ახალი ამბები

პრეზიდენტის შენიშვნები მოსმენენების კანონზე პარლამენტს დღესვე გაეგზავნება

31 ოქტომბერი, 2014 • • 1047
პრეზიდენტის შენიშვნები მოსმენენების კანონზე პარლამენტს დღესვე გაეგზავნება

“ნეტგაზეთს” რამდენიმე წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ვერსიაში ე.წ. გასაღების შს სამინისტროში მხოლოდ ერთი თვის ვადით დატოვებაზე იქნება საუბარი და არა თებერვლამდე, როგორც ეს პარლამენტმა დაამტკიცა. თუმცა, როგორც პრეზიდენტის ადამინისტრაციაში გვითხრეს, ზუსტი ინფორმაცია ამის თაობაზე დაახლოებით ერთ საათში გამოქვეყნდება პრეზიდენტის განკარგულების სახით.

 

როგორ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი თათული თოდუა განმარტავს, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. გუშინ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც ე.წ. გასაღები ისევ შსს-ს სისტემაში რჩება, მხოლოდ 65-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს დაამტკიცა კანონპროექტი ფარული მიყურადების შესახებ. ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, თუ ეს წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის და პროპორციულ საშუალებას ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. აგვისტოში მიღებულმა კანონმა პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის უფლება, ე.წ. გასაღები კვლავ დაუტოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც კვლავ შეუძლია მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მოსმენა ან ელექტორნული კომუნიკაციების თვალთავლი ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენონ ჯიესემ ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები. გარდა ამისა აგვისტოში დამტკიცებულმა კანონმა არ შექმნა კონტროლის მექანიზმი. 2014 წლის აგვისტოში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 1 ნოემბერი განისაზღვრა იმ ვადად, რა დრომდეც პარლამენტს შესაბამისი რეგულაციები უნდა შეემუშავებინა. ამ საკითხზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია პარლამენტის წევრების, მთავრობის წარმომადგენლების და არასამთავრობოების მონაწილეობით. კომისიას უნდა ემსჯელა და ნოემბრამდე შეემუშავებინა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავდა, ვის ექნებოდა იმ მოწყობილებების “გასაღები”, რომლითაც ხორციელდება ფარული მოსმენა/თვალთვალი. ნოემბრამდე ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა და 30 ოქტომბერს პარლამენტმა შსს-ს მოქალაქეების კომუნიკაციებზე პირდაპირი და წვდომა თებერვლის ბოლომდე გაუხანგრძლივა.

 

პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია საკანონმდებლო ცვლილებების ვარიანტი, რომლითაც NGO-ები მმართველ გუნდს ე.წ. ორი გასაღების სისტემას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც სისტემაზე წვდომა და ჩართვის მექანიზმი სასამართლოსა და მობილურ ოპერატორებს ექნებათ და არა შსს-ს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ეთანხმება.


მასალების გადაბეჭდვის წესი