ახალი ამბები

რა შემთხვევაში დატოვებს პოსტს სანდრო ბრეგაძე და ბოდიშს მოუხდის ირაკლი ვაჭარაძეს

29 ოქტომბერი, 2014 • • 2137
რა შემთხვევაში დატოვებს პოსტს სანდრო ბრეგაძე და ბოდიშს მოუხდის ირაკლი ვაჭარაძეს

დიასპორის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მინისტრ გელა დუმბაძეს ძალიან გადატვირთული გარაფიკი აქვს, ამიტომ იგი ვერც ჟურნალისტებთან და ვერც საკუთარ პრესსამსახურთან ახერხებს შეხვედრას საკუთარი პოზიციის  ჩამოსაყალიბებლად.

 

“ავადმყოფური აზროვნების ადამიანები”, “ერთუჯრედიანი არსება”, “არარაობა”, “ვიგინდარები” “ძლოკვები და ერთუჯრედიანი ჭიები” – ეს ტერმინები მინისტრის მოადგილემ ირაკლი ვაჭარაძის მიმართ გამოიყენა “კვირის პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუში, რასაც არასამთავრობო სექტორის რეაგირება მოჰყვა. 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საჯარო მოხელის, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ამგვარი განცხადებები სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ახალისებს განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ემსახურება არასამთავრობო ორგანიაციების საქმიანობის დისკრედიტაციას. მეტიც, NGO-ები მიიჩნევენ, რომ ბრეგაძის ინტერვიუ, ასევე, მოწოდებას შეიცავს ვაჭარაძის ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ, როდესაც მინისტრის მოადგილე ამბობს – “გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ემოციურ ფონზე თავად გამოიყენებს ძალას”. ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვას, პირადად რომ შეხვდეს სადმე, გაუსწორდება თუ არა უფლებადამცველს ფიზიკურად, ბრეგაძე ასე პასუხობს: “დიდი იმედი მაქვს, რომ მაგ არარაობას არსად შევხვდები! არ ვიცი, რას ვიზამ, თუმცა მე თმენის ვალდებულება მაქვს…”. არასამთავრობოები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძეს მოუწოდებენ, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისიწნებით, ადეკვატური რეაგირება გააკეთოს, რაც სანდრო ბრეგაძის პოლიტიკურ თანამდებობაზე დარჩენის მიზანშეწონილობას უკავშირდება.

 

სანდრო ბრეგაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს, 29 ოქტომბერს მინისტრს შეხვდა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა ზემოხსენებული საგაზეთო ინტერვიუ. ბრეგაძე არ ფიქრობს, რომ მან ვაჭარაძის მიმართ სიძულვილის შემცველი განცხადებები გააკეთა, ხოლო პირდაპირი ან ირიბი მუქარის ფაქტს საერთოდ უარყოფს:

 

“თუ ქუჩაში შემხვდებოდა, მე მაშინ არ ვიცოდი, როგორ მოვიქცეოდი… მილიონი საქმე მაქვს და ბატონ ვაჭარაძეზე ფიქრით თავს ნამდვილად არ ვიკლავ. ნამდვილად არ ვიცი, ინციდენტი რომ მომხდარიყო და ვაჭარაძეს ქუჩაში შემხვედროდა, როგორ მოვიქცეოდი, ვეტყოდი გამარჯობას, არ ვეტყოდი გამარჯობას, ვუსაყვედურებ, საერთოდ ყურადღებას არ მივაქცევ, თუ, რა?!”.

 

კითხვას, საიდან იცის იმის შესახებ, რომ “დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ემოციურ ფონზე თავად გამოიყენებს ძალას’, – მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ამის თქმის საფუძველს 17 მაისი აძლევს (რომელსაც იგი არ ამართლებს) და ასევე ის მუქარის შემცველი პოსტები, რომლებიც ფეისბუკის მომხმარებლებმა დატოვეს ვაჭარაძის მიმართ საგაზეთო სტატიის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაზე:

 

“მე პირიქით, მისი დაცვის მექანიზმებზე მაქვს საუბარი ინტერვიუში, რომ კანონით [რელიგიური გრძნობების დაცვის შესახებ, რომლის მიღებასაც ბრეგაძე ითხოვს] უნდა დარეგულირდეს ყველაფერი და არა ვიღაცამ ადამიანის ლინჩის წესით გასამართლება მოითხოვოს.”, – აცხადებს ბრეგაძე.

 

მისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელ ნათია იმნაძეს, რომელიც არასამთავრობოების მიერ გავრცელებული ტექსტის ერთ-ერთი ავტორია. მისი აზრით, ბრეგაძის ინტერვიუ სწორედაც რომ შეიცავს მუქარას:

 

“მუქარა არის იმაში, რომ თუ არ დავსჯით ვაჭარაძეს, გამოჩნდებიან პირები, ვინც ამას გააკეთებენო. ეს ამ ბოლო დროს ერთგვარ ლაიტმოტივად იქცა, რომ თუ ამას არ ვიზამთ და ადამიანის პასუხისმგებლობა არ დადგება, ვიღაც გამოჩდნება და გაუსწორდებაო, ეს არის სიძულვილის ენის კლასიკური შემთხვევა, რამაც შეიძლება სიძულვილით მოტივირებული დანაშაული გამოიწვიოს. ჯერ ერთი, როგორ ითხოვს ვაჭარაძის პასუხისმგებლობას, გაურკვეველია.  უნდა იცოდეს, რომ ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ არსებობს გამოხატვის თავისუფლების გამო”, – აცხადებს იმნაძე ნეტგაზეთთან საუბარში.


ირაკლი ვაჭარაძემ კი ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ბრეგაძის საგაზეთო ინტერვიუს შემდეგ ფეისბუკზე მან არაერთი შეტყობინება მიიღო, რომლებიც მისი მისამართით შეურაცხყოფასა და მუქარას შეიცავს. “იდენტობის” ხელმძღვანელის თქმით, იგი სანდრო ბრეგაძეს სასამართლოში უჩივლებს პატივის და ღირსების შელახვის გამო:


“წლებია არ გამომიტოვებია არც ერთი ადამიანის შესახებ ინფორმაცია, რამაც ჩემამდე მოაღწია და ვისი უფლებაც იყო დარღვეული. ახლა, როდესაც მე თავად აღმოვჩნდი სიტუაციაში, როდესაც ფიზიკური განადგურებით მემუქრება არა მხოლოდ კერძო პირი, არამედ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი, თუ ყველა ღონისძიებას არ მივმართე, როგორღა შემეძლება სხვისი უფლებების დაცვისთვის ვიბრძოლო? ძალიან კარგად მესმის, რომ იარაღის თავში ჩარტყმისგან ან ლინჩის წესით გასამართლებისგან საჩივარი ვერ დაგიცავს, მაგრამ ჩემი ეთიკური მოვალეობაა, ისევე ვიზრუნო ჩემს უსაფრთხოებაზე, როგორც სხვა ადამიანთა უსაფრთხოებაზე. არაფერი პირადი ამ ადამიანთან არასდროს მქონია და არც მექნება. ეს არის სახელმწიფო მოხელის მიერ კერძო პირის მიმართ განხორციელებული მუქარა და ამის რეაგირების გარეშე დატოვება წარმოუდგენელია”, – აღნიშნავს ვაჭარაძე.

 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაუპირისპირდა სანდრო ბრეგაძე ირაკლი ვაჭარაძეს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ უკანასკნელმა მისი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო, როდესაც ილია მეორეს ქვეყნის მტერი უწოდა. თუმცა ბრეგაძე არ ფიქრობს, რომ იგივე მანქურთი და ავადმყოფური აზროვნების ადამიანი, როგორც მან ვაჭარაძე მოიხსენია ძლოკვთან და ჭიასთან ერთად, სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკაა:

 

“… მე ჩემს გამონათქვამებს ცოტა სხვანაირად ვუყურებ, ვფიქორბ, რომ პუბლიცისტი ვარ, საკმაოდ ხშირად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს, ეს არის ჩემს პუბლიცისტიკურ ნაშრომში გამოყენებული სარკაზმული გამონათქვამები. პუბლიცისტიკაში მოღვაწეობა ჩემთვის არავის აუკრძალავს”, – ასე განმარტავს იგი თავის ციტატებს.

 

ნეტგაზეთის კითხვას, გრძნობს თუ არა იგი განსხვავებას მისსა და ვაჭარაძის გამოხატვის თავისუფლებას შორის, რომელიც მასავით საჯარო მოხელე და მაღალი თანამდებობის პირი არ არის, ანუ ხელისუფლებას არ წარმოადგენს, ბრეგაძე ასე პასუხობს:

 

“მე ვარ ადამიანი და ბატონი ვაჭარაძეც არის ადამიანი. ორივე ვართ თანასწორნი კანონის წინაშეც, მორალის წინაშეც და ზნეობის წინაშეც. ვინც გრადაციას ახდენს, რომ თანამდებობის პირი რაღაცას წარმოადგენს, მე იმ თანამდბეობის პირების არ მესმის და იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები. მოსახლეობას არ ვუყურებ ზემოდან, რომ რაღაც… თმენის ვალდებულება რომ მაქვს, იმიტომაც არ ვთვქი არაფერი განსაკუთრებული. პარლამენტის სხდომებს ალბათ ადევნებთ თვალყურს, იქ სიტყვა არარაობა ყველაზე რბილია ხოლმე ჩხუბში და ბოთლებს ურტყამენ თავში ერთმანეთს, ხალხი იარაღით დასდევდა ერთმანეთს პარლამენტის სხდომებზე და იმაზე ამოეღოთ ხმა. ყველა ადამიანს აქვს ემოცია, უემოციო ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაზე”.

 

ნათია იმნაძის თქმით კი, კანონში კონკრეტული მუხლი, რომელიც თანამდებობის პირს ამ ტიპის გამონათქვამებს აუკრძალავს, არ არსებობს, თუმცა აქ საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ბრეგაძის შემთხვევაში უნდა დაისვას:

 

“აქ საუბარია თავშეკავებაზე და არა რაღაც კანონზე და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგბლობაზე. აქ ლაპარაკია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე. თანამდბეობის პირმა რომ თავი უნდა შეიკავოს, საინტერესოა, სად უნდა ჩავუწეროთ?  სანდრო ბრეგაძეს მე ვუხდი ხელფასს ჩემი გადასახადებიდან. მოქალაქეების ნაწილს, რომლებიც ჩვენი გადასახადებიდან ვუხდით ხელფასს, მიგვაჩნია, რომ ის ამას არ იმსახურებს. ზუსტად იმისთვის, რომ ბატონი ბრეგაძის  გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, ის უნდა წავიდეს საჯარო სამსახურიდან, მერე შეუძლია სრულად ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით. მეც ვყოფილვარ საჯარო მოხელე და მაგის მეათედიც ვერ გამიბედავს, ვინაიდან საჯარო მოხელეს აქვს თავშეკავებისა და თმენის ვალდებულება. ის მაინც უნდა ესმოდეს, რა განსხვავებაა საჯარო მოხელის და მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას შორის”, – უთხრა იმნაძემ ნეტგაზეთს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობამ” ბრეგაძის საკითხზე რეაგირებისთვის დიასპორის საკითხებში მინისტრთან ერთად ომბუდსმენის აპარატსა და პრემიერ-მინისტრსაც მიმართა. ორგანიზაცია ბრეგაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. სახალხო დამცველის ოფისში ნეტგაზეთის შეკითხვას ამ დრომდე არ უპასუხეს, ხოლო პრემიერის პრესსამსახურის უფროსმა სოფო მოსიძემ გვითხრა, რომ თუ ორგანიზაციის წერილი მთავრობის ადმინისტრაციის კანცელარიაში შესულია, მას შემდგომი მსვლელობა მიეცემა: “აუცილებლად მივა პრემიერამდე და ის ამ საკითხს  განიხილავს, გაეცნობა დეტალებს და ორივე მხარის არგუმენტებს მოისმენს”.

 

სანდრო ბრეგაძეს მოლოდინი არ აქვს, რომ ამ საკითხის გამო მას დაკავებულ თანამდებობას დაატოვებინებენ, თუმცა აცხადებს, რომ “ძალიან დიდ პატივად ჩათვლის, თუკი თავისი რწმენის, მორლაური თუ ეთიკური პრიცნიპების გამო მოუწევს პოსტის დატოვება, რადგან  თანამდებობა წარმავალია და არასდროს ყოფილა მისი თვითმიზანი”.

 

ნეტგაზეთის კითხვას, თვითონ ხომ არ აპირებს სამსახურიდან წასვლას, ასე პასუხობს:

“მე მივმართავ საზოგადოებას, როდესაც უწმინდესსა და უნეტარესს ნომერ პირველ მტერს და მოღალატაეს უწოდებენ, რა უნდა ვქნათ? პასუხის გაცემის უფლებაც არ გვაქვს? პასუხის გაცემას ვამბობ და არა ჩაქოლვას… ეს ერთგვარი ტესტი და ლუსტრაცია იქნება ყველასთვის. დავაკვირდები მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის მხრიდან არ ყოფილა საუბარი ჩემს მიერ თანამდებობის დატოვებაზე და არც მინიშნება ყოფილა, მაგრამ გადაწყვეტილებას მე თვითონ ვიღებ. საიდანაც წასასვლელი, ვარ მოვდივარ, ხოლო სადაც მისასვლელი ვარ, მივდივარ. ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი”.

 

კითხვას, მოუხდის თუ არა ბოდიშს ირაკლი ვაჭარაძეს, მინისტრის მოადგილე პასუხობს:

 

“თუ ირაკლი ვაჭარაძე მოუხდის ბოდიშს ილია მეორეს, მაშინ მე მზად ვარ, რომ სიტყვა ჭიას გამო ბოდიში მოვიხადო”.


ირაკლი ვაჭარაძე და სანდრო ბრეგაძე
ირაკლი ვაჭარაძე და სანდრო ბრეგაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი