კომენტარი

NGO-ები: ხელისუფლებამ მუსლიმი თემის უფლებები დაარღვია (Video)

23 ოქტომბერი, 2014 • 1284
NGO-ები: ხელისუფლებამ მუსლიმი თემის უფლებები დაარღვია (Video)

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეაჩერონ მოხეს მეჩეთში კულტურის ცენტრის მშენებლობა, ვიდრე კანონით დადგენილი პროცედურებით არ განისაზღვრება მეჩეთის სტატუსი. გარდა ამისა, პროკურატურას, სასამართლოს, საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრებს ადეკვატური და სამართლიანი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

 

განცხადების მიხედვით, ხელისუფლებას კანონით დადგენილი წესით არ შეუსწავლია მეჩეთის ისტორიული და კულტურული სტატუსი და საკულტო ნაგებობას კულტურის ცენტრის მიზნობრიობა დაუდგინა, რაც დაუსაბუთებელია და მუსლიმი თემის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

 

‘სახელმწიფო ყოველთვის თავს იკავებს სამართლებრივი და რეპრესიული მექანიზმების გამოყენებისგან იმ შემთხვევებში, როდესაც დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები აშკარად ახორციელებენ რელიგიურ დევნას,  თუმცა მისი მეთოდები სასტიკი და ძალადობრივია რელიგიური უმცირესობების მიმართ. ცხადია, სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა დისკრიმინაციულია,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

NGO-ები აცხადებენ, რომ არაადეკვატურია პრემიერ–მინისტრის დღევანდელი განცხადება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მოხეში უკვე არსებობს მეჩეთი და მუსლიმებს იქ ლოცვის პრობლემა არ აქვთ.

 

“მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, რომელსაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფომ დაუბრუნა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობები, ხელისუფლებას იგივე პოლიტიკა არ გაუტარებია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით. რელიგიური უმცირესობების კუთვნილი  ისტორიული, საკულტო ნაგებობების ძირითადი ნაწილი (როგორც მოქმედი, ისე არამოქმედი), დღეს სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და ზოგიერთი მათგანი განადგურების რისკის წინაშე დგას,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

 

“22 ოქტომბერს, შემთხვევის ადგილზე მისული მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ და რეპრესიულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, 14 პირი კი დააკავა. თვითმხილველების განმარტებით, პოლიცია დაკავებულების მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ასევე, თვითმხილველთა განმარტებით, დაკავებულ პირებს შორის რამდენიმე ადამიანი პოლიციის მიერ სასტიკად არის ნაცემი. ნაცემია ერთი ქალბატონი, რომელმაც დაზიანებები მიიღო სახეზე,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სოფელ მოხეში განვითარებულმა მოვლენებმა სისტემური ხასიათის პრობლემა გამოავლინა, რომელიც რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო-ნაგებობების რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობას უკავშირდება.

 

დაპირისპირება სოფელ მოხეში 18 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ყოფილი მეჩეთის ტერიტორიაზე, გამგეობის გადაწყვეტილებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშები გამოჩნდნენ შენობის დემონტაჟისა და მისი კულტურის სახლად გადასაკეთებლად. ამან 22 ოქტომბერს ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგაც პოლიციამ 14 პირი დააკავა.  ამჟამად მეჩეთის შენობა ადგილობრივი გამგეობის ბალანსზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი