ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში 2 სამინისტრო გაუქმდა

29 ოქტომბერი, 2014 • 1649
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში 2 სამინისტრო გაუქმდა

მთავრობის განცხადებით, აფხაზეთის აღმასრულებელი სტრუქტურის ოპტიმიზაციის შესახებ კონსულტაციები 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ სამინისტროების ფუნქციას მომიჯნავე დაწესებულებები გადაინაწილებენ.  ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტი შერიგებასა და ნდობის აღდგენაზე მუშაობა იქნება.

 

“დღეს უნდა ვილაპარაკოთ შერიგებაზე, ნდობის აღდგენაზე. სანამ ნდობა არ აღდგება აფხაზებსა და ქართველებს შორის, ვერც შერიგება მოხდება და ვერც კონფლიქტის მოგვარება იქნება შესაძლებელი,”– განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ “აფხაზიანიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

როგორც “ნეტგაზეთს” სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, ლელა გულედანმა განუცხადა, მისი სამინისტრო ახლა ლიკვიდაციის პროცესშია, რაც დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება.

 

ლელა გულედანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ ეს სამინისტრო 1 წელიც არ არის, რაც არსებობს – ის 2013 წლის ბოლოს შეიქმნა და მუშაობა მხოლოდ 2014 წლის თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყო. მისი თქმით, სამინისტროს შექმნის მიზეზი იყო ის, რომ აფხაზეთის მთავრობაში კონფლიქტებზე მომუშავე მიმართულება ყოფილიყო, რაც მანამდე არ არსებობდა.

 

ლელა გულედანი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო სამინისტროს გაუქმების შესახებ 23 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება. მისი თქმით,  სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების სამინისტროს გრძელვადიანი სამუშაო გეგმები ჰქონდა.

 

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კი ამბობს, რომ გულედანისთვის სამინისტროს შექმნის დროიდანვე იყო ცნობილი, რომ სამინისტროს ასეთი სახით დიდხანს ვერ შეინარჩუნებდნენ და რეფორმები სხვაგვარ “გადალაგებას” მოითხოვენ.

 

“უნდა გაიგოს ყველამ, რომ ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევინახოთ სამინისტროები, რომლებიც მხოლოდ ფურცლებს აფრიალებენ და დღევანდელ მოთხოვნებს არ პასუხობენ,”– განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

აფხაზეთის მთავრობის ცნობით, სტრუქტურული ოპტიმიზაციის პროცესი 2014 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყო და არსებული 7 სამინისტროდან 3 დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი