ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის ორწლიანი მუშაობის ანგარიში მონოლოგის რეჟიმში

27 ოქტომბერი, 2014 • • 1591
პრემიერ-მინისტრის ორწლიანი მუშაობის ანგარიში მონოლოგის რეჟიმში

მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანაგრიშის წარდგენის დროს “რედისონში” ღარიბაშვილის გამოსვლას ესწრებოდნენ მასწავლებლები, ექიმები, მეწარმეები, ჟურნალისტები, ჯარისკაცები, პოლიციელები, სპორტსმენები, ახალგაზრდები, დოქტორანტები. პრემიერს კომუნიკაცია არც მათთან გაუმართავს დარბაზში.

შეხვედრა დათქმულ დროზე (12:00) ოდნავ დაგვიანებით დაიწყო, მანამდე დარბაზში შესვლის მსურველებმა შემოწმება “რედისონის” საკონფერენციო დარბაზში შესავლელთან დამონტაჟებულ მეტალ-დეტექტორით გაიარეს. ცალკე შემოწმდა ჩანთები და მათში მოთავსებული ტექნიკა, ლეპტოპი თუ დიქტოფონი.

 

რედისონის შესასვლეში დამონტაჟებული მეტალ-დეტექტორი
რედისონის შესასვლეში დამონტაჟებული მეტალ-დეტექტორი

“ნეტგაზეთის” შეკითხვას, იქნებოდა თუ არა შეკითხვის დასმის საშუალება, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ არა და პრემიერი მხოლოდ ორწლიანი მუშაობის ანგარიშით წარდგებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ერთსაათიან გამოსვლაში ყველა მიმართულება მიმოიხილა. მაგალითად, აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დაფინანსებით, ის ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ სკოლის მოსწავლეები, 65 მილიონამდე ლარს ზოგავენ, რომ საქართველოს მასშტაბით 1065 სკოლის იმ 53 ათას მოსწავლეს, რომლებსაც სკოლამდე მისვლის პრობლება აქვთ, უფასო სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება. მისივე თქმით, მთავრობამ  1000 სკოლა გაარემონტა, ააშენეს 9 და აშენებენ 8 სკოლას. სახელმწიფომ დააფინანსა 21 საბაკალავრო პროგრამა და თბილისში რეგიონიდან ჩამოსული ნიჭიერი, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სტუდენტური საცხოვრებელი შენდება. “განათლების საერთაშორისო ცენტრმა” კი ორი წლის განმავლობაში 147 სტუდენტის საზღვარაგარეთ სწავლა დააფინანსა.

განათლების გარდა, ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობამ 1 მილიარდი ლარით გაზარდა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების დაფინანსება და  მთავრობამ უარი თქვა “ანბანის კოშკის” მსგავსი 60-მილიონიანი “უსარგებლო შენობის” აგებაზე და ეს თანხა ადამიანების მკურნალობისთვის მიმართა. ღარიბაშვილმა C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ პროგრამით 2000-მდე პაციენტმა ისარგებლა და 173 პატიმარი განიკურნა:

 

“სააკაშვილის ხელისუფლება და მისი ჯალათები უმკურნალებდნენ პატიმრებს და დახარჯავდნენ 6 მილიონ ლარს?” – რიტორიკული კითხვა დასვა პრემიერ-მინისტრმა.

 

მან წინა მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში. კერძოდ, მისი თქმით, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაკარგა საქართველომ კოდორის ხეობა. პრემიერმა აფხაზებს წარსულის ავტონომიური რესპუბლიკა შეთავაზა და დასძინა, რომ დამოუკიდებლობის მოთხოვნა უტოპიური გეგმაა.

სიტყვის დასრულებისა და დარბაზის დატოვების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის აპარატის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს, რომლებიც მთავრობის წევრების ჩასაწერად ემზადებოდნენ, გზის გათავისუფლება და გვერდით გაწევა მოსთხოვეს, ირაკლი ღარიბაშვილმა ტერიტორია დაცვის თანხლებით ისე დატოვა, რომ არც ერთი შეკითხვისთვის არ უპასუხია.

 

ირაკლი ღარიბაშვილი რედისონს ტოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი რედისონს ტოვებს

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ორწლიანი საქმიანობის პრეზენტაციისას საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება შეკითხვები დასვას:

“ეს არსებითია – ასევე აღიქვამს თუ არა შენს ნამუშევარს  საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი 2 წლისთავზე. ეს პრინციპი, როგორც წესი, საქართველოში ირღვევა და ეს ყველა მთავრობის სენი იყო, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით. როდესაც კომუნიკაციის ასეთი ფორმა ხდებოდა უპირატესი, მერე იწყებოდა ზუსტად მთავრობის კრიზისები. არ შეიძლება მთავრობა მონოლოგის რეჟიმში მუშაობდეს, მხოლოდ გელაპარაკებოდეს და არ გისმენდეს. ჯობდა ყოფილიყო დისკუსია და კამათი, ზოგადად ინტერაქტიულობა მაღალი გონიერების მაჩვენებელია, იმის, რომ გინდა საქმის გაკეთება”, – ამბობს ქორიძე.

მისივე შეფასებით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები მათი პოლიტიკური საქმიანობის მიმდინარე ფაზაში ჩრდილში გადასვლას ამჯობინებებდნენ და საზოგადოებას არც კი ენახებოდნენ, ესაუბრებოდნენ და ეკამათებოდნენ:

“ეს თანდათანობით ვითარდება. ახლა მთავრობას აქვს შიში იმისა, რომ ერთი მხრივ, არ გააკეთა ბევრი რამ, რასაც დაპირდა, მეორე მხრივ, აქვს შიში იმისა, რომ საზოგადოება რაღაცებზე პასუხს მოთხოვს. შეიძლება ისეთ რამეზე მოთხოვოს პასუხი, რასაც მთავრობა არ დაპირებია, ინტერაქტიულ დიალოგს ყოველთვის ასეთი რამ მოსდევს. ამის ეშინია მთავრობას. მეორე მხრივ, მთავრობას ზოგადად ეშინია კითხვების. ვაკვირდები ხშირად, როდესაც კითხვას უსვამენ ცალკეულ მინისტრებს, ამბობს – მხოლოდ ერთი შეკითხვა და გაქცევაზეა. იგივე  პრემიერ-მინისტრის რეპლიკა მახსოვს, როდესაც ქედაში მან კითხვას თავი შემდეგი არგუმენტით აარიდა – თქვენ გაზეთი “ბათუმელები” ხართ, გასაგებია ყველაფერი, კარგად ბრძანდებოდეთ – და ყველასთვის გაუგებარი დარჩა, რა იყო გასაგები მისთვის და იქვე ირკვევა, რომ რა კითხვაც დაუსვა ჟურნალისტმა, ფაქტობრივი სიზუსტეა. ამას ემატება მცდელობა იმისა, რომ გარკვეული შიში დაუნერგონ საზოგადოებას, რომ მათ არ გაუჩნდეთ კითხვები. შიშის დანერგვა ვისაც უნდა, მას სურს ავტორიტარული მმართველობის მექანიზმები აჩვენოს და საზოგადოებას ამ დროს დიდად შეიძლება არც ჰქონდეს შიში, რომ ავტორიტარიზმი მოდის და ნიჰილისტურად მიუდგეს საკითხს, რაც არანაკლებ სახიფათოა. ორივე ტენდენცია დემოკრატიული განვითარებისათვის ხიფათის შემცვლელია”,- ამბობს ქორიძე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში მედია რამდენჯერმე ახსენა. მისი თქმით, მთავრობის მიღწევები ტელევიორში არ ჩანს, რადგან მათი მიღწევები არ უხარიათ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თამარ რუხაძის თქმით, სასურველია, მთავრობის წარმატებული მუშაობის გამო მედიისგან სიხარულის მოლოდინის ნაცვლად ხელისუფლებამ მედიის მიერ გაშუქებულ პრობლემებზე რეაგირება მოახდინოს და მათ გამოსწორებაზე იზრუნოს:

“მედია უნდა აშუქებდეს რეალობას და თუ რეალობაში პოზიტიური ამბები ხდება, ესეც  შეიძლება ხვდებოდეს მედიის ინტერესის და ყურადღების სფეროში. მედიის წარმომადგენლებს უხაროდეთ მთავრობის რომელიმე პირის წარმატება, გადაჭარბებული ნათქვამია, პირადი სიხარული ან ამ სიხარულის გამო ახალი ამბის კეთება. მთავარია, მედია რეალობის ადეკვატური იყოს. თუ ეს რეალობა რაღაც მომენტში მძიმეა, მედიამ უნდა ასახოს, მიუხედავად იმისა, მთავრობას გაეხარდება თუ არა”, – ამბობს რუხაძე.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ორწლიანი ანგარიშის წარდგენას სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სამინისტროებმა სფეროების მიხედვით გაუწიეს ორგანიზება ადამიანების შეკრებას. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადენელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ პრეზენტაციას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დოქტორანტების ნაწილი და ის მასწავლებლები დაესწრნენ, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესი არ ჰქონდათ:

 

“არავითარი კონკრეტული პარამატრებით ეს ადამიანები შერჩეულნი არ ყოფილან, უბრალოდ, ყველა დოქტორანტი დავპატიჟეთ და პირველი ის 15 პედაგოგი, რომელიც  შემთხვევითი შერჩევით ამოვარჩიეთ, რომლებსაც არ ჰქონდათ გაკვეთილები 12 საათზე, არ უწევდათ შორი გზიდან მოსვლა და ვინც სურვილი გამოთქვა”, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი