ახალი ამბები

კანონპროექტით სატელეფონო საუბრების და მეილსერვერების “გასაღები” ისევ შსს-ს ექნება

25 ოქტომბერი, 2014 • 1347
კანონპროექტით სატელეფონო საუბრების და მეილსერვერების “გასაღები” ისევ შსს-ს ექნება

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს დაამტკიცა კანონპროექტი ფარული მიყურადების შესახებ.  ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში,  რომლის მიხედვითაც  ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, თუ ეს წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის და პროპორციულ საშუალებას ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. ასეთი ლეგიტიმური მიზნებია ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უწესრიგობის და დანაშაულის თავიდან აცილება და ა.შ.  

 

აგვისტოში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება ის წრე, ვის მიმართაც შესაძლებელია ფარული მოსმენა განხორციელდეს. ცვლილებების მიხედვით დაცული უნდა იქნას შეტყობინების პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს, რომლის მიმართაც ფარული ღონისძიება განხორციელდება, ამის შესახებ უნდა ეცნობოს და  გასაჩივრების უფლებაც განემარტოს.

 

აგვისტოში მიღებულმა კანონმა პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის უფლება, ე.წ. გასაღები კვლავ დაუტოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც   კვლავ შეუძლია  მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მოსმენა ან ელექტორნული კომუნიკაციების თვალთავლი ისე, რომ  საქმის კურსში არ ჩააყენონ ჯიესემ ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები. გარდა ამისა აგვისტოში დამტკიცებულმა კანონმა არ შექმნა კონტროლის მექანიზმი.

 

2014 წლის აგვისტოში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში  1 ნოემბერი განისაზღვრა იმ ვადად, რა დრომდეც პარლამენტს შესაბამისი რეგულაციები უნდა შეემუშავებინა.

 

მაშინ პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამ საკითხზე სამუშაოდ შეიქმნებოდა კომისია პარლამენტის წევრების, მთავრობის წარმომადგენლების და არასამთავრობოების მონაწილეობით.

 

კომისიას უნდა ემსჯელა და ნოემბრამდე შეემუშავებინა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავდა, ვის ექნებოდა იმ მოწყობილებების “გასაღები”, რომლითაც ხორციელდება ფარული მოსმენა/თვალთვალი.

 

ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე კი პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ამ ვადის 1 აპრილამდე გადაწევას  ითვალისწინებს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებების პროექტში წერია, რომ  პარლამენტმა 2015 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება  უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი.

 

ამავე პროექტის მიხედვით 2015 წლის 1 აპრილამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს:

 

ა) ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით;  

 

კანონპროექტის ავტორია დეპუტატი შალვა შავგულიძე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.  ის იმ კომისიის წევრი იყო, რომელსაც ნოემბრამდე უნდა შეემუშავებინა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავდა  მოწყობილობებთან წვდომის მექანიზმებს.

 

შავგულიძე კანონპროექტის განმარტებით ბარათში 2 გარემოებაზე მიუთითებს, რის გამოც, მისი აზრით, აუცილებელია ვადის აპრილამდე გადადება.

1.პარლამენტს  კომუნიკაციების კომისიის მეშვეობით უნდა გაერკვია, ახდენდნენ თუ არა კომპანიები მათ მიერ განხორციელებული კომუნიკაციის მაინდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვას, დადებით შემთხვევაში – რა სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციას ინახავდნენ კომპანიები; შეეძლოთ თუ არა მათ მოეხდინათ კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ყველა იმ სახის ინფორმაციის შენახვა, რომელიც გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და რა სახის დამატებით ტექნიკური აღჭურვილობა და ფინანსური რესურსები სჭირდებათ ამ კომპანიებს, რომ შეძლონ კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ორი წლის ვადით შენახვა.   განმარტებითი ბარათის მიხედვით პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიიღო სხვადასხვა კომპანიებიდან მოპოვებული შესაბამისი ინფორმაციები, რომლებიც დასმულ საკითხებთან დაკავშირებით არ იძლევა ერთგვაროვან სურათს. კანონპროექტის ავტორის აზრით, მოპოვებული ინფორმაციები “საჭიროებს დამატებით დამუშავებას და ანალიზს”, თუმცა, რატომ არ აღმოჩნდა ამისთვის 3 თვე საკმარისი, განმარტებული არ არის.

 

2.მეორე მიზეზად განმარტებით ბარათში მოყვანილია ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც  გააუქმა მონაცემების შენახვის შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 15 მარტის N2006/24/EC დირექტივა;

 

“შესაბამისად, ევროპის საბჭო, ევროპის კომისია და ევროპის პარლამენტი მიზნად ისახავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი მარეგულირებელი წესების პროექტზე მუშაობის დასრულებას 2014 წლის ბოლოსათვის; ამგვარად მიზანშეწონილია, სამუშაო ჯგუფის მიერ მოცემული საკანონმდებლო ინციატივის ჩამოყალიბებისას გათვალისწინებული იქნას ის პრინციპები და სტანდარტები, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, მათ შენახვასთან და დამუშავებასთან დაკავშირებით შემუშავებული იქნება ევროპის საბჭოს, ევროპის კომისიისა და ევროპის პარლამენტის მიერ”, -ნათქვამია განმარტებაში.

ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა ამ კანონპროექტს მხარს დეპუტატები.

 

სამუშაო ჯგუფის წევრი ზვიად ქორიძე ამბობს,  რომ ის და კომისიის სხვა წევრები არასამთავრობო სექტორიდან არ იყვნენ ინფორმირებული ამ გადავადების შესახებ.

 

“ეს იყო სამუშაო პროცესი, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში შესუსტდა, პრაქტიკულად არ ყოფილა სამუშაო შეხვედრები და როცა მოახლოვდა კომისიის მანდატით გათვალისწინებული ვადა, ვიღებთ ინფორმაციას, რომ არის ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, გაურკვევლობის ვადა უნდა გადავადდეს 1 აპრილამდე”.

 

ქორიძის აზრით, თუკი გადადების მიზეზი ტექნიკური ინფრასტრუქტურაა, შესაძლებელი იყო, რომ პარლამენტს კანონი მიეღო, თუმცა გარდამავალ დებულებაში ჩაეწერა მისი ამოქმედების ვადა, ვთქვათ, აპრილში.

 

ზვიად ქორიძე ერთ-ერთი ავტორია ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული იმ კანონპროექტების, რომელსაც პარლამენტი ივლისში იხილავდა. მაშინ წარდგენილი  პროექტის მიხედვით საგამოძიებო ორგანოებს აღარ ჰქონდათ პირდაპირი წვდომა ჩამწერ მოწყობილობებთან, ფარული მოსმენა უნდა განეხორციელებინათ კომუნიკაციის ოპერატორებს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე და გადაეცათ საგამოძიებო ორგანოებისთვის.

“შსს პოზიცია იყო, რომ მიუღებელია, რომ კომუნიკაციების კომპანიებმა აწარმოონ ჩაწერა და მიაწოდონ საგამოძიებო ორგანოებს. მათ მიაჩნდათ, რომ ეს უნდა გაეკეთებინა საგამოძიებო უწყებას”, – ამბობს ზვიად ქორიძე.

 

ქორიძის თქმით, “ეს იყო კონცეპტუალური დავა და როცა სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა, მათთვის, სამართალდამცავებისთვის, მხოლოდ ეს სისტემა იყო მისაღები.  ისინი ფიქრობდნენ, რომ კონტროლის დამატებითი მექანიზმი უნდა შექმნილიყო, ოღონდ პირდაპირი წვდომა უნდა ჰქონოდა საგამოძიებო ორგანოებს” .

 

სამუშაო ჯგუფის წევრი ამბობს, რომ როცა ჩამოვდინენ ექსპერტები ევროსაბჭოდან, მათი შეთავაზება იყო კომპრომისული ვარიანტის მოძიება-  რომ ფარული ჩაწერისას არ ყოფილიყო ერთი გასაღები, ანუ ის არ ყოფილიყო საგამოძიებო ორგანოს,  ან მობილური კომპანიების, ინტერნეტპროვაიდერების ხელში. ქორიძის განმარტებით, ამ კომპრომისული მექანიზმის მიხედვით “ორი გასაღებიდან” ერთს უნდა ფლობდეს კომუნიკაციების ოპერატორი, მეორეს კი, შსს, საგამოძიებო ორგანოები, ან  სასამართლო.

 

ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტრის პირდაპირი წვდომა აქვს კომუნიკაციების სისტემებთან და მონაცემთა ბაზებთან და თუკი პარლამენტი შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ეს უფლება მას აპრილამდე ექნება.

თვალთვალი, ილუსტრავია: კ.სტალინსკი
თვალთვალი

მასალების გადაბეჭდვის წესი