ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სახელმწიფო მედია და ხელმიუწვდომელი ინტერნეტი ყარაბაღში

31 ოქტომბერი, 2014 • • 1502
სახელმწიფო მედია და ხელმიუწვდომელი ინტერნეტი ყარაბაღში

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ინფორმაციის ძირითადი წყარო ტელევიზიაა, რადგან ძალიან დაბალია ბეჭდური გაზეთების ტირაჟები, ისევე, როგორც ინტერნეტმომმხარებლების რაოდენობა.

 

“არწახის ტელერადიოკომპანია” – ეს არის ერთადერთი ტელემაუწყებელი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში. მას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი აქვს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა დღეში მხოლოდ 4 საათით მაუწყებლობს. მართალია, ეს ტელევიზია სხვადასხვა სფეროს აშუქებს, მაგრამ, მთლიანობაში, ეთერში მხოლოდ ოფიციალური პირების მოსაზრები და კომენტარები ისმის და თითქმის, ვერაფერს ნახავთ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას რეალურად აწუხებს.

 

22 წლის ლილიტ სარგსიანი, რომელიც სტეპანაკერტში ცხოვრობს, ამბობს, რომ ადგილობრივი ტელევიზია თითქმის არ აშუქებს იმას, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი რეგიონებში:

 

“ტელევიზიით მხოლოდ იმას აჩვენებენ, სად იმყოფებოდა პრეზიდენტი, რას აკეთებენ მთავრობაში. არადა, მაგალითად, გადრუტის რაიონის მცხოვრებს უფრო მეტად აინტერესებს ის, თუ როგორ ცხოვრობენ მისი თანამოქალაქეები, ვთქვათ, შაუმიანის რაიონში ან სხვა სასაზღვრო სოფელში”.

 

რესპუბლიკაში სომხური და რუსული ტელეარხების რეტრანსლიაციაც ხორციელდება, მაგრამ ძირითადად ისეთი არხების, რომლებიც, ასევე, მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებენ და ნაკლებად უთმობენ ეთერს ალტერნატიულ მოსაზრებებს.

 

დამოუკიდებელი, კერძო რადიოსადგურები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში მაუწყებლობენ, ძირითადად, მხოლოდ გასართობი პროგრამებით შემოიფარგლებიან.

 

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს რეესტრის განყოფილების ცნობით, ამ დროისთვის რესპუბლიკაში რეგისტრირებულია 30 ბეჭდური და 3 ელექტრონული გამოცემა.

 

ყარაბაღში ყოველდღიური ბეჭდური გაზეთი არ არსებობს. ყველაზე ხშირად, კვირაში სამჯერ გაზეთი “აზატ არწახი” (თავისუფალი არწახი) გამოიცემა. ამ დროისთვის გაზეთის ტირაჟი 1000 ეგზემპლარამდეა, მაშინ, როცა ყარაბაღის ომის წლებში მისი ტირაჟი 90 ათასს აღწევდა. “აზატ არწახი” სახელმწიფოს დაფინანსებით გამოიცემა, რის გამოც, როგორც კიმ გაბრიელიანი, მთიანი ყარაბაღის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, ეს გაზეთი ძირითადად მხოლოდ სამთავრობო პროგრამების შესახებ მასალებს აქვეყნებს და უფრო “სახელმწიფო ბიულეტენს”უფრო ჰგავს, ვიდრე გაზეთს.

 

“სხვა ბეჭდურ გამოცემებზე საუბარიც კი არ ღირს, რადგან ისინი არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ოფიციალური პარტიული ორგანოები, ან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების გამოცემები, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში კვირაში ერთხელ გამოიცემიან”, – ამბობს გაბრიელიანი.

 

ასეთ ვითარებაში მოსახლეობისთვის ინფორმაციული ვაკუუმის შევსების ტვირთი ელექტრონულ გამოცემებზეა. სტუდენტი არსენ მანასიანი ამბობს, რომ ინფორმაციას ძირითადად ონლაინ გაზეთებიდან იღებს, რადგან ეს უფრო მოსახერხებელია მისთვის: “ტელევიზიის პროგრამებს რომ უყურო, აუცილებლად იმ კონკრეტული 4 საათის განმავლობაში უნდა იჯდე ეკრანთან, როცა ეს ტელევიზია მაუწყებლობს. ამასთან, ონლაინ-გამოცემები უფრო მრავალფეროვან ინფორმაციას იძლევიან”.

 

“მეტ-ნაკლებად უკეთესად მუშაობენ ელექტრონული გამოცემები Karabakh-open.info და Karabakh-life.am, სადაც ალტერნატიულ მოსაზრებებს შეხვდებით, მაგრამ აქაც არის პრობლემები: ეს გამოცემები ბევრ სოფელში ხელმიუწვდომელია და მათი წაკითხვა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც ინტერნეტი აქვს”, – ამბობს კიმ გაბრიელიანი.  

მთიანი ყარაბაღი, ფოტო: კონსტანტინ სტალინსკი
მთიანი ყარაბაღი, ფოტო: კონსტანტინ სტალინსკი

საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, მთავრობა აკონტროლებს მთიანი ყარაბაღის მედიასაშუალებების დიდ ნაწილს, ხოლო საზოგადოებრივ ტელევიზიას კონკურენტი არ ჰყავს:

 

“ბევრი ჟურნალისტი თვითცენზურას მისდევს, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც უკავშირდება სამშვიდობო პროცესებს. პოპულარული დამოუკიდებელი გაზეთი DEMO და ერთადერთი დამოუკიდებელი, ახალი ამბების ვებ-გვერდი Karabakh-Open.com 2008 წელს დახურეს გამომცემლებმა,” – წერია Freedom House-ის ანგარიშში.

 

ამავე ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტის წვდომის დონე დაბალია, მაგრამ იზრდება.

 

ყარაბაღის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყარაბაღში, სადაც 150 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, 2013 წელს ინტერნეტზე წვდომა ჰქონდა 14 ათასზე მეტ მომხმარებელს, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის 4 ათასით აღემატება. რესპუბლიკაში ორი ინტერნეტპროვაიდერი კომპანია მუშაობს – კომპანია “არმინკო” და “ყარაბაღ ტელეკომი”.

 

ინტერნეტის მომხმარებლებს შორის ყარაბაღში ყველაზე მეტი პოპულარობით სოციალური ქსელები სარგებლობს, ძირითადად, “ოდნოკლასნიკი” და “ფეისბუქი”. ბოლო დროს სოციალური ქსელების აქტიურად გამოყენება პოლიტიკოსებმა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმაც დაიწყეს, თუმცა, როგორც Freedom Houses-ის ანგარიშშია აღნიშნული,  “2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციის კამპანია სოციალურ მედიაში სუსტი იყო”.

 

ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი. ცოტა ხნის წინ “ყარაბაღ ტელეკომმა” მომხმარებლებს 3G ინტერნეტსერვისი შეთავაზა. თუმცა მთიანი რელიეფის გამო ყარაბაღის სოფლებში ინტერნეტის წვდომისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავაც არ აქვს წვდომა ინტერნეტზე. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო იზრდება ტელევიზიის როლი მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით.

 

რამდენიმე დღის წინ სტეპანაკერტში კონფერენცია ჩატარდა, თემაზე – “სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტელეკომპანიებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და შემდგომი განვითარების გზები”, რომელშიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანიც მონაწილეობდა. კონფერენციაზე განიხლეს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყარაბაღი “ხელმისაწვდომი” გახდეს გარე სამყაროსთვის არა მხოლოდ კონფლიქტის, არამედ სხვა ასპექტებშიც. სომხეთის რამდენიმე ტელეკომპანიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ეთერში გაუშვებენ ფილმებსა და ვიდეორგოლებს ყარაბაღზე, გამოითქვა სხვა შეთავაზებები და წინადადებებიც. სხვათა შორის, ანალოგიური შეკრება ერთი წლის წინაც იყო სტეპანაკერტში, მაშინაც ბევრი ითქვა გეგმებზე, მაგრამ ამ ერთ წელიწადში ცოტა რამ გაკეთდა რეალურად.

 

კიმ გაბრიელიანი, მთიანი ყარაბაღის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კანონმდებლობის დონეზე მედიის თავისუფლება არ იზღუდება, მაგრამ რეალურად ამ მხრივ პრობლემები სხვა მიზეზების გამო წარმოიქმნება:

 

“პირველ რიგში, ჩვენ არ გვაქვს ფინანსურად დამოუკიდებელი მედიასაშულებები, მედიასაშუალებების ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება”.

 

გაბრიელიანის თქმით, სახეზეა კონკურენციის ნაკლებობა:

 

“რომ იყოს ალტერნატიული ტელევიზია ან გაზეთი, სხვა სურათი იქნებოდა, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ პრობლემის გადაჭრის წინაპირობას”.

ფაქტია, რომ მთიანი ყარაბაღისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეიქმნას ალტერნატიული ტელევიზიები, რაც ამ სფეროს უფრო კონკურენტულსა და მრავალფეროვანს გახდის. ამის შემდეგ კი ამ არხების თანამგზავრზე რეტრანსლირებაზე ფიქრიც შეიძლება, რაც ყარაბაღს უფრო ხელმისაწვდომს გახდის გარე სამყაროსთვის.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი