა გავაკეთეთ.  ელექტრონული თვალთვალი, ტელეფონით მოსმენა, sms–ების კონტროლი, სერვერებზე მიერთება, საკომუნიკაციო არხებთან წვდომა ვაქციეთ მხოლოდ საგამოძებო მოქმედების ნაწილად, არა ოპერატიული, არამედ ფარულ საგამოძიებო მოქმედების ნაწილად. მივეცით სამართალდამცავ ორგანოებს მხოლოდ და მხოლოდ მას შემედეგ, როდესაც ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედების რესურსი ამოწურული იქნება.

 

დარჩა მხოლოდ ერთადერთი საკითხი, რომ გადაუდებელი აუცილებლობის, როცა აქვს პროკურორს უფლება, რომ მისცეს ნებართვა პოლიციელს, რომ დაიწყოს მოსმენა და 24 საათში შეუთანხმოს მოსამართლეს, ეს “გასაღები” ვისთან იყოს. მხოლოდ ეს საკითხი დარჩა გადასაწყვეტი და აქ ჩვენ მიზნიდან უნდა ამოვიდეთ. მიზანი კიდევ იყო ძალიან მარტივი, რომ არავის არ უნდა ქონდეს უკანონი, ანუ უნებართვო მოსმენის უფლება,”– განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

30 ოქტომბერს პარლამენტმა 65 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ე.წ. გასაღები შსს-ში 28 თებერვლამდე დარჩება, ხოლო დღეს პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადო და პარლამენტს შეთავაზა ამ ვადის მხოლოდ 1 დეკემბრამდე გადაწევა, ნაცვლად 1 ნოემბრისა, რასაც აქამდე არსებული კანონი ითვალისწინებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი