ახალი ამბები

ღარიბაშვილი: პირველად 20 წლის განმავლობაში გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი

27 ოქტომბერი, 2014 • • 889
ღარიბაშვილი: პირველად 20 წლის განმავლობაში გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი

“ეს მოიტანა ჯანდაცვის პროგრამამ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც მთავრობის ორწლიან ანგარიშს აბარებს საზოგადოებას სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში.

 

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ 1 მილიარდი ლარით გაზარდა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების დაფინანსება:

 

“ჩვენ ეს თანხა გამოვძებნეთ ბიუჯეტში, რადგან პრიორიტეტი არის სწორედ ადამიანი და მისი ჯანმრთელობა,” – განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ამ დროისთვის სარგებლობს 2 მლნ 781 ათასი ადამიანი. 

 

ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი არის 148 ლარი, რომელსაც მისმა მთავრობამ გაუთანაბრა პენსიის ოდენობა, როცა ის 150 ლარამდე გაზარდა.

 

“ამას გავაორმაგებთ, მაგრამ ამას ჭირდება ეკონომიკის გაორმაგება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, მთავრობამ უარი თქვა “ანბანის კოშკის” მსგავსი 60-მილიონიანი “უსარგებლო შენობის” აგებაზე და ეს თანხა მიმართეს ადამიანების მკურნალობისთვის. ასევე, პრემიერის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის მსგავსი 340 მილიონიანი შენობის ნაცვლად ამჯობინეს გლეხების დახმარება.

 

ღარიბაშვილმა ისაუბრა C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაზეც. მისი თქმით, ამ პროგრამით 2000-მდე პაციენტმა ისარგებლა და 173 პატიმარი განიკურნა:

 

“სააკაშვილის ხელისუფლება და მისი ჯალათები უმკურნალებდნენ პატიმრებს და დახარჯავდნენ 6 მილიონ ლარს?” – რიტორიკული კითხვა დასვა პრემიერ-მინისტრმა.

 

მან წინა მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში. კერძოდ, მისი თქმით, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაკარგა საქართველომ კოდორის ხეობა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი