ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრების გაგრძელების მნიშვნელობაზე დეპუტატებს ესაუბრა

22 ოქტომბერი, 2014 • • 1100
ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრების გაგრძელების მნიშვნელობაზე დეპუტატებს ესაუბრა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აბაშიძე-კარასინის არაფორმალურ დიალოგის დადებით მხარეებზე დღეს, 22 ოქტომბერს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა. 


“გაჩნდა კითხვები, უფრო ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ამ ფორმატმა თავისი თავი ამოწურა. არის რაღაც სხვა საჭირო. აქ ყველაფერი განიხილება გარდა იმისა, რაზეც მსჯელობენ ჟენევაში. თუ რაიმე უკეთესი ფორმატი იქნება შემოთავაზებული, ვიფიქროთ. ვიფიქროთ იმაზეც, რუსეთის მხარე თუ დათანხმდება სხვა ფორმატზე. ჩვენი გადაწყვეტილება საკამრისი არ არის. ისინიც უნდა დავაჯეროთ, რომ სხვა ფორმატი ჯობია,”- განაცხადა აბაშიძემ.  

 

მისივე თქმით, რუსეთთან კომუნიკაციის ერთადერთი არხი, რომელიც დღეს ამ ფორმატის სახით არსებობს, არ უნდა შეწყდეს. 

 

“გარდა იმისა, რომ ამ ფორმატში ჩვენ კონკრეტულ საკითხებს განვიხილავთ, ვაჭრობა, ეკონომიკა და ა.შ. ეს არის კომუნიკაციის არხი. ამიტომ კომუნიკაციის გაწყვეტა მეზობელთან, რამდენადაც რთული ურთიერთობები არ უნდა გქონდეს, არის ალოგიკური. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც რაღაც ფორმით რუსეთთან პრობლემა არ ჰქონდეს. უკრაინასაც კი არ გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. დამთავრდა ომი და ადრე თუ გვიან გიწევს მეზობელთან საუბარი. ამას საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც მუდმივად მოუწოდებდნენ. არაფორმალური დიალოგი რუსეთთან ამ ეტაპზე კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა. ძალიან ბევრი საკითხი გროვდება შეხვედრიდან შეხვედრამდე განსახილველი. კომუნიკაციის შეწყვეტაში ვერ ვხედავ ფილოსოფიას, ვინაიდან 2-3 თვეში ისევ გახდება ის საჭირო. ემოციური და ინფანტილური მიდგომით რუსეთს ვერ დავსჯით, ამით რუსეთი ტანკებს არ გაიყვანს ქვეყნიდან და კონკრეტულ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ.”

 

აბაშიძე ამბობს, რომ როდესაც ამ ტიპის [აბაშიძე-კარასინის შეხვედრები] დიალოგს იწყებდა ქვეყანა, მთავრობა მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ ზედმეტი მოლოდინი არ ჰქონოდა საზოგადოებას, განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში, და რომ დიალოგი იქნებოდა ხანგრძლივი და რთული. 

 

თუმცა, “დიალოგის სირთულის” მიუხედავად, პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საკუთარ მიღწევებზე მაინც საუბრობს. 

 

“ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსეთს, განცხადებების მიუხედავად, პრობლემები არ შეუქმნია საქართველოსთვის და ეს თავისთავად არ მომხდარა. ეს არის სერიოზული შედეგი. როცა მეკითხებიან, რა არის შედეგი ამ ფორმატის შეხვედრის, ვეუბნები, რომ შედეგი არის კონკრეტული და ციფრებს ვერსად გაექცევი. 28 მილიონი ბოთლი ღვინო და 4 მილიონი კონიაკი გავიდა რუსეთში ექსპორტზე. ასევე შევთანხმდით რეგულარულ რეისებზე. იგეგმება ბიზნესმენების შეხვედრა ნოემბერში. რაც შეეხება საკითხს ვიზებთან დაკავშირებით, მათი განცხადებით, ეს საკითხი განხილული უნდა იყოს მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების შემთხვევაში, რაც ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის არ არსებობს. გარდა ამისა, რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოს 22 ათას მოქალაქეს მისცეს რუსეთის ვიზა, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება რთული იქნება,”- განაცხადა აბაშიძემ.


აბაშიძის დღევანდელ დაახლოებით ნახევარსაათიან გამოსვლას მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომლებიც რუსეთთან აღნიშნული ფორმატის დიალოგის გაუქმებას ითხოვდნენ, არ დასწრებიან. 


საპარლამენტო უმცირესობამ აბაშიძე -კარასინის არაფორმალური დიალოგი კითხვის ქვეშ მას შემდეგ დააყენა, რაც რუსეთის მიერ მომზადებული რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გამოქვეყნდა.


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ რამდენიმე დღის წინ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას შორის დაგეგმილი ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების თაობაზე, რომელმაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, წერია, რომ “აღნიშნული ხელშეკრულება ყოველგვარ საფუძველს აცლის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ ნებისმიერ სპეკულაციას და მოლაპარაკებათა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაგრძელებას.”


რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმების პროექტის გამოქვეყნების შემდეგ რუსეთთან დიალოგის აღნიშნული ფორმატის გაგრძელება ეჭვქვეშ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თედო ჯაფარიძემაც დააყენა და ზურაბ აბაშიძეს პრაღაში ბოლო გამგზავრებამდე [სადაც ის გრიგორი კარასინს უნდა შეხვედროდა], კოლეგებს ურჩია თავი შეიკავონ აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობისგან.


თუმცა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. 

 

“დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ყოველთვის სჯობია ოპონენტთან ისაუბრო, ვიდრე ებრძოლო. მაგრამ არის ხოლმე პერიოდი, როდესაც ტემპერატურას უნდა აუწიო. ზოგჯერ მძაფრი მოძრაობაა საჭირო, რომ ოპონენტთან შენი პოზიცია დააფიქსირო. ძალიან კარგია, რომ არის ვაჭრობა და ამ მხრივ ფონი იქმნება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არის მეორე რეალობა,”- განაცხადა თედო ჯაფარიძემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ უპასუხა, რომ “მთავარ კონფლიქტებზე საქართველოს მხარე ჟენევაში საუბრობს, ხოლო დანარჩენ საკითხებზე – ამ ფორმატში.” 


ზურაბ აბაშიძის განმარტებითვე, პრაღაში კარასინთან გამართული ბოლო შეხვედრა ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც მომდევნო შეხვედრის სავარაუდო თარიღი მხარეებს არ დაუგეგმავთ. ამ საკითხზე პასუხი დღესაც არ არსებობს. 


“მწვავე საუბარი გვქონდა კარასინთან აფხაზეთ რუსეთის შეთანხმების პროექტზე. მუშტებს არ ვუქნევდით ერთმანეთს, მაგრამ მწვავე იყო ძალიან,”- განუცხადა დღეს აბაშიძემ დეპუტატებს. 

 

ვიანიდან აფხაზეთის საკითხის განხილვას კარასინთან დიალოგის ფორმატი არ ითვალისწინებდა, როგორც მხარეებმა განაცხადეს, ბოლო შეხვედრაზე გამონაკლისი იყო დაშვებული, ვინაიდან საქართველოსთვის ეს საკითხი ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული აღმოჩნდა. 

 

სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე არაფორმალური დიალოგი რუსეთმა და საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად დაიწყეს. პირველი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძემ შორის 2012 წლის 14 დეკემბერს შვეიცარიაში შედგა და მას შემდეგ სხვადასხვა პერიოდულობით იმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი