ახალი ამბები

მეუფე თეოდორე მოხეში არსებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვს

24 ოქტომბერი, 2014 • 1692
მეუფე თეოდორე მოხეში არსებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვს

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღნიშნული შენობა გადაეცეს საქართველოს საპატრიარქოს, რათა მან შემდგომ განკარგოს ეს შენობა“, -განაცხადა მან.

 

ეს განცხადებები, სამხრეთის კარიბჭის ცნობით, მეუფე თეოდორემ 24 ოქტომბერს ახალციხეში გააკეთა, სადაც სპეციალური ბრიფინგი გამართა თავის რეზიდენციაში.

 

მეუფე თეოდორეს განცხადებით, გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში 1595 წლისთვის მოხსენიებულია ზემო და ქვემო მოხე, სადაც დასახლებულები ყოფილან ეთნიკური ქართველები. ორივე მოხეს, დღეს უკვე გაერთიანებულ სოფელ მოხეს, ჰქონია თავისი მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიდანაც ერთ–ერთი დღეს ნანგრევების სახით შემორჩენილია ქვაბლიანის ხეობის სახით სოფლის სამხრეთით, მეორე კი, დღევანდელი სადაო შენობის ადგილას. ეს ყოფილა სამონასტრო კომპლექსი.

 

„1920–იან წლებში ამიერკავკასიის ფედერაციის დროს ახალციხის მაზრას მართავდა ვინმე აღა სულთანი, რა დროსაც დაიწყეს ეკლესიის ნგრევა და ამ ქვებით ნაეკლესიარ ადგილზე დაიწყეს მეჩეთების მშენებლობა. მაგალითად: კახარეთში, სმადაში, ადიგენში, ბოლაჯურში, მოხეში და სხვა სოფლებში. მოხეში ეკლესიის ქვებით აშენდა კედლები, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი დამთავრება კომუნისტური წყობის გამო. აღნიშნული შენობა დაასრულეს კომუნისტებმა და განათავსეს ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, კინო, კანტორა და ასე შემდეგ“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

 

მისივე თქმით, შენობაში არც ერთი დღე არ ყოფილა მუსლიმური ღვთისმსახურება: „აქედან გამომდინარე სოფელში მცხოვრები ქრისტიანები თანახმა იყვნენ, რომ შენობაში განთავსებულიყო რაიმე ნეიტრალური დაწესებულება, სადაც სოფლის ყველა მაცხოვრებელს თანაბრად შეეძლებოდა მისვლა, წიგნის წაკითხვა და სხვა ღონისძიებების ჩატარება, რომელიც არ იქნებოდა არც ერთი რელიგიისათვის შეურაცხმყოფელი. ეკლესიისთვის აბსოლიტურად მიუღებელია, რომ აღნიშნული შენობა გადაეცეს მუსლიმურ სამმართველოს, რადგან, როგორც აღვნიშნე, აქ არასოდეს უმოქმედია მეჩეთს და ისტორიულად არის მონასტრის ნანგრევებზე აშენებული, ტაძრის ქვებით. რაც დღესაც ნათლად შეიმჩნევა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დადასტურდება, თუ მოხდება მისი არქეოლოგიური და საფუძვლიანი შესწავლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღნიშნული შენობა გადაეცეს საქართველოს საპატრიარქოს, რათა მან შემდგომ განკარგოს ეს შენობა“.

მეუფე თეოდორე,  24 ოქტომბერი, 2014, ახალციხე, საქართველო. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე
მეუფე თეოდორე, 24 ოქტომბერი, 2014, ახალციხე, საქართველო. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ამ განცხადებების პარალელურად ქორეპისკოპოსმა განაცხადა, რომ  ეკლესია ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია და მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტუაცია განმუხტოს. მან მუსლიმებს მოუწოდა, შეეცადონ არ დაძაბონ სიტუაცია. როგორც ეკლესია ითვალისწინებს მათ მდგომარეობას, მათაც გაითვალისწინონ ქრისტიანების მდგომარეობა და ნუ შეეცდებიან ქრისტიანების გაღიზიანებას: 

 

„სოფელში არავითარი პრობლემა არ არსებობს რელიგიური ღვთისმსახურების აღვლენის, ძალიან დიდი ხანია სოფელში მოქმედებს მეჩეთი, მაგრამ, სამწუხაროდ, სოფელში არ მოქმედებს ეკლესია. ამდენი ხნის განმავლობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ ვერ შეძლო აეშენებინა ეკლესია და არც არავინ დახმარებია მათ ამაში. მხოლოდ წელს დავიწყეთ ამ სოფელში ეკლესიის მშენებლობა და ვცდილობთ, რომ მომავალი წლისთვის იქ მცხოვრებ ქრისტიანებს ჰქონდეთ რელიგიურ რიტუალებზე დასწრების საშუალება”. 

 

მისივე თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტია შეისწავლიან თუ არა ამ შენობას, თუმცა ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება.

 

„შესწავლა უნდა მოხდეს საფუძვლიანად, არ შეიძლება არაკომპეტენტურმა ადამიანებმა შეისწავლონ შენობა. კულტურის სამინისტრომ, არქეოლოგებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, ისტორიკოსებმა შეიძლება, რომ დაიწყონ ამ შენობის შესწავლა და არავითარ შემთხვევაში არაკომპეტენტურმა კომისიამ, რომელიც სოფლის მცხოვრებლებისგან იქნება დაკომპლექტებული. თუმცა აუცილებელია იქ მცხოვრები ადამიანების გათვალისწინება. ამ შენობის ბედის გადაწყვეტის დროს არ შეიძლება მხოლოდ იმით ვიხელმძღვანელოთ, რა დასკვნას დადებს კომისია“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მისივე თქმით, ბიბლიოთეკის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ეკლესიასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა: 

 

„სახელმწიფოს ჰქონდა ამაზე საუბარი ჩვენთან, ისევე როგორც მუსლიმ ლიდერთან. დავთანხმდით, რომ სოფელში არ ყოფილიყო ვნებათაღელვა და დაპირისპირება. მხოლოდ ამის გამო დავთანხმდით, თუმცა ქრისტიანი მოსახლეობა იქ ძალიან დიდი ხანი ითხოვდა ეკლესიის მშენებლობას, მაგრამ მე არ მივეცი ამის უფლება და სხვაგან დავიწყეთ ეკლესიის მშენებლობა“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 22 ოქტომბერს ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიწყო შენობის დემონტაჟი, სადაც ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, ადრე იყო მეჩეთი და შემდეგ საბჭოთა პერიოდში მოხდა მისი გადაკეთება კლუბად.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ეს შენობა მიტოვებული იყო, რომელშიც ახლა გამგეობამ ბიბლიოთეკის მოწყობა გადაწყვიტა, რასაც ადგილობრივი მუსლიმები ეწინააღმდეგებიან. 22 ოქტომბერს  პოლიციამ მოხეს 14 მცხოვრები დააკავა.  თვითმხილველების თქმით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, პოლიციის მხრიდან რამდენიმე მოქალაქის ცემის ფაქტს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი