კომენტარი

ბაია პატარაია: 126–ე მუხლის გამკაცრება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობას შეამცირებს

22 ოქტომბერი, 2014 • 3971
ბაია პატარაია: 126–ე მუხლის გამკაცრება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობას შეამცირებს

“თუ ოჯახში ძალადობის პირველივე, ყველაზე მსუბუქ შემთხვევაშც კი ჩვენ გვექნება თავისუფლების აღკვეთა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრმა ქალმა შეიძლება თავი შეიკავოს პოლიციისთვის მიმართვაზე, იმიტომ, რომ შეეშინდეს, რომ ეს ავტომატურად გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას მისი მეუღლისათვის,”– თქვა ბაია პატარაიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას მას შემდეგ, რაც შსს–ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ოქროპირიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მომზადებულია კანონპროექტი, სადაც 1261 მუხლით გათვალისწინებულ სანქციებს თავისუფლების აღკვეთა დაემატება.

 

ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის (ოჯახში ძალადობა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე.

 

ბაია პატარაია თვლის, რომ ეს მუხლი პრევენციულ ხასიათს ატარებს და დაიწერა იმისთვის, რომ ოჯახური ძალადობის ის ფორმა, რომელსაც არ მოყვება სხეულის ნაკლებ მძიმე, ან მძიმე დაზიანება და  ფსიქოლოგიური ძალადობა, კრიმინალიზებული იყოს. მაგრამ, მისი თქმით, ეს პირველივე გამოვლინებაზე ადამიანის დაპატიმრებას არ უნდა იწვევდეს.

 

“ადამიანი, რომელსაც ეს მუხლი ექნება, ნასამართლეობაც ექნება, სასამართლო პროცესს გაივლის, პროკურორს, დაკითხვებს და ჩვენი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი რჩება გარეთ, მასზე სანქცია ვრცელდება გამასწორებელი სამუშაოების სახით და სერიოზული პრევენციული გავლენა აქვს მასზე ამ მუხლის მუშაობას.  გამოდის, რომ შეიძლება ეს პრევენციული ხასიათი დაეკარგოს ამ მუხლს და ასევე, ძალაინ შემცირდეს მომართვიანობა,”– თქვა მან.

 

ბაია პატარაია ამბობს, რომ მისთვის კანონპროექტის ასეთი რედაქცია მიუღებელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი