ახალი ამბები

ზვიად ქორიძის, ლაშა ტუღუშის, კოჟორიძის, გიგაურისა და ლიკა საჯაიას მიმართვა უსუფაშვილს

28 ოქტომბერი, 2014 • • 1317
ზვიად ქორიძის, ლაშა ტუღუშის, კოჟორიძის, გიგაურისა და ლიკა საჯაიას მიმართვა უსუფაშვილს

ქორიძე, ტუღუში, საჯაია, კოჟორიძე და  ეკა გიგაური პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის იგნორირებაში ადანაშაულებენ.

“ბატონო დავით, მოგმართავთ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილის სახელით. მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ბატონი შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში არსებული პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირება ა.წ. 1 ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე გადაიდება. გაცნობებთ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფთან შეთანხმების გარეშე, რაც მიუღებელია, ვინაიდან წარმოადგენს იმ სამუშაო ჯგუფის წევრების იგნორირებას, რომელიც კანონი საფუძველზე სპეციალურად ამ საკითხისათვის შექმნა იურიდიულმა კომიტეტმა.

მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა კანონპროექტის ინიცირება, სამუშაო ჯგუფის რვა წევრმა, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და საქართველოს პარლამენტის ორმა წევრმა (ნინო გოგუაძემ და თამარ კორძაიამ), განცხადებით მივმართეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს და ვითხოვეთ სამუშაო ჯგუფის სასწრაფოდ შეკრება აღნიშნულ ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით. სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფი არ იქნა მოწვეული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს ევროსაბჭოს ექსპერტთა არაერთი დასკვნა, სადაც ხაზგასმულია დღევანდელი სისტემის შეცვლის აუცილებლობა, როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წინაპირობა.

24-25 სექტემბერს საქართველოში ჩამოსულმა ევროპელმა ექსპერტებმა შემაჯამებელი რეკომენდაციები წარმოადგინეს. ექსპერტთა ბოლო რეკომენდაციების შემდეგ სამუშაო ჯგუფი არ ყოფილა მოწვეული. ჯგუფში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ გამართულა და მასზე კენჭისყრა არ ჩატარებულა. შესაბამისად, გაუგებარია, რას ემსახურება და რა უდევს საფუძვლად სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით დაჩქარებული წესით იურიდიული კომიტეტის მიერ კანონპროეტის ინიცირებას”, – ნათქვამია მიმართვაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პრობლემისა და სამუშაო ჯგუფის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება წარმოადგენს პროცესუალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფას.


ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს - 28.10.14
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს – 28.10.14


“ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხის გადავადების მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი გაახანგრძლივებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების დარღვევის და ღირსების შელახვის სისტემის არსებობას. აღნიშნული სისტემა მუდმივად იარაღად გამოიყენებოდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაჭირდა გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ხელისუფლებამ ვერ დათმო იარაღი, რომლის მეშვეობითაც მასობრივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. იმედი გვაქვს, რომ თქვენ პირადად, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ საქართველოში მოსმენების მანკიერი სისტემის არსებობის გახანგრძლივებას. ამით თქვენ დაამტკიცებთ, რომ საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო”, – აცხადებენ მიმართვის ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი