ახალი ამბები

ფემიციდისა და პარტნიორის ცნება – კიდევ რისი ასახვა სურს არასამთავრობოებს კანონში

27 ოქტომბერი, 2014 • • 1531
ფემიციდისა და პარტნიორის ცნება – კიდევ რისი ასახვა სურს არასამთავრობოებს კანონში

ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, 27 ოქტომბერს შეიმუშავეს და დაახლოებით ერთ კვირაში წერილობითი ფორმით მთავრობას მიაწვდიან. 

 

“საკანონმდებლო დონეზე საკითხს უნდა დაერქვას შესაბამისი სახელი, ჩვენ გვაქვს ფემიციდი და ჩვენ საქმე გვაქვს ფემიციდთან. შესაბამისად, ეს შეფასება უნდა აისახოს საკანონმდებლო სივრცეში. ოჯახში ძალადობა უნდა განისაზღვროს დამამძიმებელ გარემოებად, რადგან ქალისთვის, ბავშვისთვის ოჯახი სწორედ ის ადგილია, სადაც საზოგადოებისგან ძალადობა დაფარულია,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში რუსუდან კერვალიშვილი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა. 

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში მოხდეს გარკვეული ფორმით მოძალადის ქცევის კორექციის ასახვა. 

 

“ეს მიმართული უნდა იყოს მოძალადის მიერ შემდგომი ძალადობის პრევენციისკენ,”- აცხადებს კერვალიშვილი. 

 

ირინა ჯაფარიძის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერის განმარტებით, ორგანიზაციამ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა.

 

“ეს პაკეტი ითვალისწინებს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის პროცედურის გამარტივებას. ეს ხელს შეუწყობს შემაკავებელი და დამცავი ორდერების ზრდას და, შესაბამისად, მსხვერპლის უფრო მეტ დაცვას. შემაკავებელი ორდერების შემთხვევაში აღარ უნდა იყოს საჭირო სასამართლოს მიერ დამტკიცება. როდესაც პოლიციელი გამოსცემს შემაკავებლ ორდერს, მაშინვე უნდა შედიოდეს ის ძალაში,”- ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 

მისი თქმით, კვლევის ფარგლებში, რომელიც მისმა ორგანიზაციამ ჩაატარა კანონის [ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ] აღსრულების საკითხებზე, გამოიკითხნენ პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ბევრი სირთულე გამოიკვეთა.

 

“საკმაოდ დიდ სირთულეებს აწყდებიან პოლიციელები, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც უწევთ შემაკავებელი ორდერის სასამართლოში წაღება და დამტკიცება. უწევთ მოძალადის წაყვანა, რამდენიმე საათი ლოდინი. ტექნიკური პრობლემებია. იქ, სადაც საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორია არ არის, მოქმედებს უბნის პოლიციელი, რომელსაც არ ჰყავს ხშირად სატრანსპორტო საშუალება და ტექნიკურად შეუძლებელი ხდება გადაადგილება. შედეგად გვაქვს ზოგიერთი სოფელი, სადაც არც ერთი შემაკავებელი ორდერი არ ყოფილა გამოცემული. ვფიქრობთ, ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პოლიციის გააქტიურებას ამ საკითხში,”- აცხადებს ირინა ჯაფარიძე. 

 

რაც შეეხება დამცავ ორდერებს, მისივე განმარტებით, “დამცავი ორდერების ძალიან დაბალია სტატისტიკის გათვალისწინებით. მიზანშეწონილი იქნება, მსხვერპლის მტკიცების ტვირთი შედარებით დაბალი იყოს, ვიდრე სხვა ტიპის სასამართლო გადაწყვეტილებებზე – “ეს ასევე გაუმარტივებს მსხვერპლს თავისი პოზიციის მტკიცებას.”

 

არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ შეხვედრაზე გაჩნდა ვერსიაც, რომ კანონმდებლობით, მტკიცების ტვირთი ბრალდებულს, ანუ ამ შემთხვევაში მოძალადეს დაეკისროს, თუმცა, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ეს რეკომენდაცია მთავრობას არ გადაეგზავნება. 


“ასევე გვაქვს რეკომენდაცია პოლიციელებისთვის შიდა სავალდებულო ინსტრუქციები შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს გარკვეული ბუნდოვანების აღკვეთას, რაც კანონმდებლობაში არსებობს და ხელს შეუწყობს ერთგვაროვან მიდგომას. პოლიცია დღეს ხელმძღვანელობს მხოლოდ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონით, სისხლის სამართლის კოდექსით, საპროცესო კანონმდებლობით და ა.შ. ეს ინსტრუქციები კი ხელს შეუწყობს იმას, რომ მთელ საქართველოში ყველა პოლიციელს ექნება ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს,”- ამბობს ირინა ჯაფარიძე.  

 

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელს, ეკა აღდგომელაშვილს პრინციპულად მიაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა [გენდერული თანასწორობის კანონი და კანონი ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ კანონი] შეიცვალოს და გენდერულად სენსიტიური გახდეს.


“ის, რაც დღეს გვაქვს, ეს არის გენდერულად ნეიტრალური. ძალიან მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ ასეთი ძალადობა ხდება სწორედ ქალების მიმართ ხდება,”- ამბობს აღდგომელაშვილი.


მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ასევე “ჩაშლილი სტატისტიკის არსებობა. დღე ეს სტატისტიკა სხვადასხვა ინსტიტუციებში იკარგება და ძალიან რთულია დანახვა, სად აქვს კანონს დეფექტი, სად არ ხდება მისი აღსრულება, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს დონეზე. ასეთი სტატისტიკის უქონლობის შემთხვევაში ჩვენ ვერ დავინახავთ მთლიან სურათს.”


კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც აღდგომელაშვილი ყურადღებას ამახვილებს, ეს სახელმწიფო თავშესაფრებია.


“არ არის სახელმწიფო თავშესაფრები ინკლუზიური. გარკვეული მარგინალიზებული ჯგუფის ქალები ავტომატურად გამორიცხული არიან იქ მოსახვედრად. თუმცა, ისინი ძალიან ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს შშმ, ალკოჰოლდამოკიდებული, ნარკოდამოკიდებული ადამიანი. ამ ინსტიტუციების შიდა ინტრუქციაში წერია, რომ უარი შეიძლება ეთქვას ადამიანს, თუკი საფრთხედ მიიჩნევენ მის იქ ყოფნას. მნიშვნელოვანია, რომ დაცვის მიღმა არ დარჩნენ ეს ადამიანები. ზოგადად, დღეს ჩვენს რეკომენდაციებს კი არ უნდა ისმენდეს სახელმწიფო, ჩვენ უნდა ვისმენდეთ სახელმწიფოს ახსნა-განმარტებას იმაზე, რატომ ვარ მოძალადესთან პირისპირ შეტოვებული,” – ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

 

“არის საუბარი იმაზეც, რომ პარტნიორის მცნება დაემატოს ოჯახში ძალადობის კანონს, როგორც ძალადობის შესაძლო მსხვერპლი ოჯახში. ამჟამად ჩვენ გვაქვს რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ქორწინების მცნება, მაგრამ ვინც არ არის ქორწინებაში, ისინი კანონმდებლობის მიღმა რჩებიან,”- ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების სპეციალისტი თამარ საბედაშვილი. 


კანონმდებლობაში გასათვალისწინებელი საკითხებს შორისაა ზოგადი განათლების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯებიც.  


“ვფიქრობთ, მასწავლებელთა პროფესიული მომზადების კურიკულუმში უნდა შევიდეს ეს საკითხები.” 

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების სპეციალისტ თამარ საბედაშვილის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის [ძირითადად, ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები] დაახლოებით 40 წარმომადგენელი ესწრებოდა, მთავარობის ინიციატივით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) გამართა.


“ეს იყო მთავრობისა და მმართველი პარტიის დეპუტატის, გუგული მაღრაძის ინიციატივა. ახლა ელოდებიან ამ რეკომენდაციებს, რომელთაც კვირის ბოლომდე მივაწვდით და რომელიც გრძელვადიანი სტრატეგიის და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს უნდა გაითვალისწინონ.”

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა, რომელიც ოჯახში ძალადობის საკითხებს უკავშირდებოდა, 22 ოქტომბერს გამართა. მაშინდელი განცხდებით, ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

 

უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის ოჯახში ძალადობის თემებზე იმუშავებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იქნება. ჯგუფის შემადგენლობაში  იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები შედიან. პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი