ახალი ამბები

გადაიდება თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

23 ოქტომბერი, 2014 • 1725
გადაიდება თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

“ალბათ, დრო იქნება გადასახედი, იმიტომ, რომ ზოგიერთი წარმომადგენელი უშიშროების საბჭოსი აქ არ ვართ, მე მაქვს გერმანიაში ვიზიტი, ამიტომ მივმართე პრეზიდენტს, რომ განიხილოს დროის შეცვლის საკითხი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ფორმატი, მათ შორის უშიშროების საბჭოს ფორმატი, უნდა შედგეს იმ გამოწვევებზე სწორად საპასუხოდ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს,“– განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

 

სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომაზე არის მიწვეული, ამბობს, რომ დროის შეთანხმების შემდეგ დასწრების გადაწყვეტილებას პრემიერ–მინისტრთან შეთანხმების შემდეგ მიიღებს

 

“მუდმივმოქმედ წევრებს აქვთ განრიგის პრობლემა, შესაბამისად, შედგება კონსულტაციები. თუკი დრო შეთანხმდება მუდმივმოქმედ წევრებს შორის და ისევ მომიწვევენ იმ ახალ დროზე და ვიქნები თბილისში, პრემიერ–მინისტრთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, მივიღებ გადაწყვეტილებას.

 

უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭო მომავალში ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის ერთობლივად კოორდინირებულად დაგეგმვაზე სასაუბროდ მოიწვია.

 

შეიცვლება თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩატარების თარიღი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

 

იმერლიშვილის თქმით, სხდომაზე დასასწრებად, მუდმივი წევრების გარდა, მოწვეულები არიან მთავრობის და პარლამენტის წამრმოადგენლები:

 

“მოწვეულია სახლმწიფო მინისტრები, ბატონი ზაქარეიშვილი და პეტრიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კანონის თანახმად ესწრება ეროვნული უშიშროების საბჭოს და გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, მოწვეულია 3 კომიტეტის თავმჯდომარე  – ბატონი თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე, ასევე, გენერალური შტაბის უფროსი,“– თქვა იმერლიშვილმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი