ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი, რომ 2015 წელს ტელევიზიების გარეშე არ დავრჩეთ [ვიდეო]

29 ოქტომბერი, 2014 • • 4053
როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი, რომ 2015 წელს ტელევიზიების გარეშე არ დავრჩეთ [ვიდეო]

საოჯახო ტექნიკის მაღაზიებში, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ მათ ქსელში ახალი სტანდარტის ციფრული სიგნალის მიმღები ტელევიზორები ძველი სტანდარტის ტელევიზორებთან ერთად იყიდება. ხოლო მიმღები მოწყობილობები ბაზარზე შემოსული ჯერ არ არის.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ ციფრული მაუწყებლობა მოსახლეობისთვის გულისხმობს უკეთეს გამოსახულებას, უკეთეს ხმას და მომსახურების მრავალფეროვნებას, რადგან იგი თავის თავში მოიაზრებს ღია ეთერით ხელმისაწვდომ არხებს და ასევე ფასიან, ე.წ. Pay TV  მომსახურებას.

ვის დასჭირდება ახალი ტელევიზორი?

 

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სატელევიზიო არხების ყურებას ვერ შეძლებენ ის მოქალაქენი, ვისაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი ექნება, რომელიც საოჯახო ტიპის ანტენით მუშაობს.

 

ციფრულ მაუწყებლობაზე წვდომა ექნებათ მათ, ვისაც ციფრული ტელევიზორი აქვს, ან ვინც იმ საკაბელო ტელევიზიით სარგებლობს, რომლებიც მომხმარებელს ციფრული სიგნალის მიმღებ მოწყობილობას უდგამს.

 

რა უნდა ქნან მათ, ვისაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი აქვთ, რათა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ციფრული სიხშირის გარეშე არ დარჩნენ? ამისთვის ან ციფრული ტელევიზორი უნდა შეიძინოთ, ან ე.წ. Set Top Box– სპეციალური მიმღები მოწყობილობა, რომელიც ძველი სტანდარტის ტელევიზორს უერთდება.   

მიმღები მოწყობლობა ციფრულ სიგნალს არაციფრულ სიგნალად გარდაქმნის, რისი საშუალებითაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი სიგნალის წაკითხვას შეძლებს.

“არაი თუმოროუს” მაღაზიის კონსულტანტ პაატა წერეთლის თქმით, იმისათვის, რომ მომხმარებელმა უყუროს ნაციონალურ მაუწყებლებს [იმედი, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ა.შ], ტელევიზორს უნდა გააჩნდეს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა.

 

წერეთლის თქმით, DVB-T2 მხარდაჭერის მქონე ციფრული ტელევიზორის გარეგნული ნიშანი ისაა, რომ მას გააჩნია ანტენისთვის განკუთვნილი ორი შტეკერი. ერთი ჩვეულებრივი, რაც ძველი სტანდარტის ტელევიზორებს აქვთ და მეორე – ხრახნიანი შტეკერი, რომელიც ციფრული სიგნალისთვისაა განკუთვნილი.

 

მისი განამარტებით, DVB-T2-ის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორები 2013 წლიდან გამოდის, ხოლო 2014 წელს გამოსული ტელევიზორების დიდ უმრავლესობას DVB-T2-ის მხარდაჭერა გააჩნია.

 

“აუცილებლად უნდა იკითხონ DVB-T2 [მხარდაჭერის მქონე ტელევიზორი] იმიტომ, რომ DVB-T ფუნქცია აქვს აბსოლუტურად ყველა ტელევიზორს”, – ამბობს წერეთელი.

 

ტექნიკის მაღაზიების “ოქეისა” და “მეგატექნიკის” კონსულტანტებმა გვითხრეს, რომ მათ მაღაზიებში ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობები არ იყიდება. “არაი თუმოროუსა” და “მეტრომარტის” კონსულტანტების თქმით, Set Top Box-ები საქართველოში ჯერ არ იყიდება.

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ტელეკომუნიკაციებისა და მედიის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა სეთური ამბობს, რომ Set Top Box-ების ფასი უცხოეთში 40 დოლარამდე ადის. უჩა სეთურის თქმით, მათ, ვისაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი აქვს, ოპტიმალური გამოსავალი არის მიმღები მოწყობილობის შეძენა, რადგან უფრო იაფია.

 

 

ნიუ იორკში ქალი ყიდულობს ციფრული სიგნალის მიმღებს, ნიუ იორკი; აშშ ციფრულ მაუწყებლობაზე 2009 წელს გადავიდა.  11/06 2009 ©  EPA/JUSTIN LANE
ნიუ იორკში ქალი ყიდულობს ციფრული სიგნალის მიმღებს, ნიუ იორკი; აშშ ციფრულ მაუწყებლობაზე 2009 წელს გადავიდა. 11/06 2009 © EPA/JUSTIN LANE

რაც შეეხება ფასებს შორის სხვაობას, ციფრული ტელევიზორის ფასი, იმავე კლასის არაციფრულ ტელევიზორებთან შედარებით დაახლოებით 100 ლარით ძვირია, ამბობს “მეტრომარტის” კონსულტანტი ჯანო ჯინჭარაძე.

 

პაატა წერეთელმა გვითხრა, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი ციფრულ ტელევიზორებს ყიდულობენ, თუმცა არის მცირე ნაწილი, რომელიც, კონსულტანტების რჩევის მიუხედავად, უპირატესობას იაფ ფასს ანიჭებს.

 

“რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი კი მიიჩნევს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა ისინი მომზადებული შეხვდნენ სიახლეებს.

ვის შეუძენს მიმღებს სახელმწიფო?

 

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა რეიტინგული ქულა 70 ათასი ან ნაკლებია, სახელმწიფო   ციფრული სიგნალის მიმღებ მოწყობილობას უყიდის. 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს მონაცემებით, 70 ათასი და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა საქართველოში 212 266 ადამიანია.

 

სპეციალური მიმღებები ახლად შექმნილ ციფრული მაუწყებლობის განვითარების სააგენტომ უნდა შეიძინოს. ნათია კუპრაშვილის თქმით, სააგენტო ეძებს მწარმოებელს და ევროპაში ტესტავს იმ Set Top Box-ებს, რომლებიც საქართველოში იქნება გამოსადეგი.

  

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, აპირებს თუ არა სააგენტო, რომ დაიწყოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების კამპანია, რა რაოდენობის თანხაა მიმღები მოწყობილობების შეძენისთვის გამოყოფილი და რა რაოდენობის set top box-ები უნდა შეიძინოს, თუმცა სააგენტომ კომენტარისგან თავი შეიკავა.

რას შეცვლის ციფრული მაუწყებლობა?

 

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აცხადებს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ქართული ტელევიზიები, როგორც საკაბელო, ასევე, საეთერო ტელევიზიები, მაღალი გარჩევადობის ე.წ. HD ხარისხზე გადავა.

 

“მედიაბაზარსაც უფრო დივერსიფიცირებულს გახდის. კარგი საშუალებაა ახალი კომპანიების ბაზარზე შემოსვლისათვის და კონკურენციის პირობებში მომხმარებელი მიიღებს უკეთეს მომსახურებას”, – განმარტავს ხატია ყურაშვილი.

 

ნათია კუპრაშვილი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მედია გახდება უფრო მრავალფეროვანი და პლურალისტური. მისი თქმით, როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ მაუწყებლებს, მოქმედების მეტ თავისუფლებას მისცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი