ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის მხარემ რუსეთთან შეთანხმების საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა

30 ოქტომბერი, 2014 • • 1586
აფხაზეთის მხარემ რუსეთთან შეთანხმების საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა

აფხაზეთის მიერ მომზადებული დოკუმენტის ცალკეული პუნქტების შინაარსი რუსეთის ვარიანტისგან ბევრად არ განსხვავდება. 


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება რუსეთისა და აფხაზეთის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს შორის საომარი მოქმედებების დროს მთავარსარდლის არჩევის საკითხია. რუსეთის შემუშავებულ ვარიანტში უპარატეს როლში რუსეთის ფედერაციის მხარე იყო. 


რუსულ ვარიანტის მიხედვით, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში და საომარ პერიოდში ერთობლივი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციის მიერ ინიშნება.

 

რაც შეეხება აფხაზურ ვერსიას, ასეთ შემთხვევაში ერთობლივი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციის მიერ დაინიშნება და მისი მოადგილე კი, აფხაზური მხარის მიერ. საომარი ოპერაციის მომზადებისა და ჩატარების სანქციას კი, ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი და აფხაზეთი ერთობლივად მიიღებენ.  

 
აფხაზეთის პროექტის საბოლოო ვარიანტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატების მიერ შემუშავებული დოკუმენტი  პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გაუგზავნეს. პარლამენტარების დამუშავებულ დოკუმენტს “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება” ერქვა, თუმცა საბოლოოდ “რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმების სახელწოდებით გამოქვეყნდა. რუსეთის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს კი “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმება ჰქვია. 
 

ნეტგაზეთის წყაროს ინფორმაციით, შეთანხმების პროექტის თავდაცვის მუხლის რუსული ვერსია, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურს ნიშნავს რუსეთის მხარე, პარლამენტის შემუშავებულ პროექტში შეცვლილი იყო. 

 

მაშინ, როდესაც რუსული პროექტი გამოქვეყნდა, აფხაზეთში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის საშიში ნაღმები დაინახეს. მათ შორის თავდაცვის სფეროშიც, სადაც ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამი იყო, რომ სწორედ რუსეთი ნიშნავდა ომის დროს გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურს. 

 

აფხაზეთის დეპუტატების დამუშავებული პროექტით, სამხედრო აგრესიის დროს ბრძანებას გასცემდა იმ ქვეყნის მთავარსარდალი, რომელსაც თავს დაესხნენ. 

 

13 ოქტომბერს აფხაზმა პარლამენტარებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” ახალი შეთანხმების პროექტი მიიღეს. 

 

სართველოს ხელისუფლებაში აღნიშნული შეთანხმების გაფორმების საკითხი რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიად ფასდება. რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის ახალი საფრთხის გაჩენის გამო საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) მთავრობას ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებას სთავაზობს


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი