აფიშახელოვნება

პროექტის „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ ვეფხიტყაოსანს” პრეზენტაცია

21 ოქტომბერი, 2014 • 2907
პროექტის „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ ვეფხიტყაოსანს” პრეზენტაცია

გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს მწერალთა სახლის საგამოფენო დარბაზში 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე და 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე – უმცროსებისთვის.

გამოფენა-პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ბავშვების მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი ნახატ-ილუსტრაციები; ბავშვებთან მუშაობის პროცესის ამსახველ დოკუმენტურ ფილმს (ექსპედიციები საქართველოს კუთხეებში, 20 წთ). ასევე, ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები ანიმაციური ფილმიდან „ვეფხისტყაოსანი” (9 წთ).

პროექტს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სტუდია “ტელევეზირის” შემოქმედებითი ჯგუფი ახორციელებს. ტელევეზირი 1993 წლიდან მუშაობს ბავშვების გაცოცხლებული ნახატებით ანიმაციური ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების შექმნაზე, აგრძელებს პროექტს „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ “ვეფხისტყაოსანს”.

„ტელევეზირმა“ წელს არაერთი ქალაქი და სოფელი მოიარა. ბავშვები შემოქმედებით ჯგუფთან  ერთად კითხულობდნენ და სწავლობდნენ „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს, ხატავდნენ  პოემის ცალკეულ სცენებს. ასე შეიქმნა კიდეც მათი თვალით დანახული პოემის გმირების მთელი გალერეა – თინათინი, ტარიელი, როსტევანი, ნესტანი, ავთანდილი და სხვები.

2014 წელს შემოქმედებითმა ჯგუფმა  სოფელ შავშვებსა და წეროვანში, დევნილ ბავშვებთანაც იმუშავა. იყვნენ ჯავახეთშიც, სადაც ადგილობრივმა სომეხი ეროვნების ბავშვებმაც ისწავლეს „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები;  ქვემო ქართლში, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კი „ვეფხისტყაოსანზე“ შეყვარებულ ბავშვებს აზერბაიჯანელი პატარებიც მიემატნენ.

2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 900-ზე მეტი ბავშვი ჩაწერეს. პოემის სიუჟეტის ამსახველი 5000-ზე მეტი ნახატი დაიხატა. ექსპედიციები გრძელდება. როგორც პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, ნოდარ ბეგიაშვილი ამბობს, პროექტი ეწვევა ტაო-კლარჯეთს, ფერეიდანსა და საინგილოს.

დაგეგმილია რადიო და სატელევიზიო გადაცემების ციკლის მომზადება, რათა უფრო მეტი ბავშვი ჩაერთოს ამ პროექტში. დეკემბერში კი „ტელევეზირი“ რუსთველოლოგების კონფერენციაზეა ვარშავაში მიწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი