ახალი ამბები

უსუფაშვილი: პრეზიდენტი განსხვავებულ პოზიციაზეა საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით

31 ოქტომბერი, 2014 • • 919
უსუფაშვილი: პრეზიდენტი განსხვავებულ პოზიციაზეა საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით

“საქართველოს პრეზიდენტმა ისარგებლა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებით და პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს ვეტო დაადო. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტი მიუთითებს ხოლმე იმ მიზეზებზე, რის გამოც მან ამ უფლებით ისარგებლა და ასევე პარლამენტს სთავაზობს თავის ალტერნატიულ მოსაზრებებს. ეს დოკუმენტი პარლამენტში მცირე ხნის წინ შემოვიდა.

 

თავად ვეტოს არსი მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი განსხვავებულ პოზიციაზეა საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით. ის, რომ გადასავადებელია, ამაში გვეთანმდება, მაგრამ უნდა გადავადდეს ოთხი თვით, თუ ერთი თვით, ამაშია განსხვავება და ესაა საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ.

 

პროცედურების თანახმად, ვეტოს შემთხვევაში პარლამენტი მსჯელობს პრეზიდენტის მოსაზრებებზე და შემდგომ უკვე კენჭი ეყრება პირველ რიგში პრეზიდენტის შენიშვნებს. თუ ის არ იქნა გაზიარებული, შემდეგ კენჭი ეყრება პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას და პრეზიდენტის ვეტო დაძლეულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა, ანუ პარლამენტის 76 წევრმა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.


უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის ბიურომ დღეს უნდა იმსჯელოს, თუ როგორ წარმართავს ვეტოსთან დაკავშირებულ პროცედურას. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა 65 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ე.წ. გასაღები შსს-ში 28 თებერვლამდე დარჩება, ხოლო დღეს პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადო და პარლამენტს შეთავაზა ამ ვადის მხოლოდ 1 დეკემბრამდე გადაწევა, ნაცვლად 1 ნოემბრისა, რასაც აქამდე არსებული კანონი ითვალისწინებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი