ახალი ამბები

კორძაიას თქმით, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს მოხეში პოლიციელებისგან მოქალაქეების ცემის ფაქტი

23 ოქტომბერი, 2014 • • 1473
კორძაიას თქმით, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს მოხეში პოლიციელებისგან მოქალაქეების ცემის ფაქტი

“შემზარავია, როდესაც მოხუცი ქალის ფოტოს ხედავ, რომელსაც დაზიანებები აქვს სახეზე და ამბობს, რომ ეს დაზიანებები პოლიციელმა მიაყენა. შეუძლებელია ამ ასაკის ადამიანმა წინაააღმდეგობა გაუწიოს პოლიციელს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საკითხის შესწავლა სცდება შსს-ს უფლებამოსილებას და პროკურატურამ უნდა შეისწავლოს უფლებამოსილების/ძალის გადამეტების საკითხი”, – აცხადებს კორძაია.

 

გამოცემა “სამხრეთის კარიბჭემ” 22 ოქტომბერს გაავრცელა სოფელ მოხეში მცხოვრები 59 წლის შურა მიქელაძის ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქალს ცხვირი აქვს დაზიანებული და ამბობს, რომ პოლიციელმა დაარტყა: „მივედი ჩემი მეჩეთის დასაცავად, მინდა, რომ ჩვენი სამლოცველო გვქონდეს. ამის გამო დავაშავე რამე?! დავინახე რომ კაცს კლავდნენ და იქით გავიქეცი. პოლიციელმა რომ ჩამარტყა, მახსოვს. ფორმა ეცვა, მეტი აღარაფერი მახსოვს, დავეცი, გავითიშე, რა დროს წამომიყვანეს მოხიდან, არ გამიგია“, – ამბობს შურა მიქელაძე, რომელსაც „სამხრეთის კარიბჭე“ საკუთარ სახლში ესაუბრა.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 22 ოქტომბერს ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიწყო შენობის დემონტაჟი, სადაც ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, ადრე იყო მეჩეთი და შემდეგ საბჭოთა პერიოდში მოხდა მისი გადაკეთება კლუბად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ეს შენობა მიტოვებული იყო, რომელშიც ახლა გამგეობამ ბიბლიოთეკის მოწყობა გადაწყვიტა, რასაც ადგილობრივი მუსლიმები ეწინააღმდეგებიან. გუშინ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას სოფელ მოხეში, სადაც პოლიციელები იმყოფებოდნენ, რომლებმაც საბოლოოდ დააკავეს 14 ადგილობრივი მოსახლე.

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

 

“აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შექმნა რელიგიათა სააგენტო სწორედ იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემები გაირკვეს. ჯერ აღირიცხოს და მერე მოხდეს ყველა რელიგიური მიმდინარეობისათვის ქონების დაბრუნდება. ეს პროცესი რომ აქტიურად და თანამონაწილეობით მიმდინარეობდეს, ასეთი სახის საპროტესო აქციები არ იქნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სააგენტომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს და იგრძნოს ის მაღალი პასუხისმგებლაობა, რაც ქვეყანაში ტოლერანტობის და თანასაწორობის უზურნველსაყოფად დაევალა”, – აცხადებს თამარ კორძაია.

 

საქართველოს პრემიერმაც დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მსგავსი საკითხების შესასწვლად შექმნა მთავრობამ რელიგიის საკითხთა სააგენტო. თავის მხრივ ამ სააგენტომ მოხეს მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: 

 

“ადიგენის რაიონის სოფელ მოხის მუსლიმურ თემს ამ პრობლემასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის ოფიციალურად დღემდე არ მოუმართავს. სააგენტოში  შემოვიდა მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის თაობაზე. საკითხის  მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის დეტალურად შესწავლა, რისთვისაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. 

 

რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოს პოზიციააა, რომ სახელმწიფოში თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველა რელიგიური  გაერთიანების უფლება და მაქსიმალურად გათვალისწინებული თითოეულის ინტერესი. რადგან აღნიშნული ძეგლის წარმომავლობა და კუთვნილება გახდა დავის საგანი ადგილობრივ ქრისტიანულ და მუსლიმ მოსახლეობას შორის, საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ კვლევასა და, შესაბამისად, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიაჩნია, რომ  პრობლემა უნდა მოგვარდეს კონსესუსის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, და მოუწოდებს მათ შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება,  რათა  პროცესების ესკალაციამ არ  დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი