ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო გაიზიარა

31 ოქტომბერი, 2014 • • 923
იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო გაიზიარა

პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, პარლამენტს 2014 წლის 1 დეკემბრამდე ექნება ვადა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი.

 

ამას გარდა, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტით, 2014 წლის 1 დეკემბრამდე შეუნარჩუნდება ე.წ. გასაღების ფლობის უფლება.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სხვა გზას ვერ ხედავს, გარდა იმისა, რომ გაიზიაროს პრეზიდენტის ვეტო. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში შეიქმნება საკანონმდებლო ვაკუუმი, რადგან მოქმედი კანონმდებლობით შსს-ს ე.წ. გასაღების ფლობის უფლება ხვალიდან, 1 ნოემბრიდან აღარ ექნება. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივა იყო, რომ ეს ვადა შსს-სთვის გახანგძლივებულიყო 1 აპრილამდე, თუმცა პარლამენტმა გუშინდელი გადაწყვეტილებით ეს ვადა 28 თებერვლამდე გადაწია. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა პარლამენტის ამ გადაწყვეტილებაზე.

 

საკომიტეტო გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი