ეკონომიკა

ელჩი: ყაზახეთის საბაჟო კავშირში შესვლამ საქართველოს პორტებს ტვირთბრუნვა შეუმცირა

22 ოქტომბერი, 2014 • • 2002
ელჩი: ყაზახეთის საბაჟო კავშირში შესვლამ საქართველოს პორტებს ტვირთბრუნვა შეუმცირა

ყაზახეთი, რუსეთსა და ბელორუსთან ერთად, “ევრაზიის საბაჟო კავშირის” წევრია. ამ ფაქტორმა ხელი ხომ არ შეუშალა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო და ბიზნესურთიერთობებს?


“საბაჟო კავშირი” გვაძლევს საკმაოდ დიდ უპირატესობას. ვაჭრობისას ჩვენ არ ვიხდით გადასახადებს და აქციზს. საბაჟო კავშირის პრინციპია თავისუფალი ვაჭრობა. ხდება ტვირთის, კაპიტალის და სამუშაო ძალის თავისუფალი გადადგილება ყაზახეთიდან რუსეთში და ბელორუსში. შედარებისთვის, თუ 2006 წელს 12 მლნ ტონა ნავთობპროდუქტი ბათუმის პორტის მეშვეობით გადავზიდეთ, ახლა 2014 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5 მილიონი ტონაა. ნავთობპროდუქტების გადაზიდვები ამ მიმართულებით მკვეთრად შემცირდა, იმიტომ, რომ ნავთობკომპანიები გადაერთვნენ ე.წ. ჩრდილოეთის პორტებზე რუსეთის გავლით, რაც მათთვის უფრო მომგებიანია. იგივე ეხება ხორბალს. ყაზახეთიდან, კასპიიდან აზერბაიჯანის გავლით ხორბლის შემოტანა ხდებოდა საქართველოში, ახლა ეს წამგებიანია, რადგან საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს განსხვავებული სარკინიგზო ტარიფები. რუსეთის პორტ “ნოვოროსიისკიდან” გაცილებით იაფია საქართველოში ხორბლის შემოტანა. აი, ეს არის “საბაჟო კავშირში” ვაჭრობის პრინციპი. ამიტომ ყაზახეთს “საბაჟო კავშირმა” გაუხსნა 170 მილიონიანი ბაზარი.


რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს?  

 

გადაზიდვების და ვაჭრობის შემცირების მიზეზი არის საქართველოსთან ერთიანი სავაჭრო სივრცის არარსებობა. ეს არის მთავარი ბარიერი. საქართველოს სამიზნე არის ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ამ არჩევანს. ბოლო 4–5 წელიწადში ყაზახური ნავთობკომპანიები გადავიდნენ რუსეთში. როცა საქართველოსთან არ გაქვს ერთიანი ეკონომიკური სივრცე, ეს თავისთავად არის დიდი მინუსი. 2013 წელს ყაზახმა მეწარმეებმა რუსეთის ეკონომიკაში ჩადეს 1 მილიარდ 300 მოლნ დოლარის ინვესტიცია. რუსებმა ყაზახეთში 999 მლნ დოლარი ჩადეს. 2014 წელს ეს ციფრი კიდევ გაიზრდება, იმიტომ, რომ გვაქვს ერთიანი ეკონომიკური სივრცე. ვუყურებ სტატისტიკას და საქართველოსთან ტვირთბრუნვა მცირდება. დღეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის 130 მლნ აშშ დოლარია ტვირთბრუნვა. უფრო მეტი შეგვიძლია. პირველ რიგში, რკინიგზისთვის უნდა შევიმუშავოთ ერთიანი სატარიფო პოლიტიკა ყაზახეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის. ჩვენ არ გვაქვს საერთო საზღვარი. უნდა გადავლახოთ კასპის ზღვა, აზერბაიჯანის ტერიტორია და ასე მოხვდება საქართველოში ჩვენი ტვირთი. ამ შემთხვევაში ერთიანი ტარიფის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ის არის, რომ ყაზახური ინვესტიციები საქართველოში უნდა იყოს დაცული. ბიზნესკლიმატით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა, მაგრამ იყო პრობლემები: ყაზახურმა კერძო ინვესტორებმა არ დაკარგეს ინვესტიციები, თუმცა ჩამოართვეს ლიცენზიები. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი საერთაშორისო სასმართლოში. არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან ნებისმიერი კომენტარი შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად. 


პრობლემა მხოლოდ თავისუფალი სავაჭრო სივრცის არარსებობაა, თუ არის სხვა ბარიერებიც? 


საქართველომ სავიზო პოლიტიკა გაამკაცრა. 90 დღე შეუძლია ვიზიტორს იყოს ქვეყანაში. ეს, ბუნებრივია, აისახება ინვესტორების განწყობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხს გადახედავს მთავრობა და დაბრუნდება სტატუს-კვო. საქართველოსთვის ინვესტორების მოზიდვა არის პირველი ამოცანა. პირველ რიგში, მომსახურების სფეროში და ტურიზმის სექტორში. ყაზახ ინვესტორებს აინტერესებთ საქართველოში ტურიზმის სექტორი.   

 

თქვენ აცხადებთ, რომ  პატივს სცემთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მიმართებაში. როგორ ხედავთ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას “საბაჟო კავშირთან”? 


საქართველომ ინტენსიუარდ უნდა ითანამშრომლოს “საბაჟო კავშირის” ქვეყნებთან. იმიტომ, რომ 21–ე საუკუნე არის კონკურენციის საუკუნე გაყიდვების ბაზრებისთვის. გადარჩება მხოლოდ ის ქვეყანა, რომელიც არის მსხვილ, ინტეგრირებულ ეკონომიკურ გაერთიანებაში. საქართველოს კიდევ ბევრი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ვიდერე ეს მოხდება, საჭიროა ინტენსიური სავაჭრო ურთერთობა ყაზახეთთან, რუსეთთან.


ჩვენს ქვეყანაში მესამედ იმართება საქართველო–ყაზახეთის ბიზნეს–ფორუმი. როგორც ჩანს, ყაზახ ინვესტორებს აინტერესებთ საქართველოში კაპიტალდბანდება. 2015 წელს რა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებთ?


ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. ეს სხვა მოედანზე განხილვის თემაა. სჯობს მოვიცადოთ და დაველოდოთ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ასტანაში, რომელიც მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართება. ვისაუბრებთ ახალ გეგმებზე და პრობლემებზე. 


რაც შეეხება პრობლემებს, “ყაზტრანსგაზში” ისევ ვერ შევიდა ყაზახური მენეჯმენტი, ყაზახეთის პრესა წერდა, რომ “ბითიეი ბანკის” საქართველოს ფილიალიდან დედა კომპანიამ წილი გაიტანა. ისაუბრებთ თუ არა ამ პრობლემებზე ირაკლი ღარიბაშვილთან და ამ პრობლემების ფონზე რამდენად არის დაცული ყაზახური კაპიტალი საქართველოში?  


თანდათან ვაგვარებთ ბევრ პრობლემას. ვართ მუდმივ კონტაქტზე სახელმწიფო ორგანოებთან. შევხვდით რამდენჯერმე ვიცე–პრემიერს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. ის ეხმარება ყაზახურ მხარეს, რომ მოაგვაროს პრობლემები. 12 ნოემბერს ყაზახეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არის საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი თბილისიდან იმისთვის, რომ ყაზახურ–ქართული ბიზნესურთიერთობები გავიდეს ახალ პლატფორმაზე. “ყაზტრანსგაზში” ჩვენი მენეჯმენტი უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ეს მოლაპარაკების საგანია. ამ საკითხში ჩართული ჯგუფები არიან მუდმივ კონტაქტზე და იმედი მაქვს, ეს თემა მალე გადაწყდება. “ლიკანის” პროექტისთვის 2014 წლის აპრილში 15 მლნ 340 ათასი აშშ დოლარი გამოვყავით, იმისთვის, რომ 2014 წლის ბოლოს “ბორჯომი–ლიკანის” პროექტი დასრულდეს. რაც შეეხება “ბითიეი ბანკს”, ყაზახეთში სათაო ბანკის დამფუძნებლებმა ქართულ მხარესთან მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი. მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას. ეს საბანკო საიდუმლოა და საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. რადგან ეს საკითხები მოგვარდა ყაზახები, გააგრძელებენ საქართველოში ინვესტირებას. 


საქართველოში რა სექტორებში გეგმავენ ყაზახი ინვესტორები კაპიტალის განთავსებას?  


ყაზახეთის ბიზნესი “საბაჟო კავშირშიც” კი “ვიწროდ” გრძნობს თავს. ჩვენ დიდი იმედით და კეთილგანწყობით ვუყურებთ საქართველოს, რომელმაც ხელი მოწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ჩვენი მეწარმეები არიან დაინტერესებული საქართველოს სოფლის მეურნეობით და სხვა სფეროებითაც. იმისთვის, რომ აქ დააარსონ ერთობლივი საწარმოები. საქართველოს დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ დიდ ევროპულ ბაზარზე, სადაც მოსახლეობის რაოდენობა არის 450 მილიონი. ამისთვის ორი მაგალითი მინდა მოვიყვანო: ყაზახმა მეწარმემ მედიით შეიტყო, რომ ანაკლიაში შენდება ახალი პორტი. ჩამოვიდა საქართველოში, შეხვდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მოაწერა ხელი კონტრაქტს და მზად არის ააშენოს ქარხანა, რომელიც დღე–ღამეში 500 ტონა ბეტონს აწარმოებს. ინვესტორი ბონუსის სახით მზადაა ააშენოს საავადმყოფო და სკოლა ზუგდიდში. მეორე მეწარმეს აქტიურად აინტერესებს სოფლის მეურნეობის სექტორი და მისი პერსპექტივები. თუ შევქმნით ერთობლივ საწარმოებს, ეს მოგვცემს შესაძლებლობას ევროკავშირის ბაზარზე გავიდეთ.


ყაზახეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ასტრახანში ვიზიტისას განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო ზონა კასპიის ზღვის ქვეყნებისთვის. რატომ დაიწყო ოფიციალურმა ასტანამ ამ პროექტზე ფიქრი? 


5 ქვეყანა არის კასპიის ზღვასთან დაკავშირებული. საქართველოს არ აქვს თავისუფალი გასასვლელი კასპიის ზღვაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს მეწარმეებისთვის საინტერესო იქნება ასეთი პერსპექტივა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სამხრეთ კავკასიაში, რომ საქართველოს გავლით გავიდეთ შავ ზღვაზე. ჩვენ  ვართ მე–9 ქვეყანა მსოფლიოში ტერიტორიით, თუმცა არ გვაქვს გასასვლელი ზღვაზე. მაგრამ 40-წლიანი იჯარით ბათუმის პორტი აქვს “ყაზმუნაი გაზს”, რისთვისაც საქართველოს მადლობა. ზემოთ ნახსენები პროექტის იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ჩვენ გვავს სტრატეგია 20/50, რომლის თანახმადაც ყაზახეთი უნდა შევიდეს მსოფლიოში ყველზე განვითარებული ქვეყნების 30–ში. ვფიქრობ, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. 

ერმუხამედ ეთისბაევი
ერმუხამედ ეთისბაევი

მასალების გადაბეჭდვის წესი