ახალი ამბები

რესპუბლიკელები რეპრესირებულთა შესახებ კანონში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ

30 ოქტომბერი, 2014 • • 1076
რესპუბლიკელები რეპრესირებულთა შესახებ კანონში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ

პარლამენტარი არ ეთანხმება კანონში არსებულ რეგულაციას, რომლის მიხედვით რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

 

“კანონის პრეამბულაში წერია ბევრი მაღალფარდოვანი სიტყვა იმ ხალხის საპატივსაცემოდ, ვინც საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა და იყო მსხვერპლი იმ რეჟიმის. ჩვენ ვალში ვართ ამ ხალხთან და ამიტომ არც ერთი ჩვენგანი არ მისცემს ხმას ამ კანონპროექტს”, – განაცხადა “კურიერთან” ბერძენიშვილმა. 

 

დავით ბერძენიშვილის თქმით, არც ერთი პარლამენტარი, რომელსაც გუშინ ესაუბრა, კანონპროექტის აღნიშნულ რედაქციას არ დაუჭერს მხარს. მსგავსი შენიშვნა აქვს ნაციონალური მოძრაობის წევრ პარლამენტარ კობა სუბელიანს.

 

“რა საჭიროა, რომ სასამართლომ იმსჯელოს ამაზე. მათ აქვსთ სტატუსი. ისინი არიან მსხვერპლები აღიარებული სასამართლოს მიერ. აღარ სჭირდება ხელმეორედ სასამართლო პროცესები და ამაზე მსჯელობა, მოსამართლემ გადაწყვიტოს ათასი ლარი გადაუხადოს, ათას ხუთასი თუ 2 ათასი ლარი”, – ამბობს კობა სუბელიანი “რუსთავი 2”- თან.

 

კანონპროექტის ავტორია იუსტიციის სამინისტრო. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე კი ხაზს უსვამს იმას, რომ კანონპროექტი რეპრესირებულებსა და მათ პირველი რიგის მემკვიდრეების მდგომარეობას აუმჯობესებს და ამიტომ მისი მიღება აუცილებელია:

 

“ბატონი დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას კომპენსაცია დაკისრებული და კომპენსაცია უნდა იყოს დაკისრებული მოჭრილი თანხის სახით 2 ათასი ლარი ყველასთვის. ეს პრინციპი, ჯერ ერთი, მიუღებელია, მეორეც -თავის დროზე არ ყოფილა გამოთქმული. რაც მთავარია, ეს კანონი ბევრად აუმჯობესებს რეპრესირებულთა მდგომარეობას სტატუს კვოსთან შედარებით. აქედან გამომდინარე მარტო ამიტომ არ შეიძლება მისი ჩაგდება”, -განუცხადა “კურიერს” ალექსანდრე ბარამიძემ.

 

“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალურად დაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის სესიაზე დღეს განიხილავენ. კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში 5 სექტემბერს დარეგისტრირდა.

 

კანონპროექტის მიხედვით, რეპრესირებულებსა და მათი რიგის მემკვიდრეებისთვის მინიმუმ ათასი, მაქსიმუმ კი 2 ათასი ლარით განისაზღვრა. კომპენსაციის გაცემის საკითხი კი სასამართლომ უნდა განიხილოს. დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით კი კომპენსაციის ოდენობა 200-500 ლარამდე მერყეობს, რომელიც სასმაართლოს პრაქტიკის მიხედვითაა დადგენილი.

 

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც კანონპროექტი გულისხმობს, არის ის, რომ რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ერთად ქუთაისის საქალაქო სასამართლოც განიხილავს.

 

აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აზრით, კანონმა უნდა განსაზღვროს კომპენსაციის გაცემის სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმები და კომპენსაციის ზედა და ქვედა ზღვარი 2 ათასიდან 10 ათას ლარამდე უნდა განისაზღვროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი