საზოგადოება

Apple -ის დირექტორი: ვიყო გეი, ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია

30 ოქტომბერი, 2014 • • 1519
Apple -ის დირექტორი: ვიყო გეი, ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია

მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრების მანძილზე ვცდილობდი პირადი სივრცე დამეცვა, ვერიდებოდი  ყურადღების მიპყრობას. Apple უკვე არის  კომპანია, რომელსაც მსოფლიო თვალს ადევნებს და მომწონს, როდესაც კომპანიისადმი ყურადღება ფოკუსირებულია ჩვენს პროდუქტზე, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ.


ამავე დროს ღრმად მწამს მართინ ლუთერ კინგის სიტყვის, რომ “ცხოვრების უცვლელი კითხვაა – თუ რას ვაკეთებთ სხვებისთვის”.  ჩემს თავს ხშირად ვუსვამ ამ შეკითხვას და მივხვდი, რომ ჩემი სურვილი, შემენარჩუნებინა და დამეცვა პირადი ცხოვრება, აფერხებდა უფრო მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას. სწორედ ეს არის, რამაც დღეს საუბრისკენ მიბიძგა. 

წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრ ადამიანთან ღიად ვსაუბრობდი ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. კოლეგების უმეტესობამ იცის, რომ მე გეი ვარ და არავითარი სხვაობა არ შემინიშნავს ჩემდამი მათ დამოკიდებულებაში. რა თქმა უნდა, იღბლიანი ვარ, რადგან ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც ღიაა ინოვაციებისთვის და მათ იციან, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელი განსხვავებულობის გულთბილად მიღება აყავავების საწინდარია, მაგრამ ყველა არ არის ასეთი იღბლიანი.


მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დამიმალავს ჩემი ორიენტაცია, უნდა ვთქვა, რომ არც საჯაროდ მისაუბრია აქამდე ამის შესახებ. ამიტომ, ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო  – ვამაყობ, რომ გეი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც ღმერთმა მიბოძა.

ვიყო გეი, დამეხმარა ღრმად გამეაზრებინა რას ნიშნავს უმცირესობაში ყოფნა იმ გამოწვევების წინაშე, რასაც ის ადამიანები, რომლებიც სხვა უმცირესობებს წარმოადგენენ, ყოველდღიურად უმკლავდებიან. მე ამის გამო უფრო ემპათიური გავხდი, შედეგად კი, გაცილებით სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ. იყო არაკომფორტული სიტუაციებიც, მაგრამ ამან მომცა თვითრწმენა, ვყოფილიყავი ის,  ვინც ვარ, გავყოლოდი ჩემს გზას და დავმდგარიყავი  ფანატიზმზე მაღლა, ასევე,  “მარტორქის კანი” შემძინა, რაც ძალიან მოსახერხებელია, როცა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ხარ.

მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩემი ბავშვობის შემდეგ, ამერიკა წინ მიიწეევს ქორწინების თანასწორობის საკითხში და იმ საჯარო მოხელეებმა, რომლებმაც გაბედულად გააკეთეს “ქამინაუთი”, აღქმის შეცვლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, კულტურაც უფრო ტოლერანტული გახდა. თუმცა შტატების უმეტესობაში ჯერ კიდევ არის კანონები, რომლებიც დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს გაათავისუფლონ დასაქმებული მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის გამო. არსებობს ბევრი ადგილი, სადაც მიწის მესაკუთრე ასახლებს მდგმურს იმის გამო, რომ გეია. უთვალავი ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები,  ყოველდღიურად ძალადობას და შიშს აწყდებიან მათი სექსუალური ორიენტაციის გამო.

ჩემს თავს არ განვიხილავ აქტივისტად , მაგრამ ვაცნობიერებ რამდენი სარგებელი ვნახე სხვის მიერ გაღებული მსხვერპლით, ამიტომაც, თუ იმის გაგება, რომ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი გეია, ვინმეს  საკუთარი თავისთვის ბრძოლაში დაეხმარება, ან ანუგეშებს იმ შემთხვევაში, თუ თავს მარტო გრძნობს, ან შთაგონების წყარო გახდება მათთვის, ვინც თანასწორობას მოითხოვს, მაშინ ნამდვილად ღირდა საკუთარი პირადი ცხოვრებით “ვაჭრობა”. 


ვაღიარებ, რომ ეს არ იყო იოლი არჩევანი, პირადი ცხოვრების დაცულობა ჩემთვის კვლავაც მნიშვნელოვანია და მე მისი შენარჩუნება მსურს. “Apple”  ჩემი ცხოვრების საქმეა  და გავაგრძელებ მცდლობას ვიყო საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორი. ამას ჩემი თანამშრომლები იმსახურებენ. ამას ასევე იმსახურებენ ჩვენი მომხმარებლები, დეველოპერები, აქციონერები და მომწოდებელი პარტნიორები. სოციალური პროგრესის ნაწილია ის, რომ ადამიანი არ ფასდებოდეს მხოლოდ მისი სექსუალობით, რასით ან სქესით, რადგან ამის გარდა, მე ვარ ინჟინერი, ვარ ბიძა, ბუნების და ფიტნესის მოყვარული, სპორტის ფანი და  სხვა. ვიმედოვნებ, რომ ადამიანები პატივს სცემენ ჩემს სურვილს ფოკუსირებული ვიყო იმ საკითხებზე, რომელიც საუკეთესოდ შემეფერება, და იმ სამუშაოზე, რომლის კეთებაც მიხარია.


კომპანია, რომელსაც ვხელმძღვანელობ, დიდი ხანია ადამიანის უფლებებს  და თანასწორობის იდეას ადვოკატირებას უწევს. ჩვენ მხარს ვუჭერდით სამუშაო ადგილზე თანასწორობის კანონპროექტს და ასევე მხარს ვუჭერთ ქორწინების თანასწორობას კალიფორნიაში, რომელიც ჩვენი სახლია. ჩვენ ხმამაღლა გავაპროტესტეთ, როდესაც არიზონას შტატში დისკრიმინაციული კანონპროექტი მიიღეს, რომლის სამიზნეც გეი ადამიანებია. გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ღირებულებებისათვის და მწამს, რომ ამ კომპანიის ნებისმიერი სხვა აღმასრულებელი დირექტორი რასის, სქესის და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, იმავეს გააკეთებს.  მე პირადად გავაგრძელებ ყველა ადამიანის თანასწორობის იდეის ადვოკატირებას.


როდესაც ყოველ დილით ჩემს ოფისში მოვდივარ, “ვესალმები” მართინ ლუთერ კინგისა და რობერტ კენედის ფოტოებს. არ ვფიქრობ, რომ ამ ნაწერის გამო ჩემი ადგილიც მათ ლიგაშია, უბრალოდ, ეს ნაწერი საშუალებას მაძლევს შევხედო მათ სურათებს და ვიცოდე, რომ მე ვასრულებ ჩემს შესასრულებელ მცირე საქმეს სხვების დასახმარებლად.  ჩვენ ერთად, აგურ-აგურ გავუხსენით გზა მზის შუქს სამართლიანობისკენ  და ეს ჩემი აგურია.


Apple -ის აღმასრულებელი დირექტორი ტომ ქუქი  © EPA 02.06.2014
Apple -ის აღმასრულებელი დირექტორი ტომ ქუქი © EPA 02.06.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი