ახალი ამბები

რატომ ვერ შეიმუშავა პარლამენტმა ფარული მიყურადების კონტროლის მექანიზმი

28 ოქტომბერი, 2014 • 948
რატომ ვერ შეიმუშავა პარლამენტმა ფარული მიყურადების კონტროლის მექანიზმი

2014 წლის აგვისტოში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში  1 ნოემბერი განისაზღვრა იმ ვადად, რა დრომდეც პარლამენტს შესაბამისი რეგულაციები უნდა შეემუშავებინა. ამ მიზნით, 1 აგვისტოს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სახალხო დამცველის, პარლამენტის, არასამთავრობო სექტორისა და  მთვრობის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა შავგულიძემ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ამ ვადის 1 აპრილამდე გადაწევას  ითვალისწინებს. ამ კანონპროექტის მიხედვით,  2015 წლის აპრილამდე საგამოძიებო ორგანოებს სატელეფონო მოსმენების მოწყობილობებზე კვლავ პირდაპირი წვდომა ექნებათ.

 

შალვა შავგულიძე ამის მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ საკითხის გადაწყვეტა ამ ვადაში ვერ მოესწრო:

 

“დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის ამ საკითხის გადავადება. საკითხი ვერ მოესწრო ამ ვადაში. რა ვქნათ ახლა, უბრალოდ, რახან ნათქვამი გვქონდა, რაღაც მივიღოთ და მერე იმ რაღაცამ დაგვაზიანოს?”–განაცხადა შავგულიძემ “რუსთავი 2–ის” ეთერში.

 

შავგულიძს თქმით, სამუშაო ჯგუფს კანონპროექტი არ წარმოუდგენია:

 

“ეს იდეა რომ კანონპროექტის სახემდე მივიდეს, საჭიროებს დამუშავებას. თქვენ თქვით, რომ გაქვთ მზა პოზიცია და მე გუშინ ვიკითხე, კი მაგრამ, სად არის ფურცელზე დაწერილი,”– განაცხადა მან სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას.

 

გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც სამუშაო ჯგუფში იყო ჩართული, ამბობს, რომ მთავარი არა პროექტის მომზადება, არამედ მიდგომებზე შეთანხმება იყო. თუმცა დაახლოებით თვენახევარია, რაც სამუშაო ჯგუფი ვერ შეიკრიბა:

 

“მიჭირს გითხრათ, რატომ არ შევიკრიბეთ. არ დაგვიძახეს, ჩვენ ველოდით, რომ შეგვკრებდნენ, იმიტომ, რომ ეს ჯგუფი გაკეთდა იურიდიული კომიტეტის ქოლგით, მათ უნდა გვითხრან, დაგვიძახონ და მივიდეთ და გამოვთქვათ ჩვენ–ჩვენი მოსაზრებები,“ – განაცხადა ლაშა ტუღუშმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

მისი თქმით,  სამუშაო ჯგუფში შემავალ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ქონდათ მოსაზრებები, რომელსაც კანონპროექტის სახე ახლახან მისცეს.

 

“მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ერთი თვის წინ გვქონდა ეს დაწერილი, მაგრამ ჩვენ ველოდით კომისიის სხდომას იმისათვის, რომ გვემსჯელა და გაგვეკეთებინა პრეზენტაცია იმ კონცეფციების, მიდგომების, რომლის საფუძველზეც დაიწერა ეს კანონპროექტი”– ამბობს ტუღუში.

 

ლაშა ტუღუშის თქმით, პარლამენტს უჭირს შსს–ს პოზიციის დაძლევა სამინისტროს მიერ ფარული მიყურადების “გასაღების” ფლობასთან დაკავშირებით:


“ეგ არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორი, რომ არის ასეთი პოზიცია და პარლამენტს უჭირს ამ პოზიციის დაძლევა,”– განაცხადა მან.

 

დღესვე კანონპროექტი გადავადების შესახებ კრიტიკულად შეაფასა ომბუდსმენმა და განაცხადა, რომ პარლამენტს ცვლილებების შესამუშავებლად საკმარისი დრო და რესურსი ქონდა; საკითხის დარეგულირების გადავადებით კი შსს ინარჩუნებს შეუზღუდავ წვდომას ინფორმაციასთან, რომელიც ადამიანის კერძო ცხოვრების სფეროს განეკუთვნება.

 

კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ გადავადებას მხარს “თავისუფალი დემოკრატები” არ დაუჭერენ:

 

“მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ავტორისადმი, შალვა შავგულიძისადმი და ზოგადად იურიდიული კომიტეტისადმი, მიმაჩნია, რომ პირველ ნოემბრამდე შესაძლებელი იყო ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. ჩვენი პოზიციაა, ამ შემთხვევაში “თავისუფალი დემოკრატების”, რომ  გადავადებას ამ ფორმით, რომელიც არის შემოთავაზებული, მხარს არ დავუჭერთ,”– განაცხადა ზურაბ აბაშიძემ “რუსთავი 2–ის” ეთერში.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური კი პრეზიდენტს თხოვს, რომ პროექტის გადავადების წინააღმდეგ მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენოს.

 

“ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან თავის ხელში არსებული ყველა მექანიზმი გამოიყენოს იმისთვის, რომ ამ პროექტის გადავადება არ მოხდეს,”– განაცხადა გიგაურმა.

 

ამავე საკითხზე გიგაურმა და სამუშაო ჯგუფის სხვა წარმომადგენლებმა: ლაშა ტუღუშმა, კახა კოჟორიძემ, ზვიად ქორიძემ და ლიკა საჯაიამ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ღია წერილით მიმართეს, სადაც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს სამუშაო ჯგუფის იგნორირებაში ადანაშაულებენ.

 

“იმედი გვაქვს, რომ თქვენ პირადად, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ საქართველოში მოსმენების მანკიერი სისტემის არსებობის გახანგრძლივებას. ამით თქვენ დაამტკიცებთ, რომ საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო”, – აცხადებენ მიმართვის ავტორები.

 

მიმართვას დღესვე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი, რომელიც ბელგიაში იმყოფება. მან განაცხადა, რომ შალვა შავგულიძის ინიციატივა პროექტის გადავადების შესახებ საქმის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

 

“კონკრეტულად შალვა შავგულიძეს არავიზე ნაკლებად არ აღელვებს ეს საქმე, არავიზე ნაკლები წვლილი არ შეუტანია ამ საქმის წარმატებაში, ის, რაც მიღწეულია დღემდე, და თუ მას რაიმე ინიციატივა და წინადადება აქვს დღეს, ეს არის მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო შედეგს და არ მოგვიწიოს საქმის შუა გზაზე შეწყვეტა და იმის დეკლარირება, რაც ვერ მოვახერხეთ,“– თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ  როდესაც საქართველოში დაბრუნდება, ამ საკითხებზე ყველა დაინტერესებულ პირს შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი