ხელოვნება

„პეტერბურგის თეატრალური სეზონი“ თბილისში სანქტ-პეტერბურგის მთავრობის მხარდაჭერით

30 ოქტომბერი, 2014 • • 1126
„პეტერბურგის თეატრალური სეზონი“ თბილისში სანქტ-პეტერბურგის მთავრობის მხარდაჭერით

ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალი – „პეტერბურგის თეატრალური სეზონი“ 2007 წლიდან იმართება და მისი მთავარი ამოცანაა “ხელი შეუწყოს კულტურული, სოციალური და ტურისტული კონტაქტების განვითარებას საქნტ-პეტერბურგსა და პლანეტის სხვადასხვა ქალაქს, მსოფლიოს კულტურულ ცენტრებს შორის.”

 

„სეზონი“ მუდამ მაღალი მხატვრული დონის სპექტაკლებს და რუსეთის ჩრდილოეთი დედაქალაქის თეატრალური ხელოვნების ჟანრობრივ და სტილისტურ მრავალფეროვნებას წარმოადგენს. ევროპელები ამ პროექტს „თეატრალური პეტერბურგის სახეს“ უწოდებენ, ხოლო რუსი ჟურნალისტები – „თეატრალურ ფანჯარას ევროპაში“. ფესტივალის სპექტაკლები წარმატებით სარგებლობდა პრაღაში, ჰელსინკისა და მილანში. ფესტივალი სწვევია ახლო აღმოსავლეთს: თელ-ავივსა და ხაიფას. 2008 წელს „პეტერბურგის თეატრალური სეზონი“ ბერლინს სტუმრობდა, 2012-ში – დრეზდენს, გასულ შემოდგომას არნახული მასშტაბით ჩატარდა ევროპის 2013 წლის კულტურულ დედაქალაქ მარსელში. წლეულს „პეტერბურგის თეატრალური სეზონი“ ჩატარდება საქართველოს დედაქალაქ თბილისში და ორი ქალაქის ურთიერთობის ისტორიაში ახალი მეგობრული ეტაპის ნიშანსვეტად მოგვევლინება. „პეტერბურგის თეატრალური სეზონი“ თბილისში მოვლენად იქცევა საქართველოს დედაქალაქისთვისაც და სანქტ-პეტერბურგისთვისაც, ურთიერთობის ფასდაუდებელ შესაძლებლობას მოგვანიჭებს, ურთიერთპატივისცემის ტრადიციას გააცოცხლებს და ერთურთის კულტურისადმი ინტერესს გააღვივებს. ეჭვგარეშეა – ასეთი ფესტივალები უდიდეს გავლენას ახდენს როგორც ხელოვნებისა და შემოქმედების განვითარებაზე, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე,”- წერია ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებაში.

 

ფესტივალის ფარგლებშივე, სანქტ-პეტერბურგი და მასპინძელი მხარე ხელს მოაწერენ შეთანხმებებს კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

 

რაც შეეხება ფესტივალის პროგრამას, 11 ნოემბერს კინომსახიობის თეატრში სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო დრამატული თეატრი – „კომედიანტის თავშესაფარი“ წარმოადგენს გრიგორი დიტიატკოვსკის სპექტაკლს „პიგმალიონი“ ბერნარდ შოუს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. 

 

13 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის თეატრი „ანდრეი მირონოვის სახ. რუსული ანტრეპრიზა“ კინომსახიობის თეატრის სცენაზე უჩვენებს რეჟისორ ანდრიი ჟოლდაკის სასცენო ფანტაზიას „მადამ ბოვარი“ გიუსტავ ფლობერის ამავე სახელწოდების რომანის მოტივების მიხედვით. 

 

15 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის დრამატული თეატრი „სახელოსნო“ კინომსახიობის თეატრში გამართავს სპექტაკლს „სასიყვარულო ზმანებანი, ანუ ბალზამინოვის ქორწინება“, რომლის დამდგმელი რეჟისორია დასის სამხატვრო ხელმძღვანელი გრიგორი კოზლოვი. 

 

17 ნოემბერს კინომსახიობის თეატრში სანქტ-პეტერბურგის ვ. ფ. კომისარჟევსკაიას სახ. აკადემიური დრამატული თეატრი უჩვენებს სპექტაკლს „გელვერის ღამე“, ინგმარ ვილკვისტის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, დასის მთავარი რეჟისორის ალექსანდრ ბარგმანის დადგმით. სპექტაკლს 2013 წელს მიენიჭა სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია – „ოქროს სოფიტი“ ნომინაციებში: „საუკეთესო სპექტაკლი მცირე სცენაზე“  და „საუკეთესო სამსახიობო დუეტი“.  

 

12 და 14 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე სამეფო უბნის თეატრის სცენაზე ნაჩვენები იქნება პეტერბურგის თეატრალური ამხანაგობა „კომიკ-ტრესტის“ სპექტაკლი „კაბარე „ნაფტალინი“

მასალების გადაბეჭდვის წესი